The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა

პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა
Other name:Акорд  (Pseudonym)
Гуриец  (Pseudonym)
Феликс  (Pseudonym)
ამირანი  (Pseudonym)
გურული  (Pseudonym)
ტონი  (Pseudonym)
Date of birth:13 July, 1873
Date of death:3 May, 1936  (at 62 years)
Burial location:თბილისი, ვაკის მწერალთა პანთეონი
Category:Playwright, Writer, Publicist, Journalist

Biography

     პართენ გოთუა დაიბადა 1873 წელს სოფელ ძიმითში (ოზურგეთის მაზრა). პირველდაწყებითი განათლება თავისივე სოფელში მიიღო, შემდეგ ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში შევიდა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის ქართულ სკოლაში.

   უმაღლესი განათლების მისაღებად პართენ გოთუა ოდესაში გაემგზავრა და ჩაირიცხა უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1897 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. როგორც კავკასიის ოლქის სტიპენდიანტი, იგი ოლქის მზრუნველმა გამოიწვია და კავკავში მასწავლებლად დაინიშნა. კავკავის საშუალო  სასწავლებელში იგი კადეტთა კორპუსში ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლიდა, ხოლო ქალთა გიმნაზიაში – პედაგოგიკას და მეთოდიკას. პართენ გოთუა არჩეული იყო კავკავის ქართული სკოლის კომიტეტის მდივნად, შემდეგ ამავე კომიტეტის თავმჯდომარედ და ბოლოს სკოლის მზრუნველად და ფაქტიურ ხელმძღვანელად.

   პართენ გოთუას მოღვაწეობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პედაგოგიური მუშაობით, იგი თავგამოდებით იბრძოდა სკოლების ქსელის გაფართოებისა და განმტკიცებისათვის. უსაზღვრო იყო მისი ავტორიტეტი კავკავის საზოგადოებაში და განსაკუთრებით ქართველ ინტელიგენტთა შორის.

   1903 წლიდან იგი იყო ბეჭდვითი კომიტეტის წევრ–ცენზორი, მაგრამ მალევე დაითხოვეს, როგორც თანამდებობისთვის არასაიმედო პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ პართენ გოთუას მასწავლებლობა აუკრძალეს, იგი მაინც არ სწყვეტდა ამ პროფესიასთან კავშირს და მონაწილეობდა ქართული სკოლების ქსელის გაფართოებასა და განმტკიცებაში აჭარაში. იგი იყო მრავალი კომისიის წევრი, მათ შორის ქალაქის სათათბიროს სასკოლო კომისიისა. პართენს დიდი ბრძოლა  მოუხდა თბილისში უმაღლესი პოლიტექნიკური სასწავლებლის ასაშენებელი ადგილის მოსაპოვებლად. სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა მან ცალკე წიგნი: "К вопросу о выборе в Тбилиси места под техникум" – 1913 წ.

   აღსანიშნავია პართენ გოთუას თავდადებული მუშაობა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში". იგი არჩეული იქნა ამ საზოგადოების გამგეობის წევრად.

    1914–1915 წლებში პართენ გოთუა იყო თბილისის ქართული დრამატული საზოგადოების წევრი და მან აქტიური მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს თეატრალური ყრილობის მოწყობაში.

    პართენ გოთუამ ლიტერატურული მოღვაწეობა ჯერ კიდევ სიჭაბუკის პერიოდში დაიწყო. იგი წერდა მოთხრობებს, აქვეყნებდა პუბლიკაციებს სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში, ავტორია რიგი წიგნებისა, რომელთა შორის აღსანიშნავია სადიპლომო შრომა "საუნივერსიტეტო თხზულება საფრანგეთის დიდი რევოლუციის ისტორიიდან", რისთვისაც იგი ოქროს მედლით იქნა დაჯილდოებული.

   1905 წლიდან პართენ გოთუა გაზეთ "ვოზროჟდენიეს" რედაქტორი იყო. გაზეთი მეტად გაბედულად იხილავდა ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთა გამორკვევის საკითხებს, რისთვისაც ხელისუფლებისგან გამუდმებით დევნას განიცდიდა. 1906 წელს გაზეთიც და სტამბაც დაიხურა, შრიფტებს კონფისკაცია გაუკეთდა და პასუხისმგებელი რედაქტორები, მათ შორის პარმენ გოთუაც დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის გამოცემის განახლება მთელ რიგ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავისი ხარჯით გააგრძელა გაზეთის გამოცემა სხვადასხვა სახელწოდებებით: "Воля", "Кавказское утро", "Современник", "Справедливость", "Огни", "Закавказье", "Девятый вал" და სხვა. მანვე გამოსცა ქართული გაზეთები: "სავაჭრო გზა" და "ახალი დროება". 

    საქართველოში საჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პართენ გოთუა მიიწვიეს განათლების სახალხო კომისარიატში სამუშაოდ. იგი 40 წელზე მეტხანს მოღვაწეობდა პედაგოგიურ–საზოგადოებრივ და ლიტერატურულ ასპარეზზე. იგი იყო მწერალ ლევან გოთუას მამა.

   პართენ გოთუა 1936 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ტრამვაის კატასტროფის დროს, დაკრძალულია მწერალთა ვაკის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1911)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: