The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია

თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია
Date of birth:20 April, 1854
Date of death:4 November, 1916  (at 62 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Historian, Educator, Public Figure

Biography

    თედო ჟორდანია დაიბადა 1854 წლის 20 აპრილს (ძვ.სტ.) სოფელ მოქვში მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მოქვის სკოლაი მიიღო.

    1868 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1875 წელს წარჩინებით დაასრულა. ამის გამო იგი იმავე წელს სახელმწიფო ხარჯით მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგზავნეს.

    1879 წელს მოსკოვის აკადემიის დამთავრებისთანავე თედო ჟორდანია სამშობლოში დაბრუნდა და დანიშნული იქნა თბილისის სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად.

   1884 წელს თედო გადაჰყავთ თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული სიტყვიერების მასწავლებლად. სემინარიაში ქართული ენის დევნასა და შევიწროებას სისტემატური და თანმიმდევრული ხასიათი ჰქონდა, რასაც გაბედული და აქტიური სემინარიელები მედგარ ბრძოლას უცხადებდნენ. რასაკვირველია, ამ საქმეში მათ თავისებური ტაქტითა და დიპლომატიური მიდგომით თედოც გვერდზე ედგა, რამაც შედეგი გამოიღო და შტატგარეშე დარჩენილი ქართული სიტყვიერების კათედრა აღადგინეს, რომელსაც როგორც გამგე და მასწავლებელი თავად თედო ჟორდანია ჩაუდგა სათავეში. ამით მან ნიადაგი გაიმყარა, რომ უფრო ნაყოფიერი ყოფილიყი მისი სანუკვარი ოცნება - ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიის სწავლება და ძველი ხელნაწერებისა და ისტორიული სიგელ-გურჯების შეგროვება. ეს დიდი ეროვნული საქმე მას დიდი ხანია დაწყებული ჰქონდა და ამ საქმეში თავის მოსწავლეებსაც იყენებდა. ასე შეაგროვა თედო ჟორდანიამ ის უამრავი ისტორიული და ლიტერატურული ძეგლი, რომელთა უმრავლესობა ამჟამად ჩვენი საარქივო ფონდების უნიკალურ მასალათა საცავებს ამდიდრებენ. სემინარიაში მისი მოსწავლეები იყვნენ: ლეონიდე, დავით და ანტონ ეპისკოპოსები, თედო სახოკია, იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე, კორნელი კეკელიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და სხვა შემდეგში გამოჩენილი სასულიერო თუ საზოგადო მოღვაწეები.

    სემინარიის ადმინისტრაციამ ჟორდანიას საქმიანობა უსარგებლოდ მიიჩნია და 1896 წელს იგი „დააწინაურეს“ და მისი სურვილის წინააღმდეგ გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების მეთვალყურედ გადაიყვანეს, ხოლო 1904 წლიდან იმერეთის საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ გაამწესეს. მიუხედავად შევიწროებისა, იგი აქაც ენერგიულად მუშაობდა ქართული ენის დაცვისათვის და მიზანსაც აღწევდა.

   საქართველოს საისტორიო საბუთების დაუღალავ შემგროვებელსა და აღმწერს, ქართული „მართლუბნობისა“ და მართლწერის კანონების შემმუშავებელს, გრამატიკის შემდგენელსა (1889 წ.) და მისი სწავლების ბოლომდე დამცველს, დავით გურამიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების პირველ მკვლევარს, კრიტიკოსსა და შემფასებელს, საქართველოს წარსული ცხოვრების უმთავრესი ქრონიკების დამდგენსა და ავტორს იმ დიდტანიანი შრომებისა (I და II ტ.), რომელთა განსაკუთრებული და უაღრესი მნიშვნელობა უდავოა ქართულ ისტორიოგრაფიაში, რასაკვირველია, ილია ჭავჭავაძე დიდ პატივს სცემდა და მის ყოველ ახალ ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის შრომებს ფართო ადგილს  უთმობდა თავის გაზეთ „ივერიაში“.

    თედო ჟორდანიას დიდი სურვილი იყო დაემთავრებინა „ქრონიკის“ მესამე ტომი და თუ დაბეჭდილი არა, გამზადებული მაინც ეანდერძა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ მისი ეს განზრახვა შეუსრულებელი დარჩა. იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1916 წელს გარდაიცვალა. ქართულმა საზოგადოებამ ღირსეულად შეაფასა მისი ღვაწლი და სამუდამო განსასვენებელი მიუჩინა ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1900)

Bibliography


Share: