The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ზია ბეგ აბაშიძე

ზია ბეგ აბაშიძე
Legal name:ზია ჰუსეინის ძე სანჯაკბეგიშვილი
Date of birth:17 March, 1875  (149 years)
Category:Public official, Politician, Public Figure

Biography

    ზია  სანჯაკბეგიშვილი-აბაშიძე დაიბადა 1875 წლის 17 მარტს. იგი გახლდათ ქართველი მუსლიმი ბათუმიდან.   მამა  დიდგავლენიანი ბეგი იყო. რუსეთის მთავრობამ პოდპოლკოვნიკობა უბოძა, მაგრამ ერთ საქმეზე განაწყენებულმა სამხრეები აიძრო, გუბერნატორს თავში ახალა და სტამბოლში წავიდა, სადაც ფაშობა უბოძეს და 1905 წელს სამშობლოში დაბრუნდა. დედა ლორთქიფანიძის ქალი იყო.  ზია ჯერ ბათუმის ორკლასიან ქართულ სკოლაში მიაბარეს. შემდეგ სამოქალაქო 6 კლასიან სასწავლებელში და ექვსი წლის განმავლობაში, ბათუმის მედრესეში, შეისწავლა არაბული ენა, გაიზეპირა ყურანი და მთელ აჭარაში ყურანის საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა.

    ბათუმის სკოლაში ზიას მასწავლებლები იყვნენ მოსე ნათაძე, ნიკო ჯაყელი და გრიგოლ ვოლსკი, რომლებმაც მამულიშვილურ-ეროვნული გრძნობა ჩაუნერგეს. ასევე მასზე დიდი გავლენა იქონია დამ - ლიუტიფე ხანუმ თავდგირიძისამ. ზია აბაშიძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა იმ დროს, როცა აჭარა-ქობულეთში,  ქართველ მუსლიმთა შორის სულ რამდენიმე კაცი აღიარებდა ქართველად თავს. ზიამ დაიწყო თანამოძმეთა შორის ქართველობისა და საქართველოსთან გაერთიანების ქადაგება.

    1900-1908 წლებში ზია აბაშიძე ქალაქ ბათუმის ხმოსანი იყო და სხვა ქართველ მხოსნებთან ერთად, ბათუმის აღმშენებლობასა და ბათუმში ქართველი მოსახლეობის გამრავლებას მტკიცედ ემსახურებოდა. 1904-1905 წლებში მან გრიგოლ ვოლსკისთან, სიმონ მდივანთან და სხვებთან ერთად საძირკველი ჩაუყარა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა  რევოლუციურ პარტიას და აქტიურად ჩაება პარტიულ-პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი გახლდათ სახელმწიფო სათატბიროს საგუბერნიო ამომრჩეველი, საკუთარ სახლში იფარებდა ბათუმელ რევოლუციონერებს, მართავდა საიდუმლო კრებებს და ხელს უწყობდა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლას. ხშირად იწვევდა ახალგაზრდა ქართველ მუსლიმთა კრებებს და მათ ურჩევდა მთელ საქართველოს შეერთებოდნენ. მსგავს აგიტაციას ეწეოდა მედრესეშიც. 1905 წელს, მისი თავმჯდომარეობით, ჩაქვში შედგა ქართველ მუსლიმანთა დიდი კრება, რომელსაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზიამ საუცხოოდ წარმოთქმულ სიტყვაში  დამსწრეთ მოუწოდა: ”რაკი თვითმპყრობელობა ხალხს სულსა ხუთავს და ნებით არ გვითმობს, შევიარაღდეთ და იარაღით დავამხოთ მისი წყობილებაო”.

    1908 წლის დასაწყისში, სხვა აბაშიძეებთან ერთად, ზიაც დააპატიმრეს და 5 წლით არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს, მაგრამ ზია თავის ძმა რიზასა და მემედბეგ აბაშიძესთან ერთად ოსმალეთს გადაიხვეწა. ეს ამბავი კავკასიის მეფის ნაცვალმა ოსმალეთის მთავრობას აცნობა და ზია და რიზა აბაშიძეები ტრაპიზონის ციხეში გამოამწყვდია, საიდანაც ძმები  10 თვის შემდეგ გაიპარნენ და თავის საზღვარგარეთს შეაფარეს. ოსმალეთის პირველი გადატრიალების შემდეგ ისინი თურქეთში დაბრუნდნენ და შექმნეს ქართული წრე.

    1914 წელს უდიდესი მონაწილეობა მიიღო სტამბოლში „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ შედგენაში და ასევე აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთში გადახვეწილ აჭარელთაგან ქართული ლეგიონის შექნაში, რომლის მეთაურთა შორის იყვნენ ქართველი ქრისტიანებიც. ამ კომიტეტის თაოსნობით ბერლინში დაარსდა ”ქართული ჟურნალი”, იბეჭდებოდა წიგნაკები და  იმართებოდა ლექციები, რაც გერმანიას, ავსტრიასა და საერთოდ, ევროპას, ქართველობასა და საქართველოს საკითხს აცნობდა. ამავე კომიტეტმა შექმნა დამსახურებულ ლეგიონერთათვის ორდენი - ვარსკვლავი თამარის სახით.

    1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამდე ზია საზღვარგარეთ იყო, ხოლო 1918 წლის დასაწყისში სტამბოლიდან თბილისში ჩამოვიდა. ამ დროს ბათუმში ოსმალები იყვნენ. ზიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისში ”სამაჰმადიანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის” შედგენაში, რომლის მიზანი იყო ბათუმიდან თურქების განდევნა და აჭარის საქართველოსთან შეერთება. ამ მიზნით, 1918 წელს, ზია ყადირ შარვაშიძესთან ერთად ბერლინში, ვენასა და ბულგარეთში გაიგზავნა, რასაც საქართველოსთვის დიდი შედეგი მოჰყვა.

     საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ზია აბაშიძე იყო ბათუმის ქალაქის თავის მოადგილე, მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტის მთავარი რწმუნებული და ბათუმის ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარე. გასაბჭოების შემდეგ, პოლიტიკურ ნიადაგზე, დააპატიმრეს და 5 წლით როსტოვში გადაასახლეს.


Member of Organizations

  • საქართველოს სოციალ­-ფედერალისტთა რევოლუციური პარტია, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1901-1902)

Bibliography


Share: