The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე

კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე
Other name:მესხი  (Changed name)
Date of birth:20 September, 1867
Date of death:13 September, 1943  (at 75 years)
Burial location:ახალციხე
Category:Educator, Public Figure

Biography

  კონსტანტინე გვარამაძე დაიბადა 1867 წელს ახალციხეში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ეთნოგრაფის, მწერალ-პუბლიცისტისა და მასწავლებლის ივანე გვარამაძის ოჯახში.

   დაწყებითი განათლება მან ახალციხის სასულიერო სკოლაში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ სახალხო მასწავლებლად მომზადება გადაწყვიტა და ორწლიანი პედაგოგიური კურსები დაამთავრა.

   21 წლის კონსტანტინემ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. იგი ენერგიულად განაგრძობდა მამის მიერ დაწყებულ საქმეს, სწავლობდა ეთნოგრაფიულ–არქეოლოგიურ და ფოლკლორულ მასალებს. როცა აკაკი წერეთელმა თავისი ყოველთვიური "კრებულის" გამოცემა განიზრახა, რომელშიც ხალხურ შემოქმედებას დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი, კონსტანტინე გვარამაძე აღფრთოვანებული გამოეხმაურა ამ წამოწყებას. "აკაკის კრებულში" ხშირად იბეჭდებოდა მისი შეგროვებული ხალხური ლექსები და ამ თემასთან დაკავშირებული სხვა მასალები.

  კონსტანტინე გვარამაძის კორესპონდენციები და მის მიერ შეგროვებული ფოლკლორული მასალები ხშირად იბეჭდებოდა საყმაწვილო ჟურნალებში "ჯეჯილსა" და "ნაკადულში", აგრეთვე თანამშრომლობდა ჟურნალ "კვალში". მას გამოქვეყნებული აქვს წიგნები: "მესხური ხალხური ლექსები", "მესხური ანდაზები და გამოცანები", "სარკე გურულთა ცხოვრებისა ანუ გურულთა დახასიათება–ჩვეულებანი მოკლე ნაწყვეტების დამატებით", "აბესალომ და ეთერი", "ცნობანი საქართველოში მოგზაურთათვის", "სამიჯნურო ლექსები, მესხეთში შეკრებილი" და სხვა. 

   სხვადასხვა დროს კონსტანტინე გვარამაძე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ართვინში, მაკვანეთში, ხიზაბავრაში. მის სახელს უკავშირდება ახალციხეში თეატრალური დასის ჩამოყალიბება, უფასო საავადმყოფოს, ქართული წიგნების მაღაზიისა და არქივის დაარსება. მისი ინიციატივით ბიბლითეკები გაიხსნა მაკვანეთსა და ხიზაბავრაში.

    1909 წელს  კონსტანტინე გვარამაძე იყო ახალციხის მაზრაში "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" განყოფილების შექმნის ინიციატორი და ყოველწლიურად იხდიდა სამ–სამ მანეთს. 1914 წლიდან აქტიურად იყო ჩაბმული "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ახალციხის განყოფილების მუშაობაში. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ახალციხეში სამაზრო მუზეუმის დაარსებაში.

    თავის დროზე კონსტანტინეს მამამ მისივე შეგროვილი ექსპონატებით მოაწყო საოჯახო მუზეუმი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეუდარებელ სამსახურს უწევდა როგორც ქართველ მეცნიერებსა და მკვლევარებს, ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სწავლულებსა და მოგზაურებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ივანე გვარამაძის საოჯახო მუზეუმისა და გაუქმებულ ეკლესია-მონასტრებში შეკრებილი მასალები დაედო საფუძვლად 1921 წელს ახალციხეში სამაზრო მუზეუმის დაარსებას. შენობის არ არსებობის გამო აღნიშნული მუზეუმი 1924 წელს გაუქმდა და ექსპონატები სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა. 1937 წელს კონსტანტინე გვარამაძის უდიდესი ძალისხმევითა და მცდელობით სამაზრო მუზეუმის ბაზაზე ქ. ახალციხეში კვლავ გაიხსნა მუზეუმი, მხარეთმცოდნეობის პროფილით.

   1930 წელს კონსტანტინე გვარამაძეს ახალციხეში საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადეს. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი იყო მესხეთის მუზეუმის მეცნიერ–თანამშრომელი და ამ მხარის სიძველეთა დაცვის რწმუნებული.

   თავისი ქვეყნისა და ხალხის მოტრფიალე ვალმოხდილი მოხუცი, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1943 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ ქალაქ ახალციხეში თავისი მამის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ახალციხის განყოფილების წევრი (1909-1914)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ახალციხე

Share: