Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი![]()
Biographyსოლომონ გულისაშვილი დაიბადა 1874 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში. თბილისის მე–2 გიმნაზიის კურსის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტში ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1901 წელს წარჩინებით დაამთავრა და შეთავაზებაც მიიღო უნივერსიტეტში დარჩენაზე, მაგრამ სოლომონმა უარი განაცხადა და სამშობლოში დაბრუნდა, რათა მთელი ენერგიით შესდგომოდა ახალგაზრდა თაობის სწავლა–აღზრდის საპატიო საქმეს. სოლომონმა მაშინვე ვერ განახორციელა თავისი განზრახვა და იძულებული გახდა სამსახური დაეწყო ბაქოს ნავთის სარეწაოებში. მხოლოდ 1907 წელს დაინიშნა იგი მასწავლებლად თბილისის ქართულ გიმნაზიაში საბუნებისმეტყველო საგნებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად და იგი არჩეული იქნა პედაგოგიური საბჭოს მდივნად. სოლომონს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მასწავლებელთა დახელოვნების საქმეში. 1918 წლიდან იგი მასწავლებელთა დახელოვნების კურსებს ხელმძღვანელობდა. 1923 წლიდან სოლომონ გულისაშვილი საგარეჯოში ახალგახსნილ 9 წლიან სკოლას ჩაუდგა სათავეში, სადაც განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საგარეჯოს რაიონის განათლების პედაგოგიური კაბინეტის მთელ რიგი სექციების, განსაკუთრებით ქიმია–ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის სექციების მუშაობას. სოლომონ გულისაშვილი გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. იგი აქტიურად იყო ჩაბმული "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მუშაობაში. საზოგადოების გამგეობის დავალებით იგი მუშაობდა ქართულ ენაზე ბუნებისმეტყველების ტერმინოლოგიის დასადგენად. სწორედ მისი რედაქციით გამოვიდა პირველად ქართულ ენაზე გეოგრაფიული ატლასი და ნახევარსფეროების რუკა. აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ "ნაკადულში", რომელშიც საბუნებისმეტყველო განყოფილებას განაგებდა. 1939 წელს სოლომონ გულისაშვილს საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება მიენიჭა, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, მედლით "1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის" და განათლების სამინისტროს სამკერდე ნიშნით – "სახალხო განათლების წარჩინებული". სოლომონ გულისაშვილი გარდაიცვალა 1952 წლის 20 მარტს, დაკრძალულია მშობლიურ სოფელ გიორგიწმინდაში. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |