The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე

იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე
Date of birth:16 April, 1874
Date of death:1 June, 1962  (at 88 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

    იუსტინე აბულაძე დაიბადა 1874 წლის 5 აპრილს (ძვ.სტ.) ბაღდათის რაიონის სოფელ როკითში. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ქართულ-სომხურ-სპარსული ფილოლოგიის განხრით.

    1900 წელს უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და 1901-1902 წლებში აღმოსავლეთის ფონდების შესასწავლად შუა აზიასა და დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა, სადაც სპარსული ხელნაწერების კოლექციებს გაეცნო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა.  იუსტინე აბულაძე ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ქართულ გიმნაზიაში, კომერციულ და სხვადასხვა სასწავლებლებში. იგი გახლდათ საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი და ამავე საზოგადოების მუზეუმის გამგე. 1902 წლიდან იუსტინე აბულაძე იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და სისტემატურად კითხულობდა მოხსენებებს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომებზე.

    1906 წელს, რუსული ჟანდარმერიის მიერ ქართული გიმნაზიის დარბევისა და მისი დირექტორის შიო ჩიტაძის მკვლელობის დროს იუსტინე აბულაძეც მძიმედ დაიჭრა.

    1918 წლიდან, თბილისის უნივერსიტეტის გახსნისთანავე, სპარსული ენის ლექტორად მიიწვიეს და სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს კითხულობდა. იგი სათავეში ედგა მის მიერვე ჩამოყალიბებულ სპარსული ფილოლოგიის კათედრას. 1927 წელს იუსტინე აბულაძე დოცენტის თანამდებობაზე აირჩიეს, ხოლო 1932 წელს პროფესორის წოდება მიანიჭეს.

    იუსტინე აბულაძე თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე უმწიკვლოდ ემსახურებოდა ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებას. მან მოამზადა და გამოსცა სპარსული ლიტერატურის შესანიშნავი ძეგლების „შაჰნამე ანუ მეფეთა წიგნისა“ და „ვისრამიანის“ ქართული ვერსიები ლექსიკონებით, ორჯერ გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. იუსტინე აბულაძე ავტორია ქართულ ენაზე სპარსული ენის პირველი სახელმძღვანელოსი. მის კალამს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ეკუთვნის, რომელშიც ქართული და ირანული კულტურის საკვანძო საკითხებია განხილული.

    იუსტინე აბულაძე იკვლევდა ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიისა და ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების საკითხებს.

    იუსტინე აბულაძე კანონზომიერად ითვლება საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლებისა და  ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის ტრადიციული სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. აღზარდა ქართველ ირანისტთა მთელი თაობა. გამორჩეულად უყვარდა და საგანგებოდ იკვლევდა მსოფლიო მწერლობის სამ შედევრს: "ვეფხისტყაოსანს", "შაჰნამესა" და "ვისრამიანს". როგორც აღვნიშნეთ, მონაწილეობა მიიღო სამივე ძეგლის ტექსტის დადგენაში, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ-სპარსული ენობრივი ურთიერთობის მეცნიერულ შესწავლას.

    იუსტინე აბულაძე გარდაიცვალა 1962 წლის 1 ივნისს და დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, ხოლო 2015 წლის 18 ნოემბერს მისი ნეშტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში გადაასვენეს.

Member of Organizations

  • საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1916)

Awards and Honors

  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1938 - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

Share: