The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი

პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი
Date of birth:1879
Date of death:1949  (at 70 years)
Burial location:ბათუმი, ფერიის სასაფლაო
Category:Medical Doctor, Public Figure, Philanthropist

Biography

   პლატონ გიგინეიშვილი დაიბადა 1879 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში გიორგი გიგინეიშვილის შეძლებულ ოჯახში, რომელიც ჭკუასაკითხავი კაცი ყოფილა და თურქებთან მოლაპარაკებაშიც მიუღია მონაწილეობა ბათუმის მორიგი ოკუპაციისას.

   პლატონმა განჯის პრესტიჟული გიმნაზია დაამთავრა და ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1905 წელს დაამთავრა. სტუდენტობის დროს ცოლად ნატა მამულაიშვილი შეირთო და პირველი შვილიც გაუჩნდათ. სწავლის დამთავრების შემდეგ პროფესორმა ივანოვსკიმ ოდესაში  კათედრაზე დარჩენა შესთავაზა, მაგრამ პლატონმა პრაქტიკული საქმიანობა აირჩია და ხერსონის გუბერნიაში წავიდა სამუშაოდ. იქვე მოუსწრო 1905 წლის რევოლუციამ და „რევოლუციონერთა მფრინავ რაზმს“ ხელმძღვანელობდა. შუაგულ ომში დაჭრილი მეომრები ბარიკადებიდან გამოჰყავდა და შველოდა.

    1906 წელს პლატონ გიგინეიშვილი საქართველოში დაბრუნდა, ბათუმში ჩავიდა და მაშინვე დანიშნეს შტატგარეშე ორგანიზატორად სტაციონარში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

   1922 წლიდან გიგინეიშვილი თერაპიულ განყოფილებას განაგებდა, იყო ტუბერკულოზურ ბავშვთა და ინფექციური განყოფილების გამგე. პლატონმა ბავშვთა სახლები გახსნა მახინჯაურში, გოროდოკსა და ქობულეთში. მანვე დააარსა ბათუმში თერაპიული განყოფილება.

   პლატონ გიგინეიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მოსახლეობის მკურნალობასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მიუძღვნა. მოსახლეობისათვის უფასოდ კითხულობდა განმანათლებელ ლექციებს სანიტარულ-პროფილაქტიკურ საკითხებზე და უფასოდ ღებულობდა ავადმყოფებს აჭარის რაიონებში. პლატონს რეცეპტების გაცემის თავისი მეთოდი ჰქონდა. ოჯახს თუ შეატყობდა რომ უჭირდა, პაციენტს  სხვა ფერის რეცეპტს უწერდა. მის რეცეპტს აფთიაქში ცნობდნენ და ფულს არ ახდევინებდნენ. მერე  თავად იხდიდა და ხანდახან, პაციენტის ოჯახს, მისი ჯიბიდან რეცეპტის ქვეშ ფულიც ხვდებოდა. ხშირად წუხდა, რომ ყოველთვის არ ჰქონდა საშუალება ყველა ავადმყოფს დახმარებოდა.

   პლატონ გიგინეიშვილი 1902-1910 წლებში ბათუმის თვითმართველობის წევრი იყო.  იგი  აქტიურად მონაწილეობდა ჭაობის დაშრობაში და ტიფის საწინააღმდეგო ღონისძიებებში.

  პლატონი ბათუმში ჯერ ფოსტასთან ცხოვრობდა მარიას პროსპექტზე, მერე იმდენი შემოსავალი გაუჩნდა თავისი საქმიანობით, რომ 1913 წელს ორსართულიანი სახლი შეიძინა იმავე ქუჩის N41-ში, რომელიც, თავის დროზე, 1898 წელს ებრაელმა  კომერსანტმა ააშენებინა იტალიელ არქიტექტორს. ამ სახლზე ახლა მემორიალური დაფაა გამოკრული.

   აჭარაში კომუნისტებისს შემოსვლის შემდეგ პლატონს ყველაფერი ჩამოართვეს, მხოლოდ ბათუმის სახლს არავინ არ გაკარებია, იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ის კი არა, გასაბჭოებისთანავე იხმეს რევკომში და სამკურნალო დაწესებულებების და თავშესაფრების შენობები და მთელი ქონება ჩააბარეს.

     პლატონის სახლში, ინტერნაციონალის  N41-ში, სულ სტუმრიანობა და მიღებები იმართებოდა. ბათუმში ჩასული საპატიო სტუმრები, ძირითადად, პლატონ გიგინეიშვილის ოჯახში ცხოვრობდნენ. სხვადასხვა პერიოდში მისი სტუმრები იყვნენ: ჯაზმენი ედი როზნერი, ზურაბ ანჯაფარიძე, ნადეჟდა ხარაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, არკადი რაიკინი, და სხვები. ვერიკო ანჯაფარიძე, თავის დასთან, მერი ანჯაფარიძესთან ერთად (გია დანელიას დედა) ცხოვრობდა და მკურნალობდა კიდეც პლატონ გიგინეიშვილთან.

   1949 წელს პლატონ გიგინეიშვილი ავად გახდა და მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მთელი ბათუმი კითხულობდა ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსახლეობამ, მის სახლთან, ქუჩაზე თივა დააფინა, მომაკვდავი ექიმი ქუჩის ხმაურს რომ არ შეეწუხებინა. იგი გარდაიცვალა ამავე წელს და დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • აჭარის ექიმთა საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრი (1911-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1910-1916)

Awards and Honors

  • აჭარის ასსრ დამსახურებული ექიმი
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი (თერაპევტი)

Share: