The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი

დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი
Date of birth:1847
Date of death:13 November, 1919  (at 72 years)
Burial location:ქუთაისი, საფიჩხიას სასაფლაო
Category:Lawyer, Critic, Publicist

Biography

    დავით აბდუშელიშვილი დაიბადა 1847 წელს ქალაქ ქუთაისში.  დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

   დავით აბდუშელიშვილი  იდეალიზმით გატაცებული პრაქტიკოსი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი  ქუთაისში  ცნობილი ვექილი და ნოტარიუსი გახლდათ და მისი სახელი ხშირად იხსენიება იმდროინდელ ქართულ და რუსულ პრესაში. მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ხალხოსანთა ორგანოში „იმედში“. თანამშრომლობდა   „ივერიაში“, „კვალში“, „დროებაში“, „ცნობის ფურცელში“ და  „კავკაზში“.  იგი გახლდათ ქუთაისში  გამომავალი გაზეთის - "შრომის" ორგანიზატორთა ჯგუფში.

    დავით აბდუშელიშვილმა გაიზიარა ხალხოსან  პუბლიცისტთა და კრიტიკოსთა ძირითადი, ნიჰილისტური და ნატურალისტური შეხედულებანი. მას გამოქვეყნებული ჰქონდა წერილები მაშინდელი განათლების სისტემის და სასწავლებელთა მდგომარეობაზე, საჩხერის სკოლაზე, აგრეთვე სასამართლოს საქმიანობაზე, ქართველი გლეხობის ეკონომიურ მდგომარეობაზე და სხვა საკითხებზე.

    დავით აბდუშელიშვილი ქართველი რევოლუციონერი ხალხოსნების იდეოლოგიას იზიარებდა და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი 1879 წლიდან. აბდუშელიშვილი იბრძოდა თავისი დროის მოწინავე იდეებისათვის. მოითხოვდა   სამართლის ქართულ ენაზე წარმოებას, სასამართლოში ქართული ენისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებას.

    დავით აბდუშელიშვილი გახლდათ ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი წევრი და ამ პერიოდში იგი დაუღალავად იბრძოდა  მშრომელი ხალხის ინტერესების დასაცავად.  იმ დროს, როცა მებატონეები და მთავრობაც ხიზნებს ავიწროვებდნენ, დავით აბდუშელიშვილმა გაზეთ "შრომაში" დაბეჭდილ წერილში მოითხოვა, რომ მთავრობას ხიზნები ქვეყნის სასარგებლოდ, სრულ მესაკუთრეებად ეცნო. ახლობელთა გადმოცემით დავით აბდუშელიშვილი მეტად  რომანტიული და ცნობისმოყვარე პიროვნება ყოფილა, იმდენად, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ ფეხით ჩამოსულა მოსკოვიდან ქუთაისამდე.  დავით აბდუშელიშვილის  მეუღლე გახლდათ ეკატერინე ლოლუა და მათ ჰყავდათ ოთხი ქალიშვილი, მათ შორის ცნობილი პიანისტი ანასტასია აბდუშელიშვილი-ვირსალაძე.

   დავით აბდუშელიშვილი გარდაიცვალა 1919 წლის 13 ნოემბერს ქუთაისში და დაკრძალულია საფიჩხიას სასაფლაოზე

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1913)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ქუთაისი

Share: