The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიტროპოლიტი ანტონი

მიტროპოლიტი ანტონი
Legal name:სიმონ შავარდენის ძე გიგინეიშვილი
Date of birth:1882
Date of death:24 November, 1956  (at 74 years)
Burial location:სოხუმი
Category:Educator, Religious leader

Biography

   მიტროპოლიტი  ანტონი, ერისკაცობაში სიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი, დაიბადა 1882 წელს სოხუმში. პირველდაწყებითი განათლება სოხუმის სკოლაში მიიღო და სწავლა გააგრძელა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ გუდაუთის სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. ამ გადაწყვეტილებამ წონასწორობა დააკარგვინა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ამ ფაქტს, ვინაიდან, მისი აზრით, ქართველ მასწავლებელს შეეძლო აფხაზების გაქართველება.

   1913 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გუდაუთის განყოფილების წევრი.

   1914 წელს თბილისის სიონის ტაძარში დიაკვნად აკურთხეს, მალევე მღვდლად დაასხეს ხელი და თბილისში მდგარი ერთ-ერთი სამხედრო პოლკის მღვდელმსახურად დანიშნეს. ამავე წელს I მსოფლიო ომი დაიწყო და ანტონი კავკასიის №11 მსროლელთა პოლკის სამხედრო კაპელანად დაინიშნა.

   1918 წელს მამა ანტონი სტავროპოლის ეპარქიის სოფელ ბეშპაგირის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

    1922 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადავიდა და სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინეს. საკათედრო ტაძრის დახურვის შემდეგ სოხუმის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიაში განამწესეს. მიუხედავად ზეწოლისა და მუქარისა, მას ანაფორა არ გაუხდია და არც ღვთისმსახურება მიუტოვებია.

   1937 წელს მამა ანტონი დეკანოზ ელიზბარ ანჩაბაძესთან ერთად დააპატიმრეს. სამეულის გადაწყვეტილებით მათ მიესაჯათ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

   1938 წელს, მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე), შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე წერდა: „გულისტკივილით მოგახსენებთ, რომ ჩემს ეპარქიაში სოფლებში მღვდლები აღარ არიან, ყველანი დაატუსაღეს. დავრჩი მარტო მე ორი მღვდლით ქ. სოხუმში. ჩვენც, ვგონებ? აღდგომის შემდეგ მოგველის ლიკვიდაცია“.

   მამა ანტონი საპატიმროდან ვადამდე ადრე გაათავისუფლეს და იგი კვლავ სოხუმში დაბრუნდა.

  1944 წლიდან, ეკლესია-მონასტრების ოფიციალურად ამოქმედების შემდეგ, მან კვლავ სოხუმის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიაში დაიწყო მღვდელმსახურება.

   1946 წელს ამოქმედდა სოხუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი და ანტონი მის წინამძღვრად დაადგინეს.

   1952 წელს სრულიად საქართველოოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით იგი ბერად აღკვეცეს და სახელად ანტონი უწოდეს.

   1952 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  მელქისედეკ III (ფხალაძე), წმინდა სინოდის წევრ-მღვდელმთავართა თანამწირველობით, ცხუმ-აფხაზაზეთის ეპისკოპოსად აკურთხა.

    1954 წელს მამა ანტონს დედა-ეკლესიაში მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მიტროპოლიტის პატივი მიენიჭა.

   მამა ანტონს, მძიმე ავადმყოფობის გამო სიცოცხლის ბოლო წლებში სიარულიც კი უჭირდა, მაგრამ მსახურებას მაინც განაგრძობდა და მუდამ საეპარქიო საქმეებით იყო დაკავებული.

   მამა ანტონი გარდაიცვალა 1956 წლის 24 ნოემბერს და დაკრძალულია სოხუმის საზოგადო სასაფლაოზე მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გუდაუთის განყოფილების წევრი (1913-)

Bibliography


Share: