The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ ალექსანდრეს ძე გუნცაძე

იოსებ ალექსანდრეს ძე გუნცაძე
Date of birth:1863
Date of death:1934  (at 71 years)
Burial location:ზესტაფონის რაიონი, სოფელი კვალითი
Category:Agronomist, Manufacturer

Biography

    ცნობილი ქართველი აგრონომი იოსებ გუნცაძე დაიბადა 1863 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში,  მემამულის ოჯახში. წერა–კითხვის შესწავლის შემდეგ მშობლებმა  ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს, რომელიც წარმატებით დაამთავრა და 1883 წელს საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ მონპელიეს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

   პარიზში ყოფნის დროს იოსებ გუნცაძე დაუმეგობრდა გამოჩენილ სოციალისტ ლავროვს, რომლის საშუალებით იგი  იმდროინდელ სოციალისტურ თეორიებსა და მოძრაობებს გაეცნო.

   პარიზში ცხოვრებას იოსებ გუნცაძე ასე იგონებს: "1883 წელს ჩავედი პარიზში, სადაც დამხვდნენ: ისიდორე წეროძე, ალექსანდრე დიდია, დათიკო წულუკიძე, გიორგი ვეზირიშვილი, დავით კარიჭაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და სხვები. პარიზში გვქონდა დაარსებული წრე, სადაც ხშირად ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით საქართველოს შესახებ, მის აწმყოსა და მომავალზე. დავაარსეთ სალარო, რომელსაც "კიდობანი" ვუწოდეთ. აქ თვითეულ ჩვენგანს შეგვქონდა ჩვენი წვლილი ყოველი ფულის მიღებაზე. "კიდობანის" მიზანი იყო დახმარებოდა იმ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. "კიდობანი" ჩაბარებული ჰქონდა დავით კარიჭაშვილს."

    1885 წლიდან იოსებ გუნცაძე პარიზიდან მონპელიეში გადადის. იმ დროს იქ ჩადის მწერალი ეგნატე ნინოშვილი, რომელიც ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა და იოსებმა ქართველ მწერალს დიდი ეკონომიური დახმარება გაუწია. "ბევრი მქონდა თუ ცოტა ჩემს ლუკმას ვიყოფდით და ისე ვცხოვრობდით ერთად" – იგონებს იოსებ გუნცაძე.

   1887 წელს იოსებმა დაამთავრა მონპელიეს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი და სამშობლოში დაბრუნდა. ეს ის დრო იყო, როცა უმაღლესი სასოფლო–სამეურნეო განათლება ჩვენში იშვიათად ვინმეს თუ ჰქონდა მიღებული, მეცნიერული ცოდნით შეიარაღებული იოსებ გუნცაძე თავის მშობლიურ სოფელ კვალითში დაბრუნდა და ხელი მოჰკიდა სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას.

   ამ დროს საქართველოში მძვინვარებდა ვაზის დაავადებანი. იოსებ გუნცაძემ ჩამოსვლისთანავე აღმოაჩინა უცნობი დაავადება "ჭრაქი–მილდიუმი", რომელსაც სოფლის გლეხობა ჭირს უწოდებდა და ამის შესახებ მან ქართულ საზოგადოებას გაზეთ "ივერიის" საშუალებით აცნობა. საფრანგეთში ეს ავადმყოფობა პირველად 1878 წელს აღმოაჩინა ვ. პლანშონმა, ხოლო ამერიკაში ცნობილი იყო 1834 წლიდან.

    იოსებ გუნცაძე საქართველოში პირველი ამტკიცებდა ფილოქსერისაგან ჩვენი მევენახეობის ხსნა მხოლოდ ამერიკული ვაზის გამოყენებით შეიძლებაო. მისმა მოსაზრებამ გააბათილა ფრანგი პროფესორი მარიონის რჩევა საქართველოში მევენახეობაზე ხელი აეღოთ და გვირილა გაეშენებინათ. ვენახების გაჩეხვის, როგორც ფილოქსერასთან ბრძოლის ერთადერთი გზის, მომხრენი იყვნენ ევროპელი და რუსი მეცნიერებიც. თავისი მოსაზრება იოსებ გუნცაძემ დაასაბუთა 1891 წელს თბილისში გამართულ თათბირზე, სადაც მოწვეულნი იყვნენ საფრანგეთის გამოჩენილი პროფესორი მარიონი, აკადემიკოსი კოვალევსკი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი და ადგილობრივი აგრონომები. პროფესორი მარიონი ქართულ საზოგადოებას ურჩევდა ამერიკული ვაზი საერთოდ უვარგისია და უმჯობესია საქართველოში ხელი აიღოთ მევენახეობაზეო. ამერიკულ ვაზზე მყნობას უარყოფდნენ დასავლეთ ევროპისა და სხვა გამოჩენილი სპეციალისტებიც. მათ ფილოქსერასთან ბრძოლის საშუალებად მიაჩნდათ რადიკალური წესი, რომელიც პირველად 1875 წელს შვეიცარიაში გამოიყენეს. რადიკალური წესის თანახმად ფილოქსერით დაავადებულ ვაზს თხრიდნენ და ჭიგოიანად წვავდნენ, ხოლო ნავენახარ ადგილში ფილოქსერის მოსასპობად შხამებს უშვებდნენ. ესენი იყვნენ პროფესორები: ბალბანი, მაქსიმ კორნე, კუანონი, მარიონი, დიუფური, მორიცი, ჰაუსი, კელერი და დოქტორი ფასიო.

   მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა აგრონომისათვის რთული იყო გამოჩენილ პროფესორებთან კამათი, მან მაინც დაამტკიცა, რომ ამერიკული ვაზის საშუალებით შეიძლებოდა ჩვენი მევენახეობის აღდგენა და რომ ამერიკულ მწარეზე დამყნილი ვაზი საქართველოში კარგად იხეირებდა, რაც შემდეგში სავსებით გამართლდა კიდეც. ამავე დროს იოსებ გუნცაძე ცდებს აწარმოებდა ბორდოს ხსნარის დასამზადებლად, რის შედეგადაც შეიმუშავა წამლის დამზადების ისეთი რეცეპტი, რომელიც შედარებით ნაკლებ მასალას თხოულობდა და უკეთეს შედეგებსაც იძლეოდა როგორც მკურნალობის, ასევე ვაზის გაძლიერების თვალსაზრისით. ასევე დიდი დამსახურება მიუძღვის იოსებ გუნცაძეს ვაზის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებების შექმნაში.

   წინააღმდეგ გავრცელებული აზრისა, იოსებ გუნცაძემ ჯერ კიდევ 1890 წელს ქუთაისის სამეურნეო განყოფილებაში გამოთქვა თავისი აზრი რადიკალური წესისა და ამერიკული ვაზის თაობაზე: "Таким образом, еще раз мы видим, что вопрос о возобновлении виноградников американскими лозами есть один из существенных вопросов, за которого нужно взяться не теряя ни одной минуты, тем более, что в Шорапанском уезде филоксера настолько распространена, что уничтожить его какими-либо средствами уже невозможно..."

    მიუხედავად იმისა, რომ იოსებ გუნცაძე საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მაგალითზე ასაბუთებდა ამერიკული ვაზის უპირატესობას, როგორც ფილოქსერასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას, რუსი აგრონომები მაინც რადიკალურ წესს აძლევდნენ უპირატესობა. მათ ეთანხმებოდნენ ქართველი აგრონომებიც, რაც ნიშნავდა მთელი ქუთაისის გუბერნიის ვენახების გადაკაფვა–გადაწვას.

    ამ დროისათვის იოსებ გუნცაძეს კარგი ამერიკული ვაზის სანერგე ჰქონდა მოწყობილი. იგი წერდა: "როდესაც ვლადიმერ სტაროსელსკიმ ნახა ჩემს სანერგეში ამერიკული ვაზი, მხოლოდ ამის შემდეგ მიჰყო მან ხელი ამერიკული ვაზის გაშენებას ჩვენში. პირველი ამერიკული ვაზი მან ჩემგან გააშენა საქარის სანერგეში, ჩემგან ისწავლა ვაზის მყნობა და მისი მოვლა."

    1905 წლის რევოლუციის დროს იოსებ გუნცაძე აქტიურად იყო ჩაბმული საერთო სახალხო მოძრაობაში. იგი ხელს უწყობდა და მფარველობდა ადამიანებს, რომელთა დაპატიმრებასაც პოლიცია ლამობდა. ამის გამო მაშინდელმა მაზრის უფროსმა მანსვეტოვმა დააპატიმრა იოსებ გუნცაძე, მაგრამ გავლენიანი პირებისა და თვით მთავარმართველის დახმარებით იგი მალევე გაათავისუფლეს.

    1906–1907 წლებში საქართველოს სოფლის მოსახლეობა უაღრესად ცუდ ეკონომიურ პირობებში იმყოფებოდა. იოსებ გუნცაძემ შორაპნის მაზრაში დააარსა საზოგადო მაღაზია, საიდანაც სოფლის გლეხობას შეღავათიან ფასებში გამოჰქონდა სურსათ–სანოვაგე.

    1908 წელს იოსებ გუნცაძემ ზესტაფონში დააარსა საკრედიტი ამხანაგობა "იმერეთი", რომელსაც 1923 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა. ამ საზოგადოების მიზანი იყო ხელი შეეწყო მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის და გაეთავისუფლებია სოფლის მწარმოებელი გლეხობა ვაჭრისა და ყოველგვარი შუამავლისაგან. საზოგადოებას ჰქონდა ურთიერთდახმარების ფონდი, რომელიც სეტყვის, სტიქიური უბედურებებისა და მოუსავლიანობის შემთხვევაში დახმარებას უწევდა მოსახლეობას.

    იოსებ გუნცაძეს, როგორც შორაპნის მაზრის საკრედიტო ამხანაგობის ხელმძღვანელს, კავშირი ჰქონდა ევროპის ფირმებთან და მათი დახმარებით საქართველოში შემოჰქონდა ახალი, გაუმჯობესებული სასოფლო–სამეურნეო მანქანა–იარაღები, ხელსაწყოები და აპარატები. სასოფლო–სამეურნეო პროპაგანდის მიზნით ატარებდა საცდელ–საჩვენებელ სამუშაოებს, ექსპერიმენტებს, ხალხს აჩვენებდა ახალ აგროტექნიკულ წესებს. ევროპელ მოწინავე მეღვინეთა გამოცდილების საფუძველზე ატარებდა სადემონსტრაციო ცდებს ღვინის ტექნოლოგიის საკითხებზე, შეიმუშავა ქართული ვაზის ჯიშებისაგან ღვინის დაყენების რამდენიმე ახალი ხერხი.

    1908 წლიდან იოსებ გუნცაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1910 წლიდან საზოგადოების  ყვირილას რაიონული განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული მის საქმიანობაში.

   იოსებ გუნცაძე სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესასთან. მის არქივში დაცულია ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო ხელნაწერი დოკუმენტი, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვაძლევს მე–19 საუკუნის მიწურულისა და მე–20 საუკუნის დასაწყისის იმერეთის ეკონომიური ყოფის დასახასიათებლად. მის ბიბლიოთეკაში დაცული სპეციალური წიგნები და ჟურნალ–გაზეთები მოწმობენ, რომ ის გამუდმებით ადევნებდა თვალყურს სოფლის მეურნეობის მდგომარეობას დასავლეთ ევროპაში. მნიშვნელოვანია აგრეთვე წერილები ფრანგულ ენაზე, რომელიც იოსებს საფრანგეთიდან მიუღია.

     იოსებ გუნცაძეს ნათარგმნი აქვს რამდენიმე ნაშრომი ფრანგულიდან. იმ დროისათვის ეს შრომები მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სოფლის მეურნეობისათვის.

    იოსებ გუნცაძის არქივი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

    დიდია იოსებ გუნცაძის ღვაწლი დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გაუმჯობესების საქმეში. საქართველოში კოლმეურნეობების შექმნის პირველი დღიდანვე იგი გარდაცვალებამდე ემსახურებოდა სოფელ კვალითის კოლმეურნეობას, როგორც აგრონომი. 

    იოსებ ალექსანდრეს ძე გუნცაძე გარდაიცვალა1934 წელს და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ კვალითში.


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების წევრი (1910-1912)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:სოფელი კვალითი

Share: