The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი (დეკანოზი)

სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი
Date of birth:1872  (152 years)
Date of death:194?
Category:Educator, Religious leader

Biography

   სარდიონ ალადაშვილი დაიბადა1872 წელს თელავის მაზრის სოფელ ხოდაშენში გლეხის ოჯახში.

   1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარ, რომელიც 1895 წელს დაამთავრა.

   1896 წელს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და დიდი გომარეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დანიშნა.

   1898 წელს თელავის მაზრაში, სოფელ აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს და ამავდროულად სოფლის ორკლასიანი სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

   1900 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1902 წელს ზემო ხოდაშენის წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1906 წელს მირზაანის წინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძარში განამწესეს.

   1908 წელს თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.

   1910 წელს თელავის სასულიერო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

   1913 წელს სკუფია უბოძეს.

   მღვდელი სარდიონი 1913 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1916 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1924 წელს, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, ანაფორა გაიხადა და სახალხო გამომძიებელთან საქმის მწარმოებლად დაიწყო მუშაობა. შემდეგ, იგივე თანამდებობაზე, სამაზრო აღმასკომის განათლების განყოფილებაში იმუშავა.

   1925-1926 წლებში ზემო ხოდაშენის ოთხწლედში მასწავლებლად მუშაობდა.

   1926 წლიდან შვიდი თვე იყალთოს კოოპერატივში ბუღალტრის თანაშემწედ მუშაობდა.

   1927 წლის თებერვალში, როგორც ყოფილ მღვდელს,  ხმის უფლება ჩამოერთვა, რაზედაც თელავის აღმასკომში ხმის აღდგენაზე თხოვნა შეიტანა. სამაზრო აღმასკომმა დაუკმაყოფილა თხოვნა და იგი ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში გადააგზავნა განსახილველად. საქმე გაჭიანურდა და ბოლოს, 1928 წლის ივნისის დადგენილების საფუძველზე უარი ეთქვა.

   1929 წელს მამა სარდიონმა კიდევ ითხოვა აღდგენა, მაგრამ კვლავ უარი ეთქვა. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ისევ ცოცხალია, რადგან ამ პერიოდში პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) წერილს უგზავნიდა, სადაც დააბეზღა არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე), რომ ის მარცხენა ხელით ატარებდა ღვთისმსახურებას.

   სარდიონ ალადაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

Bibliography


Share: