The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსი ილარიონის ძე გერსამია (წილკნელი ეპისკოპოსი)

ალექსი ილარიონის ძე გერსამია
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ილარიონის ძე გერსამია
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1865
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1938  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზო
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    ალექსანდრე გერსამია 1865 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ გადიდში მღვდლის ოჯახში დაიბადა.

    1878 წლიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ 1882 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ორივე სასწავლებელში მასთან ერთად სწავლობდა მომავალი კათოლიკოს–პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე დიდი მეგობრობა აკავშირებდა.

    1886 წელს ალექსანდრე მესტიის სამრევლო–საეკლესიო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა. ამავე პერიოდში დაოჯახდა თეოლინა პავლეს ასულ ბერუჩაშვილზე და მათ შეეძინათ სამი შვილი – პარასკევა, დომნიკა და დავითი.

    1890 წელს ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა იგი დიაკვნად აკურთხა და მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დანიშნა. 1891 წელს ამავე ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.

    1893 წელს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ცაგერის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. მასვე დაევალა ლეჩხუმ–სვანეთის სამრევლო–საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობა და იმერეთის საეპარქიო საბჭოს ლეჩხუმის განყოფილების თავმჯდომარეობა. 1895 წლის აღდგომას მეუფე გრიგოლმა საგვერდულით დააჯილდოვა, 1900 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს, ხოლო 1904 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა.

    1900 წლიდან მღვდელი ალექსანდრე "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრია, ხოლო 1912 წლიდან საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი.  "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრობაზე მისი თავმდებნი იყვნენ : გრ. ყიფშიძე, გ. იოსელიანი, დ. კარიჭაშვილი, პ. მირიანაშვილი.

    1906 წლიდან მღვდელი ალექსანდრე ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია და პარალელურად ქუთაისის საშუალო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში საღვთო სჯულს ასწავლის.

     1911 წლის 6 მაისს მამა ალექსანდრე სამკერდე ოქროს ჯვრით, ხოლო 1916 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

    1920 წლის 27 ივნისს დეკანოზი ალექსი, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებას ესწრებოდა.

    საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დეკანოზი ალექსი ძველებური შემართებით განაგრძობდა მღვდელმსახურებას. 1925 წელს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ბერად აღკვეცის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ამბროსიმ, ნინოწმინდელი მიტროპოლიტის კალისტრატეს, წილკნელი ეპისკოპოსის პავლესა და და ბოდბელი ეპისკოპოსის სტეფანეს თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ცაგერის ეპარქიის მმართველად დაადგინა. ეკლესიისათვის უმძიმესი წლები იდგა. სვანეთში ჩასულ მღვდელმთავარს ადგილობრივი ხელისუფლება მტრულად დახვდა. მეუფე ალექსი იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო და იქიდან ემართა ეპარქია.

    1928 წელს კათოლიკოს–პატრიარქმა ქრისტეფორემ ეპისკოპოსი ალექსი ჭყონდიდის ეპარქიაში გადაიყვანა და მასვე ჩააბარა ბათუმ–შემოქმედის ეპარქიაც.

       1930 წელს ეპისკოპოსი ალექსი წილკნის ეპარქიაში დაინიშნა. ამ დროისთვის ეპარქიას მეტად მძიმე პერიოდი ედგა. გადასახადების გამო ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა ეპარქიაში შემავალი ეკლესიები. მეუფე მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ცხოვრობდა, აქედან განაგებდა წილკნის ეპარქიას და სულიერად განამტკიცებდა თავის სამწყსოს.

     გასული საუკუნის 30–იან წლებში, როცა მრავალმა სასულიერო პირმა გაიხადა ანაფორა და საერო სამსახურში გააგრძელა მოღვაწეობა, მეუფე ალექსი ერთ–ერთი იყო მათ შორის, ვისაც არ უღალატია თავისი რწმენისა და საქმისათვის და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურა დედაეკლესიას.

    წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი 1938 წლის 7 თებერვალს თბილისში N1 საავადმყოფოში გარდაიცვალა. წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა კალისტრატემ. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში,  ჩრდილოეთ კარიბჭესთან.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1912-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1911 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: