The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი (თავადი)

დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი
სხვა სახელი:ამიერი  (ფსევდონიმი)
გამმა  (ფსევდონიმი)
ინკოგნიტო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1857
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 1926  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მწერალი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

    დავით გურამიშვილი დაიბადა 1857 წელს.

    1873 წელს, თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, გურამიშვილი ხალხოსანთა წრის მუშაობაში ჩაება და ამ წრემ რევოლუციურ საზოგადოებებთან კავშირის დასამყარებლად ი.ს. ჯაბადარის მოწმობით საზღვაგარეთ გაგზავნა.

    1874 წელს შვეიცარიაში კავკასიელთა კონგრესს დაესწრო, რომელმაც განიხილა ეროვნული და კავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის საკითხი. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, 1880-იან წლების დამდეგს, იუმორისტულ ჟურნალ „ფალანგაში“ და ნიკო ნიკოლაძის „ობზორში“  კარიკატურებს ათავსებდა. თავი ისახელა მახვილი სატირული ნაწერებით.

     დავით გურამიშვილის მხატვრული ნიჭი შენიშნა მხატვარმა მიხაი ზიჩმა, რომლის რჩევითაც იგი  მხატვრობის შესასწავლად მიუნხენში წავიდა. 1886 წელს მან ჩააბარა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში, სადაც 1888 წლამდე სწავლობდა და მონაწილეობას იღებდა გამოფენებში. გურამიშვილისთვის დამახასიათებელია იყო მახვილი თვალი, იუმორის გრძნობა და შესრულების მაღალი ოსტატობა.

    სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დავით გურამიშვილი აქტიურად ჩაება ქვეყნის ცხოვრებაში. მონაწილეობას იღებდა საადგილმამულო ბანკის საქმეებში და კახეთის რკინიგზის გაყვანაში. მისი მეოხებით მოხერხდა კახეთის რკინიგზის გამოკვლევა და კერძო მესაკუთრეების ხელიდან საქვეყნო ქონებად გადაქცევა. თავგამოდებით მონაწილეობდა ქართული ბანკის მოგების კულტურულ დაწესებულებათა შორის განმანაწილებელ კომისიაში, დიდი გავლენა მოახდინა ტყიბულის ქვანახშირის მრეწველობის განვითარებაზე. იგი გახლდათ მაღაროების საექსპლუატაციო საზოგადოების დაარსების მთავარი ინიციატორი და 15 წლის განმავლობაში დაუღალავი ენერგიისა და საქმის ზედმიწევნითი ცოდნის წყალობით, მრეწველობის ეს დარგი მყარ ნიადაგზე დააყენა. მან პირველმა შემოიღო ნავთის სიმხურვალით განათებული ლამფები, რომლის კონსტრუქციაში ფრიად თვალსაჩინო გაუმჯობესება შეიტანა. გურამიშვილი 12 წლის განმავლობაში ედგა ამ საქმეს სათავეში და მისი თაოსნობით არაერთი მიყრუებული და დაბნელებული დაბა-ქალაქი ეღირსა სინათლეს.

    1909 წელს დავით გურამიშვილი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის მოვალეობას ასრულებდა. 1913 წელს, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საკრებულოდან დავით ჩოლოყაშვილსა და ილია ჭავჭავაძესთან ერთად, რუსეთ-აზიის ბანკთან კახეთის რკინიგზის შესახებ ახალი ხელშეკრულების დასადებად რუსეთში გაემგზავრა, მინდობილი საქმე წარმატებით დააგვირგვინა და ახალი ხელშეკრულება დადო, რომლის ძალითაც თავადაზნაურობას უფლება მიეცა, შეეძინა კახეთის რკინიგზის აქციები 550 ათასი მანეთისა, რათა მისი პატრონი შექმნილიყო.  მართალია, ამ ხელშეკრულების მიღებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მაგრამ გურამიშვილის შემწეობით სასიკეთოდ დამთავრდა. დავით გურამიშვილს ამ დიდი საქმის ფანატიკოსსაც კი უწოდებდნენ. მან ამ დიდ ეროვნულ საქმეში საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ჩააბა. მხატვრის მეუღლე, სოპრანო კლარა ტიტელი, საქველმოქმედო კონცერტებსაც კი მართავდა, რათა რკინისგზის მშენებლობას შემოსავალი გაზრდოდა.

   1912 წელს თბილისში დავით გურამიშვილის სურათების პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელსაც პრესამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა.

    დავით გურამიშვილი მონაწილეობას იღებდა ქართული თეატრის საქმეებში და ქართული დრამატული ხელოვნების წარმატებაში. 3 წელი იგი ქართული თეატრის გამგეობის თავმჯდომარე იყო. უფრო დიდი ღვაწლი უდევს ქართველ მხატვართა კავშირის დაარსებაში. კავშირის წესდების შედგენა, ორგანიზაცია და კომისიების გაფართოება მისი მონაწილეობით წარმოებდა, რის გამოც 1921 წელს მხატვართა კავშირის მუდმივ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

     დავით გურამიშვილი გახლდათ მოყვარული ფოტოგრაფი. იგი ძლიერი და გაბედული ორატორი იყო, რის გამოც ხშირად ავალებდნენ ქართველი საზოგადოების სახელით სიტყვის წარმოთქმას. დავით გურამიშვილმა რამდენიმე საინტერესო წერილი დატოვა მე-19 საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნებისა და თეატრის შესახებ.

    1917 წელს მხატვარი დავით გურამიშვილი საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი იყო. 1923 წლიდან იგი მხოლოდ მხატვრობაში ეძებდა ნუგეშსა და კმაყოფილებას. ამ პერიოდში დახატა რამდენიმე საუკეთესო ნახატი. მათ შორის ავტოპორტრეტი, ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი და სხვა.

    დავით გურამიშვილი გარდაიცვალა 1926 წლის 9 აგვისტოს და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

    დავით გურამიშვილი გახლდათ ნიკო ნიკოლაძის მეუღლის ოლღა გურამიშვილის და.

    დავით გურამიშვილი რამდენიმე ნამუშევარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მხატვართა კავშირი, მუდმივი საპატიო თავმჯდომარე (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1911)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:სანკტ–პეტერბურგი

გააზიარე: