The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იერემია დიმიტრის ძე გულისაშვილი

იერემია დიმიტრის ძე გულისაშვილი
Date of birth:1 May, 1863
Date of death:1958  (at 94 years)
Category:Educator

Biography

  იერემია გულისაშვილი დაიბადა 1863 წელს სოფელ მაღაროში მღვდლის ოჯახში.

  1870 წელს იერემია საგარეჯოს სამრევლო სკოლაში მიაბარეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ მამამ თბილისში წაიყვანა და ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. 1875 წელს იერემიამ თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ სანიმუშო სასწავლებელში ჩააბარა გამოცდები, რომლის დამთავრებისთანავე სახელმწიფოს ხარჯზე ჩაირიცხა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში.

   1884 წელს იერემია გულისაშვილი მასწავლებლად დაინიშნა ზუგდიდის ორკლასიან ე.წ. ნორმალურ სასწავლებელში და აქიდან იწყება მისი პედაგოგიური მოღვაწეობა. ზუგდიდში მან შემოიკრიბა ქალაქის ინტელიგენცია და მათი დახმარებით მართავდა წარმოდგენებს, საიდანაც მიღებული შემოსავლით  საფუძველი ჩაუყარა ზუგდიდის ბიბლიოთეკა–სამკითხველოს დაარსებას. მთავრობისთვის არასასურველი პოლიტიკური შეხედულებების გამო იერემია სამუშაოდ გადაჰყავთ წყალტუბოში. 1887 წლიდან იგი გადადის თბილისში, გერმანულ შვიდკლასიან სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად, სადაც მან 25 წელი იმსახურა. სასწავლებელში დიდი დატვირთვის მიუხედავად, იერემია მხურვალე მონაწილეობას იღებდა კულტურულ საქმიანობაში. ალექსანდრე ჯაბადართან და ლადო აღნიაშვილთან ერთად იგი მონაწილეობას იღებს "ქართველთა ამხანაგობა წიგნის გამოცემის" დაარსებაში. 1891 წელს "ამხანაგობამ" უკვე საკუთარი სტამბა შეიძინა და ნებართვა მიიღო ყოველთვიური პოლიტიკურ–ლიტარტურული ჟურნალი "დროება" გამოეცა.

   1912 წლიდან იერემია გულისაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი. მან მშობლიურ სოფელ გიორგიწმინდაში დააარსა ბიბლიოთეკა–სამკითხველო და შეუძინა მრავალი ქართული წიგნი.

   1912 წელს იერემია თავს ანებებს გერმანულ სკოლას და კახეთში მიდის საცხოვრებლად, სადაც მან მეურნეობას მოჰკიდა ხელი და საფუძველი ჩაუყარა მერძევეობის საქმეს. 1915 წლიდან იერემია გულისაშვილი საქველმოქმედო საზოგადოებამ აჭარაში მიავლინა ქართული სკოლების დამაარსებლად და ხელმძღვანელად. მისი ხელმძღვანელობით საზოგადოებამ აჭარაში გახსნა სკოლები, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ბათუმსა და ქობულეთში დააარსა ქალებისთვის სამკერვალო სასწავლებელი, ხოლო ხულოში სამჭედლო–საზეინკლო.

   1917 წელს გულისაშვილი მშობლიურ გიორგიწმინდას დაუბრუნდა. 1919 წელს საგარეჯოში გახსნა საშუალო სკოლა, სადაც მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1921 წელს იერემია საგარეჯოს რაიონის სკოლებისა და ქოხ–სამკითხველოების გამგედ დაინიშნა.

   1934 წელს მადლიერმა საზოგადოებამ სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის იერემია გულისაშვილს 50 წლის იუბილე გადაუხადა, ხოლო 1939 წელს მას საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება მიანიჭეს.

   იერემია გულისაშვილი  გარდაიცვალა 1958 წლის აპრილში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1912-)

Bibliography


Share: