The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი

მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი
Date of birth:19 March, 1855
Date of death:19 April, 1934  (at 79 years)
Burial location:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Ethnologist, Linguist, Historian, Educator, Publicist

Biography

       მოსე ჯანაშვილი დაიბადა1855 წელს ისტორიულ ჰერეთში, საინგილოს სოფელ კახში.1865 წელს კახის სამრევლო სკოლაში მიაბარეს, ხოლო შემდეგ ზაქათალის სამაზრო სკოლაში განაგრძო სწავლა, რომელიც დაასრულა 1872 წელს.

       მშობლებს დიდი სურვილი ჰქონდათ მისთვის სასულიერო განათლება მიეცათ და ამ მიზნით თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს. მოსემ სემინარია ბოლომდე არ დაამთავრა და სწავლა გიმნაზიაში განაგრძო, რომლის დამთავრების შემდეგ პედაგოგობას მიჰყო ხელი. პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო ჯერ ქუთაისის მ. პეტრიაშვილის პანსიონში,  ხოლო შემდეგ პროგიმნაზიაში. 1878 წელს მოსე ჯანაშვილმა დატოვა ქუთაისი და თბილისში გადმოვიდა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ რეალურსა და წმ. ნინოს სასწავლებელში, ქალთა მეხუთე და ვაჟთა მეხუთე გიმნაზიებში, მიწის მზომელთა სასწავლებელში და ბოლოს 1920 წლიდან ქართული ენის ლექტორად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

    მოსე ჯანაშვილი მრავალი საინტერესო სამეცნიერო შრომის ავტორია. მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა ქართული ლიტერატურის ისტორია, ქართული ენა, ეთნოგრაფია, საქართველოს ისტორია და ნუმიზმატიკა. ჯანაშვილის ბევრი ნაშრომი თარგმნილია ევროპულ ენებზე. მისსამეცნიერო მუშაობას დიდად აფასებდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევარები. ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან  ურთიერთობამ უდიდესი გავლენა მოახდინა მოსე ჯანაშვილის მსოფლმხედველობაზე. მან იმოგზაურა ქუთაისის შემოგარენში, ლეჩხუმში, რაჭაში და ფოთში. აკვირდებოდა თანამედროვეთა ყოფაცხოვრებას, დიალექტებს, ლეგენდებსა თუ თქმულებებში ჩაქსოვილ ზეპირ საისტორიო აზროვნებას. ახალგაზრდა სწავლულს ასეთი ძიება არც თბილისში დაბრუნების შემდეგ შეუწყვეტია და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად საინტერესო სტატიებს აქვეყნებდა. წერდა ქართულ და რუსულ პერიოდულ გამოცემებში. გახდა კრებული "ნაშრომის რედაქტორი, სცადა ჟურნალ "მწიგნობრის" დაარსება.

        მოსე ჯანაშვილმა წერილები მიუძღვნა: ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ნინოს საგანმანათლებლო მოღვაწეობას, ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში, ივერიის ღვთისმშობლის ხატს, აღმოსავლეთ კახეთის ტაძრებს, თომა მოციქულის მოწაფის ელისეს მისვლას გიშს, კათალიკოს ექვთიმეს (XIV ს-ის I ნახევარში) მიერ ნუხის, ჩაჩნეთის, დაღესტნის ნაწილებს, იქ არსებულ ქართული სულიერების კერების მოხილვას. რუსულად ითარგმნა მოსე ჯანაშვილის ქართული ეკლესიის სახელმძღვანელო.

    მოსე ჯანაშვილს ეკუთვნის "საქართველოს ისტორია", სადაც მკვლევარს შეჯამებული აქვს საისტორიო ძიებათა შედეგები და რომელიც ამ დარგში პირველ სახელმძღვანელო წიგნს წარმოადგენდა. სახელმძღვანელოს შექმნის იდეა ქართველთა ერთობას, მისი გამტკიცებისათვის ბრძოლას ეძღვნებოდა.

     მოსე ჯანაშვილი დროულად ითვალისწინებდა ევროპული აღმოსავლეთმცოდნეობის მიღწევებს, თანამშრომლობდა მთელ რიგ ორიენტალისტებთან. მკვლევარი ენერგიულად სწავლობდა ქართველთა დიასპორას, წმიდა მიწასა და სხვა მხარეებში არსებულ ქართული კულტურის ძეგლებს, ქართველ მოღვაწეთა ნააზრევს. აღსანიშნავია საჩაჩნოს ქრისტიანული ტაძრებისადმი მიძღვნილი მისი ნაშრომი "ქართული ენა და ქართველობა კავკასიაში". მკვლევარს დაუფასდა "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების" გამოვლენა და გამოცემა, "ქართლის ცხოვრების" თავისებური ხელნაწერის მიგნება, რომელსაც ჯანაშვილისეული ნუსხა ეწოდა.

     მოსე ჯანაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ლიტურგიკის კვლევაში. გამოიკვლია იაკობ მოციქულის "ჟამის წირვა". ასევე დასაფასებელია მისი ღვაწლი აგიოგრაფიაში. მან უდიდესი ენერგია შეალია კლასიკური საერო ძეგლების შესწავლას, სახოტბო პოეზიას, ისტორიკოსთა თხზულებებსა და ქართული კულტურის კვლევას. რუსულად თარგმნა და გამოსცა ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს გეოგრაფია". მისი გეოგრაფიული ნაშრომებიდან აღსანიშნავია თბილისის, გორის, მცხეთისა და მისი მიდამოების, არაგვის ხეობის აღწერილობა.

    მოსე ჯანაშვილმა დიდი შრომა გასწია ქართული ენის სალექსიკონო წყაროთა მოძიებასა და ენის თავისებურებათა დადგენაში. ასეთი ძიების ზოგი შედეგი შეჯამებულია მის ნაშრომში "ქართულ გრამატიკა", რომელიც 1906 წელს გამოიცა. მანვე მრავალი წელი შეალია ქართული განმარტებითი ლექსიკონის შედგენასა და სხვ. მოსე ჯანაშვილი იყო რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების წევრი და წევრ-კორესპონდენტი.  

     მოსე ჯანაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობაში. აღნიშნული საზოგადოების სიძველეთა ფონდმა მისი ინიციატივით არა ერთი და ორი შესანიშნავი ძეგლი შეიძინა და შთამომავლობას შეუნახა. მან შეისწავლა და დაამუშავა საზოგადოების კოლექციაში დაცული ძვირფასი ძეგლები. ასეთმა საქმიანობამ მას დიდი ავტორიტეტი მოუხვეჭა და 1898 წელს საეკლესიო მუზეუმის გამგედ აირჩიეს. მან მუზეუმის პირველ აღწერილობაში შეიტანა 484 წიგნის ანოტაცია, 334 დოკუმენტი. მალევე გამოიცა ხელნაწერთა აღწერილობის მეორე ტომი. მოსე ჯანაშვილი იყო მოსწავლე ახალგაზრდობის გულისხმიერი აღმზრდელი და მათ მეცნიერების სიყვარულსა და ქართული კულტურის უდიდეს პატივისცემას უნერგავდა.

    ღვაწლმოსილი მეცნიერო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თავის მშობლიურ კუთხეს - საინგილოს და ქართველ ინტელიგენციას მოუწოდებდა იქ სკოლების გახსნითა და ქართველ მასწავლებელთა გაგზავნით დახმარებოდნენ საინგილოს ქართველ მოსახლეობას. ექვთიმე თაყაიშვილის თანადგომით გამოსცა წიგნი "საინგილო“.

   დიდი მეცნიერი უაღრესად თავმდაბალი პიროვნება იყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამეცნიერო საქმიანობაში. 1934 წელს, იგი 80 წლის ასაკში ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

Member of Organizations

  • საქართველოს საეთნოგრაფიო საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1930-)
  • საქართველოს საისტორიო საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1930-)
  • საქართველოს ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1930-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1898)

Bibliography

Contacts Information

  • Business
    Address:თბილისი, სასულიერო სასწავლებელი

Share: