Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
კიტა გიორგის ძე აბაშიძე (თავადი)![]()
Biographyკიტა (ივანე) აბაშიძე დაიბადა 1870 წლის 16 იანვარს (ძვ.სტ) შორაპნის მაზრის სოფელ ლესაში, გიორგი აბაშიძისა და სოფიო გურიელის ოჯახში. 1879 წელს კიტა ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში შეიყვანეს. გიმნაზიაში სწავლის პირველივე წლებიდან კიტა აბაშიძე დიდ მიდრეკილებას იჩენდა ლიტერატურისადმი, ეუფლებოდა რუსულ, ფრანგულ, ლათინურ ენებს. 1889 წელს დაამთავრა გიმნაზია და ლიტერატურისა და ენების შესასწავლად საფრანგეთში გაემგზავრა. პარიზში იგი ათი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და ამ პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ მის ესთეტიკაზე, არამედ მისი მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბებაზეც. მუშაობდა მუზეუმებში, სწავლობდა ფრანგულ ენასა და ლიტერატურას, უსმენდა ცნობილ მეცნიერებს სორბონასა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ისმენდა ლექციებს ფილოსოფიასა და ხელოვნების თეორიაში. 1890 წელს კიტა აბაშიძე სწავლას აგრძელებს ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი სტუდენტობის წლებშივე გამოდის ლიტერატურულ სარბიელზე და იწყებს ფრანგული ლიტერატურის შესახებ წერილების გამოქვეყნებას "კვალსა" და "ივერიაში". 1895 წელს კიტა აბაშიძე პირველი ხარისხის დიპლომით ამთავრებს უნივერსიტეტს და საქართველოში ბრუნდება. იმავე 1895 წლიდან კიტა აბაშიძე მუშაობას იწყებს თბილისის კონტროლის პალატაში, შემდეგ კი მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, ხოლო შემდეგ ჭიათურაში. 1896 წლიდან ილია ჭავჭავაძის მიწვევით იგი "ივერიის" რედაქციაში იწყებს მუშაობას. ვახტანგ ორბელიანის ქალიშვილის, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის, ოჯახში გაიცნო კიტამ თავისი მომავალი მეუღლე – თეკლე ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ–ორბელიანი. მათ ოთხი შვილი შეეძინათ. ამავე ოჯახის სიძე გახლდათ ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც ცოლად შეირთო თეკლეს უმცროსი და - ანასტასია. ამ პერიოდიდან იწყება კიტა აბაშიძისა და ივანე ჯავახიშვილის გულითადი მეგობრობა. 1905 წლის რევოლუციის დღეებში კიტა აქტიურად მონაწილეობდა ჭიათურაში მთავრობის საწინააღმდეგო ყველა გამოსვლაში. იგი დააპატიმრეს კიდეც და მხოლოდ გავლენიანი ნათესავების წყალობით მოხერხდა მისი განთავისუფლება. 1909 წელს კიტა მეორედ დააპატიმრეს, რისი მიზეზიც 1909 წლის 22 თებერვალს ქუთაისში თავად–აზნაურთა შეკრებაზე მისი გამოსვლა გახდა, რომელზედაც დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. კიტა აბაშიძე დავით მიქელაძესთან და ნიკოლოზ თავდგირიძესთან ერთად ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. ქუთაისის გუბერნატორის მითითებით, კიტა სასწრაფოდ დააპატიმრეს და შემდეგ კვლავ ნათესავების წყალობით გაათავისუფლეს. კიტა აბაშიძე გარდაიცვალა 1917 წლის 17 დეკემბერს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. აქვეა დაკრძალული მისი მეუღლე თეკლე ნიკოლოზის ასული ჯამბაკურ-ორბელიანი. 1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობისთვის დახვრიტეს კიტა აბაშიძის უფროსი ვაჟი გიორგი. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |