The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი

იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი
ოფიციალური სახელი:დავით გიორგის ძე ალადაშვილი
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1850
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 1925  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ არბოშიკის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის ეზო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

     დავით ალადაშვილი დაიბადა 1850 წლის 8 დეკემბერს ქიზიყში, სიღნაღის მაზრის სოფელ არბოშიკში მღვდლის გიორგი ალადაშვილისა და ელისაბედ ბოსიტაშვილის ოჯახში. აღსანიშნავია, რომ დავითის პაპა ადამ ალადაშვილიც მღვდელი ყოფილა. 10 წლის დავითი ნუხის სამოქალაქო სკოლაში მიაბარეს, სადაც მან ერთი წელი ისწავლა.

   1865 დავითი თბილისში გადმოიყვანეს და სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, ხოლო 1869 წლიდან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, რომელიც 1875 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა.    

   1875 წელს დავითი თბილისის სასულიერო სასწავლებელში უმაღლესი განყოფილების მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა, 1876 წელს კი მართლწერის გაკვეთილების მასწავლებლად გადაიყვანეს და სასწავლებლის ზედამხედველად გაამწესეს. იგი პარალელურად გეოგრაფიასა და არითმეტიკას ასწავლიდა. 1877 წელს სასწავლებლის ეკონომოსად დაინიშნა და ამავე წლის 1 დეკემბერს დატოვა ზედამხედველის თანამდებობა.

    1879 წელს დავითმა სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც 1883 წელს ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდებით დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა. 1884 წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა და სასწავლებლის ზედამხედველობაც ჩააბარეს. მალე სასწავლებლის მმართველ კომიტეტში შეიყვანეს და 1 სექტემბრიდან პირველ და მეორე კლასებში მართლწერის გაკვეთილების მასწავლებლად დაადგინეს.

    1885 წელს დავით ალადაშვილი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ გადაიყვანეს.

     1886 წლიდან დავით ალადაშვილი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრია და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

     1898 წელს დავითს "სტატსკი სოვეტნიკის" წოდება მიანიჭეს და დროებით სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1899 წელს, სასწავლებელში თოთხმეტწლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებით, წმინდა ანას III ხარისხის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა და სასწავლებლის ზედამხედველად დაამტკიცეს. 

    1899 წლის 25 სექტემბერს დავით ალადაშვილი ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. აი რას წერდა ანტონ ნატროშვილი მისი აღკვეცის გამო: "თავგანწირულებამა და მტკიცე რწმენამ უზენაესის მიმართ იძულებულ ჰყო ბერად აღკვეცილიყო პატივცემული დავით ალადაშვილი. იგი აღიკვეცა 25-ს ამა თვისას თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში და სახელად ეწოდა გიორგი (მამის სახელია). თუმცა იგი ჯერ 50 წლისაა, მაგრამ ღრმად მოხუცებულს მოგაგონებთ. სჩანს, არა ერთი ვარამი მოხვედრია მის გულს, არა ერთი მედგარი დასტეხია მას თავზედ. მთლად თმა გათეთრებული, დამჯდარის, დალაგებულის ხასიათის პატრონი, გამბედავი და მამაცი, გეგონებათ იგი დიდი ხნის დახელოვნებული მონაზონიაო".

    1899 წლის 26 სექტემბერს ბერი გიორგი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და მალევე არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს.

    1900 წელს არქიმანდრიტ გიორგის, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, თეკლათის დედათა მონასტერში ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობის მეთვალყურეობა დაევალა. 1902 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

    1902 წელს მამა გიორგი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წელს ჯერ სინოდალური კანტორის შენობის სარემონტო კომისიის თავჯდომარედ დაადგინეს, ხოლო შემდეგ ღარიბი სასულიერო პირების ოჯახებზე მზრუნველი კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს.

    1902 წლის 27 ივნისს არქიმანდრიტი გიორგი სასულიერო ჟურნალ "მწყემსის" ცენზორად, ხოლო 24 აგვისტოს ქართული "მარხვანის" შემსწორებელი კომისიის ჯგუფში კორექტორად დაადგინეს.

    1903 წელს არქიმანდრიტი გიორგი თბილისის სასულიერო სემინარიის ახალი შენობის აგების სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს და იმავე წელს საქართველოს საეგზარქოსოს სამხარეო სასწავლებლის კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1904 წლის 15 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი საეკლესიო მუზეუმის თავჯდომარედ განამწესეს.

     1905 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს, ხოლო 1905 წელს წმინდა სინოდმა მღვდელმთავრად გამოარჩია. 1905 წლის 25 სექტემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველად განამწესეს.

    1908 წელს ეპისკოპოსი გიორგი იმერეთის კათედრაზე გადაიყვანეს. ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ზაქარია ჭიჭინაძე მეუფე გიორგის შესახებ წერდა: "ყოვლადსამღვდელო გიორგის მოქმედება და მართვა-გამგეობა არის მშვიდი და წყნარი, საქმის ახმაურება და აფორიაქება ამას არაფრად მიაჩნია, ამიტომაც ყოველთვის თავის სამწყსოში წყნარად და უჩინრად მოქმედებს და ყველას წინაშეც იმას სცდილობს და ემსახურება, რომ ყოველთვის მშვიდობით და სიყვარულით შესრულდეს ყველაფერი. ყოვლადსამღვდელო გიორგის ცდა ყოველთვის იქითკენ არის მიმართული, რომ იმერეთის სამღვდელოებას ემსახუროს კეთილად და უვნებლად. ფრთხილია ყველაფერში, მაგრამ, ვინაიდგან ჩვენს დროში, დაკარგვა რამის ადვილია და პოვნა კი ერთობ ძნელი. ამის მაგალითები ბევრი გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში, იტყვის ხოლმე ყოვლადსამღვდელო: მთელი საუკუნის განმავლობაში ქართველი ერი სულ დაკარგვის გზაზედ იდგა და შეძენით კი ვერას იძენდა. შეიძლება ზოგიერთებისათვის ყოვლადსამღვდელოს ასეთი სიწყნარე და სიფრთხილე არ არის მოსაწონი, ვინ იცის, ესეც შეიძლება, მაგრამ რა გაეწყობა, ეს გარემოება არ არის დასაწუნი"

    1908 წელს ეპისკოპოსი გიორგი წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1912 წელს, უძველესი ტრადიციის თანახმად, გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 1915 წელს წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი მიიღო. 

    1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) ეპისკოპოსი გიორგი მონაწილეობდა სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებულ წირვაში, რომლის დროსაც აღდგა ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. საყურადღებოა, რომ ავტოკეფალიის აღდგენის აქტზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს არქივშია დაცული, პირველი ხელმოწერა სწორედ იმერეთის ეპისკოპოსს ეკუთვნის. საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა ბოლომდე მაინც არ ენდობოდა ეპისკოპოს გიორგის, რადგან ის შედარებით ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა რუსების მიმართ, ამიტომ 1917 წლის 8-17 სექტემბრის საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის პირველ კრებაზე იგი იმერეთის ეპარქიის მმართველობიდან გადააყენეს და დროებით ეპარქიის გარეშე დატოვეს.

    1918-1919 წლებში ეპისკოპოსი წილკნის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1920 წელს ჭყონდიდისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად  გადაიყვანეს და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს.

    1921 წლის 20 სექტემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, მეუფე გიორგი გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან და პენსიაზე გავიდა. 1922 წელს მიტროპოლიტი ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და იმავე წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

    1924 წელს კომუნისტებმა ხირსის მონასტერი დაარბიეს და მხცოვანი მიტროპოლიტი იძულებული გახდა მშობლიურ სოფელ არბოშიკს შეჰკედლებოდა.

     მიტროპოლიტი გიორგი განსაკუთრებული ორგანიზებულობითა და დახვეწილი, მტკიცე მმართველობით გამოირჩეოდა როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკურ საკითხებში. მისი თანამედროვენი მას "ბისმარკადაც" მოიხსენიებდნენ.

    მიტროპოლიტი გიორგი გარდაიცვალა 1925 წლის 6 თებერვალს და  8 თებერვალს სოფელ არბოშიკის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საპატიო წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-1899)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მუდმივი წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი
  • 1912 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1908 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1902 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1899 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: