The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასო ალექსის ძე აბაშიძე

ვასო ალექსის ძე აბაშიძე
ოფიციალური სახელი:ვასილ ალექსანდრეს ძე აბაშიძე
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1854
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 1926  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი, მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ვასო აბაშიძე დაიბადა 1854 წლის 22 ნოემბერს (ძვ. სტ.)  ქალაქ დუშეთში „ტახტის აზნაურის“ ოჯახში. მამა, ალექსი აბაშიძე, დუშეთში სამაზრო სასწავლებლის ზედამხედველად მუშაობდა. დედა გახლდათ უკრაინელი ანასტასია შატკოვსკაია, რომელიც ქართული ენის საუკეთესო მცოდნე ყოფილა. ექვსი წლის ვასოს ჯერ ქართული და შემდეგ რუსული წერა-კითხვა დედამ შეასწავლა.

   1858 წელს მშობლები საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ და ვასო  სასწავლებლად თბილისის გიმნაზიაში (კეთილშობილთა სასწავლებელი) მიაბარეს, სადაც სწავლობდნენ ალექსანდრე სუმბათაშვილი და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო. 1869 წელს ალექსი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ქუთაისში გადაიყვანეს და ვასომაც სწავლა ქუთაისის გიმნაზიაში გააგრძელა, რომელიც 1872 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა.

    ვასო აბაშიძე ბავშვობიდანვე თვითგანვითარებას დაეწაფა. ქართულის გარდა იცოდა რუსული, სომხური და თათრული ენები. მოიპოვა „ქალაქისა და სამრევლო სკოლების პირველდაწყებითი სკოლების მასწავლებლის“ წოდება.  გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა მუშაობდა ქუთაისის ქართველ კათოლიკეთა სკოლაში, ხოლო შემდეგ შუშასა და ყაზახში. ჯერ კიდევ თბილისის გიმნაზიაში სწავლის დროს საოჯახო წარმოდგენებში მონაწილეობდა ალექსანდრე სუმბათაშვილსა და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან ერთად, ხოლო შემდეგ ქუთაისის სცენისმოყვარულთა სპექტაკლებში.

    1878 წელს სცენისმოყვარულებმა კოტე ყიფიანის ხელმძღვანელობით მუდმივი წრე ჩამოაყალიბეს და ვასო აბაშიძეც მიიწვიეს, ხოლო 1879 წელს, როცა ნიკოლოზ ავალიშვილის, დიმიტრი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, ალექსანდრე როინაშვილისა და პეტრე უმიკაშვილის თაოსნობით მუდმივი ქართული თეატრი აღადგინეს და ჩამოყალიბდა „ქართული დრამატული ტრუპა“, ვასომ საბოლოოდ დაუკავშირა თავისი ცხოვრება ქართულ თეატრს და პროფესიონალი მსახიობი გახდა.

    იმავე 1879 წელს ვასო აბაშიძე ახლად შემდგარი ქართული დრამატული დასის პირველ მოგზაურობაში მონაწილეობდა საქართველოს დაბა-­ქალაქებში წარმოდგენების გასამართად.  ამ მოგზაურობის დროს მან ცოლად შეირთო ქართული სცენის მშვენება - მარიამ საფაროვა.

    ვასო აბაშიძემ ქართულ სცენაზე 400-მდე სხვადასხვა ხასიათის როლი განასახიერა. იგი ყოველთვის დიდი ხელოვნებითა და სიმართლით ასრულებდა სახასიათო როლებს. საუცხოო იყო მისი აკოფა „ხანუმაში“, ზიმზიმოვი „პეპოში“, კარაპეტა „ძუნწში“, ისაია „ხათაბალაში“, ხლესტაკოვი და გოროდნიჩი „რევიზორში“, საქო „მსხვერპლში“ და სხვა მრავალი.

    ვასო აბაშიძე იყო პირველი ქართველი მსახიობი ნიჭით, ხელოვნებით და ხელობითაც. მანამდე ქართულ სცენას პროფესიონალი მსახიობი არ ჰყოლია. იგი იყო თავისებური, განუმეორებელი და არავის არ ჰგავდა. მისი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავ საიუბილეო წარმოდგენისთვის, 1887 წლის 3 მაისს, ილია ჭავჭავაძემ „ივერიაში“ საზოგადოებას მოუწოდა: „იმედია, ჩვენი საზოგადოება დააფასებს მის ამაგს, რადგან ყველამ იცის, რა ღვაწლიც მიუძღვის ამ პირველხარისხოვანს და დიდად ნიჭიერ არტისტს ქართული თეატრის წინაშე“. ვასო აბაშიძის ნიჭითა და სასცენო ხელოვნებით შთაგონებული დრამატურგები თავის პიესებში ამა თუ იმ გმირის სახეს აბაშიძის სასცენო უნარის შესაფერისად ქმნიდნენ.

    1887 წლიდან, ვასო აბაშიძემ. როგორც დრამატურგმა და პიესების მთარგმნელ-გადმომკეთებულმა, ბედი მწერლობაშიც სცადა. მან სასცენო ხელოვნების შესახებ კრებულები გამოსცა, ხოლო 1885 წელს დააარსა და საკუთარი რედაქტორობით გამოსცემდა ჟურნალ „თეატრს“, სადაც პიესებს, თეატრის შესახებ წერილებსა და რეცენზიებს აქვეყნებდა. ცენზურისგან აკრძალული წერილების დაბეჭდვის გამო აბაშიძე რამდენჯერმე პასუხისგებაშიც მისცეს, ხოლო 1886 წლიდა ჟურნალი ვალერიან გუნიას გადასცა. ვასო აბაშიძე თანამშრომლობდა „დროებაში“, „ივერიაში“, „შრომასა“ და სხვა გამოცემებში.

    ვასო აბაშიძემ  პირველმა შეადგინა ქართულ სცენაზე დასადგმელად ნებადართული პიესების სია და ამით საძირკველი დაუდო რეპერტუარის ისტორიას და ასევე ქართულ სცენაზე პირველად მან დადგა ოპერეტები.

    1913 წელს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ვასო აბაშიძე საპატიო წევრად აირჩია. მადლიერმა ქართველმა ხალხმა მას სამჯერ გადაუხადა იუბილე: 1887 წელს სასცენო მოღვაწეობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი, 1902 წელს - მოღვაწეობის 25 წლისთავის და 1922 წელს - 50 წლისთავისადმი მიძღვნილი, რომლის დროსაც საბჭოთა ხელისუფლებამ რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა და პერსონალური პენსია დაუნიშნა. ეს მაღალი წოდება პირველმა ვასო აბაშიძემ მიიღო.

    ვასო  აბაშიძე გარდაიცვალა 1926 წლის 9 ოქტომბერს და დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

    შალვა დადიანი ვასო აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა: "დაიკეცა დიდი წიგნი მეცხრამეტე საუკუნის ქართული თეატრისა, წიგნი, რომელიც აელვარებულია მაღალის ნიჭით, დიდი მუყაითობით და საარაკო გმირული თავდადებულობით, საცა წვაა ცეცხლოვანი ხელოვნებისთვის, საცა მძივებივით ასხმულია ტალანტის მთლიანობით გამოკვეთილი უცხო სახეები კლასიკურ ნაკვეთებისა." 

    1947 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ვ. აბაშიძის სახელი მუსკომედიის სახელმწიფო თეატრს მიაკუთვნა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1898)
  • ქართული დრამატული საზოგადოება, საპატიო წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1922 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, თამამშევის სახლი

გააზიარე: