The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ფილიპე იესეს ძე მახარაძე

ფილიპე იესეს ძე მახარაძე
Date of birth:9 March, 1868
Date of death:10 December, 1941  (at 73 years)
Burial location:თბილისი, ხუდადოვის ტყე-პარკი
Category:Public official, Historian, Political Leader, Publicist

Biography

    ფილიპე მახარაძე დაიბადა 1868 წლის 9 მარტს ოზურგეთის მაზრის სოფელ კარისყურეში მღვდლის ოჯახში.

     1877 წელს, 10 წლის ფილიპე, მშობლებმა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მასთან ერთად აქ სწავლობდნენ ნოე ჟორდანია და თედორე კიკვაძე. 1884 წელს მახარაძე შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის ადმინისტრაცია ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა არ მიეცათ მოსწავლეებისთვის საშუალება აკრძალული წიგნების კითხვისა და წრეების მოწყობისა, მაგრამ სემინარიის ადმინისტრაციის რეჟიმს საწინააღმდეგო შედეგები მოჰქონდა.

     1886 წლის 24 მაისს, მოსწავლე იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა რექტორი ჩუდეცკი. ამ აქტს მოჰყვა მოსწავლეთა მასიური გარიცხვა, რომელთა სიაში იყო ფილიპე მახარაძეც. ინსპექტორის თავდებობით იგი სემინარიაში დატოვეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გარიცხეს და 1891 წელს ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა.

    1891 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და დაიწყო პროპაგანდისტული მუშაობა ვარშავის მუშებს შორის. ვარშავიდან საქართველოში სოციალ-დემოკრატიულ ლიტერატურას აგზავნიდა. 1893 წელს ვარშავის ჟანდარმერიამ  მახარაძე დააპატიმრა, ხოლო  ორი წლის შემდეგ, 1895 წელს, საქართველოში გადაასახლეს.

     1896-97 წლებში მახარაძე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ  სიღნაღის მაზრაში ცხოვრობდა  და არალეგალურად ჩადიოდა თბილისში. იგი ჩაერთო მესამე დასის საქმიანობაში და 1897-1900 წლებში დაუახლოვდა სტალინს, ალექსანდრე წულუკიძეს, ლადო კეცხოველს.    

    1901 წელს თბილისში მონაწილეობა მიიღო საპირველმაისო დემონსტრაციაში, რის გამოც კვლავ დააპატიმრეს და ერთი წელი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ  ქუთაისში ცხოვრობდა. 1903 წელს მახარაძემ მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების კავკასიის პირველ ყრილობაში.

     1905 წელს ფილიპე მახარაძე გახლდათ ფაქტობრივი რედაქტორი ჟურნალ „მოგზაურისა“. 1905 წლის დამლევს კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს მეტეხის ციხეში, საიდანაც 1906 წლის მაისში გაათავისუფლეს და ბერლინში გაემგზავრა, სადაც სერგო ორჯონიკიძეს დაუკავშირდა.

     1907 წელს მახარაძე თბილისში დაბრუნდა და  მონაწილეობა მიიღო 1905-07 წლების რევოლუციურ გამოსვლებში.  ამავე პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთ „დროსა“ და „თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურულ ბიუროში“.

      ფილიპე მახარაძეს რევოლუციური მოღვაწეობისათვის ცარიზმი დევნიდა  და არაერთხელ იყო დაპატიმრებული. 1908 წელს გადაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში, სადაც  1911 წლამდე იმყოფებოდა. 1911-13 წლებში იყო დონბასში, ხოლო 1913-14 წლებში ბაქოში და რედაქტორობდა ჟურნალ „ჩვენ წყაროს“.

    1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მახარაძე დააპატიმრეს და გადაასახლეს ყუბის მაზრაში, იქიდან ბაქოს გუბერნიაში, საიდანაც გაიქცა  და ჩავიდა ქუთაისში, ხოლო 1916 წელს  თბილისში.

    1917 წელს მახარაძე იყო გაზეთ „კავკასიელი მუშის“ და „ბრძოლის“ რედაქტორი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკურმა ბიურომ  პეტროგრადში აპრილის კონფერენციაზე გააგზავნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მახარაძემ მონაწილეობა მიიღო პარტიის სამხარეო ყრილობის მუშაობაში და პარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტის შემადგენლობაში შევიდა.

    1918 წლის მაისის დამლევს, მენშევიკური მთავრობის დამყარების დროს, მახარაძე აღმოჩნდა არარეგალურ მდგომარეობაში. ის გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც გადატანილი იყო რსდმპ კავკასიის სამხარეო კომიტეტის მთელი მუშაობა. ამ დროს ფილიპე მახარაძე თერგის ოლქის ფინანსთა კომისარი იყო. 1919 წელს ის იყო შეიარაღებული აჯანყების მზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რის გამოც დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, მაგრამ 1920 წლის თებერვალში გაიქცა, ოსეთის გავლით გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდეგ კვლავ დაბრუნდა საქართველოში.

    1921 წლის თებერვალ-მარტში, მახარაძე გახლდათ  საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 16 თებერვალს დაინიშნა საქართველოს რევკომის თავმჯდომარედ. მახარაძემ მხარი დაუჭირა საქართველოს ავტონომიას საბჭოთა კავშირში და არა ამიერკავკასიის სსრ-ს შემადგენლობაში. ამ პოზიციით იგი დაუპირისპირდა სერგო ორჯონიკიძეს. მახარაძეს ქართულ ნაციონალურ-უკლონიზმში დასდეს ბრალი და თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მახარაძე ჯერ მოსკოვში წავიდა, ხოლო დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა. ამავდროულად ის იყო მიწათმოქმედების სახალხო კომისარი და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.

    1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს იმყოფებოდა მშობლიურ სოფელში. აჯანყებულებმა იგი  დააპატიმრეს, მაგრამ ოზურგეთის მაზრის მილიციამ შეძლო მისი გათავისუფლება და გომისმთის გზით აჭარაში გადაიყვანეს.

    1929-1930 წლებში მახარაძე იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე, 1929 წლიდან საქართველოს სსრ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1931 წლიდან  საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ამავე დროს 1936 წლამდე, ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლამდე, ამ რესპუბლიკის ცაკის ერთ-ერთი თავმჯდომარე და 1938 წლიდან 1941 წლამდე საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

     ფილიპე მახარაძე გარდაიცვალა 1941 წლის 10 დეკემბერს და  დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში, ხოლო 1987 წელს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს მისი საფლავი ააფეთქეს, თუმცა მოგვიანებით, 1989 წელს ის, მიხა ცხაკაიასა და სილიბისტრო თოდრიასთან ერთად, ხუდადოვის სასაფლაოზე გადაასვენეს.

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სფსრ სახელმწიფო საგეგმო კომისია, თავმჯდომარე
  • ამიერკავკასიის სფსრ ცაკი, თავმჯდომარე
  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1903-)
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, პირველი მდივანი (1921-1923)
  • საქართველოს რევოლუციური კომიტეტი(რევკომი), თავმჯდომარე
  • საქართველოს სსრ სახკომის საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს სსრ უმაღლესი პრეზიდიუმი, თავმჯდომარე (1938-)
  • საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკი), თავმჯდომარე (1922-)
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1891-)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, თავმჯდომარის მოადგილე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1901-)

Awards and Honors

  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: