The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ ლევანის ძე დადიანი (გრიგოლ კოლხიდელი)

გრიგოლ ლევანის ძე დადიანი
Other name: "მეგრელი"  (Pseudonym)
"გ. დ."   (Pseudonym)
"იოანე გეგეჭკორი"  (Pseudonym)
"კ"  (Pseudonym)
Date of birth:18 October, 1814
Date of death:19 January, 1902  (at 87 years)
Burial location:მარტვილის საკათედრო ტაძარი
Category:Poet, Military Person

Biography

      გრიგოლ დადიანი დაიბადა 1814 წლის 19 ოქტომბერს (ძვ.სტ. 6 ოქტომბერი) ზუგდიდში, სამეგრელოს მთავრის ლევან V დადიანის ოჯახში.

     გრიგოლ დადიანი იყო პოეტი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, სამეგრელოს სამთავრო ოჯახის წევრიქველმოქმედი, გენერალ-ადიუტანტი და რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი.

      გრიგოლი 1828 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1834 წლიდან ჯერ ლაიბგრენადერთა, ხოლო შემდეგ პრეობრაჟენკოეს პოლკში მსახურობდა. 1844 წელს პოლკოვნიკის ჩინი მიენიჭა. პეტერბურგში ყოფნის დროს იგი დაუახლოვდა იქ მცხოვრებ ქართველ ბატონიშვილებს, განსაკუთრებით მეგობრობდა თეიმურაზ ბატონიშვილთან. პეტერბურგშივე დაიწყო ლექსების წერა.

    1845 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ სამეგრელოში დაბრუნდა. ყირიმის ომის დროს, 1853-1856 წლებში კავკასიის ფრონტზე ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს მეთაურობდა. 1854 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ.      1877–1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში მონაწილეობისათვის მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ხოლო 1880 წელს, სამხედრო სამსახურის 50 წლისთავზე, გენერალ-ადიუტანტის წოდება. 

     გრიგოლ დადიანს ეკუთვნის ისტორიული პოემა "რუხის ბრძოლა" (ცხოვრება დიდისა მეფის სოლომონისა), რომელიც 22 წლის ასაკში დაწერა და რომელშიც აღწერილია 1780 წელს მეგრელ-იმერთა ერთობლივი ბრძოლა აფხაზთა და კავკასიელ მთიელ მომხდურთა წინააღმდეგ. იოანე გეგეჭკორის ფსევდონიმით დაწერილი ეს პოემა დავით ჩუბინიშვილმა თავისი "ქართული ქრესტომატიის" 1863 წლის გამოცემაში შეიტანა. გრიგოლის კალამს ეკუთვნის პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ლექსები, თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში "ცისკარი", "ივერია" და სხვა.

     გრიგოლ დადიანი მონაწილეობდა 1880 წელს დაარსებული "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში. საერთოდ "ვეფხისტყაოსანი" მისი გაუნელებელი სიყვარულის საგანი იყო. გრიგოლს დიდი წვლილი მიუძღვის იპოლიტ ბარტდინსკის მიერ "ვეფხისტრაოსნის" რუსულ ენაზე თარგმნის საქმეში.

    გრიგოლ დადიანი იყო დიდი ქველმოქმედი პიროვნება. მან მთელი თავისი ქონება და მდიდარი ბიბლიოთეკა უანდერძა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", რომლის დამფუძნებელი წევრიც თავად გახლდათ 1879 წლიდან. გრიგოლმა ფული შესწირა სხვადასხვა სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დააწესა პრემია "საუკეთესო თხზულებისთვის ქართულ ენაზე", საგანგებოდ დატოვა თანხა ქუთაისის ღარიბ მოსახლეობაში დასარიგებლად...

      გრიგოლ დადიანის მეუღლე იყო გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის ასული ტერეზია. მათ ჯვარი 1845 წელს პეტერბურგში დაიწერეს.  ჯვრისწერასა და ქორწილს დაესწრო იმპერატორი ნიკოლოზ I – "გრიგოლის მხრით დედ-მამად იყვნენ ნინო დედოფალი, ბებია გრიგოლისა და მემკვიდრე ცესარევიჩი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე. ჯვარი დასწერა ხელმწიფის მოძღვარმა ბაჟანოვმა სასახლის ეკლესიაში".

    ტერეზია გურიელი-დადიანისა გარდაიცვალა 1871 წელს. თავად გრიგოლ დადიანმა სიცოცხლის ბოლო წლები ლეჩხუმში, სოფელ სურმუშში მამისეულ სასახლეში გაატარა.

    გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა 1902 წელს ქუთაისში და დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში.

   

    


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Awards and Honors

  • 1883 - რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი

Contacts Information

  • Home
    Address:ახალ–სენაკი

Share: