The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე გიორგის ძე ავალიშვილი (თავადი)

ივანე გიორგის ძე ავალიშვილი
სხვა სახელი:ბრეთელი  (ფსევდონიმი)
მამა პიროსელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1862
გარდაცვ. თარიღი:1950  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

   ივანე ავალიშვილი დაიბადა 1862 წელს გორის მაზრის სოფელ ბრეთში გიორგი ავალიშვილისა და  ეკატერინე ესტატეს ასულ ციციშვილის (მარიამ ბატონიშვილის შვილიშვილის შვილიშვილი) ოჯახში. ქართული წერა-კითხვა ოჯახში დედამ შეასწავლა.

   1876 წელს მამამ თბილისში პირველ გიმნაზიაში მისაბარებლად წაიყვანა, მაგრამ პირველივე გამოცდაზე არითმეტიკაში ჩაიჭრა, რადგან მასწავლებელს რუსულად ვერ გასცა პასუხი. ამის შემდეგ ავლაბრის დაწყებით სკოლაში მიაბარეს, რომლის დასრულების შემდეგ 1880 წელს გორის სამასწავლებლო სემინარიაში შევიდა.

    1885 წელს გორის სამასწავლებლო სემინარიის დამთავრებისთანავე ივანე ავალიშვილი სოფელ მარტყოფის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. მარტყოფის შემდეგ იგი სოფელ რუისში გადაიყვანეს, სადაც 1892 წლამდე მოღვაწეობდა. სახალხო სკოლლების დირექტორმა დარსკიმ აიძულა სკოლიდან წასულიყო, რადგან მან სკოლაში რუსული ენის სწავლების "მუნჯური მეთოდი" არ შემოიღო, რაც პედაგოგიურად მავნე მეთოდად იყო მიღებული. ამის შემდეგ მან მასწავლებლობას თავი მიანება და საზოგადოებრივ-ლიტერატურულ შრომას მიჰყო ხელი.

   1902 წლიდან ივანე ავალიშვილი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში“ მსახურობდა. ჯერ ითვლებოდა ამ საზოგადოების დამხმარე წევრად გორში, იძენდა და აგროვებდა ძველ ხელნაწერებსა და საისტორიო ნივთებს და საზოგადოებას უგზავნიდა. 1909 წლიდან შიო მღვიმელის სხვაგან გადაყვანის გამო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნის მაღაზიის გამგედ ივანე დაინიშნა.

    ივანე ავალიშვილმა მწერლობაშიც მოსინჯა თავისი ძალები. ჟურნალ-გაზეთებში ათავსებდა წერილებსა და კორესპონდენციებს, რომლებშიც უმთავრესად გლეხობის ყოფა-ცხოვრებაზე და ქართული ენის მტკივნეულ საკითხებზე იყო საუბარი. ივანე ქართული ენის შესანიშნავ მცოდნედ ითვლებოდა და ბევრი მწერალი თუ გრამატიკოსი მის მოსაზრებებს სერიოზულ ანგარიშს უწევდა. საინტერესოა იაკობ გოგებაშვილის წერილი ივანე ავალიშვილისადმი: „ ბატონო ვანო! თუ თქვენ არ აპირებთ იმ საგრამატიკო შენიშვნის დაწერას და დაბეჭდვას, რომლის შესახებ გვქონდა ლაპარაკი, გთხოვთ მე მომაწოდოთ თქვენს მიერ აღნიშნული მასალა, დასახელებით თვითეულის თხზულებისა და მისი გვერდისა. აგრეთვე კარგი იქნება „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა ძველი თხზულებანი გადაათვალიეროთ, გამოიკვლიოთ და აღნიშნოთ, სად არის ნახმარი მშვენიერი და სად შვენიერი. უკეთესი კი იქნება, თუ თქვენ თვითონ დასწერთ შენიშვნას ამ ფორმების შესახებ. თქვენი იაკობ გოგებაშვილი.“

    ივანე ავალიშვილი ჩვენს საზოგადოებას რამდენიმე ათეული წელი უანგაროდ ემსახურებოდა და თანამედროვეთაგან დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული.

    ივანე ავალიშვილი გარდაიცვალა 1950 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი მუდმივი წევრი (1916-1920)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: