The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ეკატერინე ალექსანდრეს ასული დადიანი (სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი)

ეკატერინე ალექსანდრეს ასული დადიანი
Legal name:ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე
Date of birth:19 March, 1816
Date of death:13 August, 1882  (at 66 years)
Burial location:მარტვილის ტაძარი
Category:Royalty

Biography

    ეკატერინე ჭავჭავაძე დაიბადა 1816 წელს თბილისში ქართველი რომანტიკოსი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახში. ეკატერინეს ბაბუა გარსევან ჭავჭავაძე ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე იყო, დიპლომატი, რომელმაც როგორც ქართლ-კახეთის სამეფოს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, აქტიური მონაწილეობა მიიღო 1783 წლის „გეორგიევსკის ტრაქტატის“ დადებაში.

    პირველადაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ეკატერინე შეიყვანეს სანკტ-პეტერბურგის გამორჩეულ პანსიონში, რომელიც პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევა-ახვერდოვას ეკუთვნოდა. სწორედ ახვერდოვას სასწავლებელში შეხვდა პირველად ეკატერინე თავის მომავალ მეუღლეს, სამეგრელოს ტახტის მემკვიდრეს დავით დადიანს.

    1839 წელს ეკატერინე ცოლად გაჰყვა დავით ლევანის ძე დადიანს. იგი მუდამ პატივისცემით ეპყრობოდა და იცავდა დადიანების ოჯახისა და სამეგრელოს პრესტიჟს, ჯერ როგორც თავადი დადიანის მეუღლე და შემდგომ როგორც დედოფალი. თავისი მდგომარეობა მან სამეგრელოს რეგიონში დასავლური ღირებულებების დანერგვას მოახმარა. იგი მოსახლეობის განათლებასა და სამეგრელოს ტერიტორიის დაცვაზე ზრუნავდა, ხოლო თავადი დადიანის ფრიად შთამბეჭდავი ბიბლიოთეკის დაცვასა და შენარჩუნებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.  ეკატერინეს სახელთანაა დაკავშირებული ზუგდიდის სასახლის ბაღი, რომლის გასალამაზებლად მან მებაღეები უცხოეთიდან მოიწვია, შემოიტანეს ეგზოტიკური მცენარეების ნერგები და ფაქტიურად სასახლის ბაღი თავიდან დააპროექტებინა.

    ეკატერინე აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა–გამგეობაშიც. დადიანებს ჰყავდათ ოთხი შვილი ნიკო, (ნიკოლოზ I ნათლული), ანდრია, სალომე (აშილ მიურატის მეუღლე) და თამარი.

     1853 წლის აგვისტოში, 42 წლის ასაკში, დავითი მალარიით დაავადდა, ერთი თვე იავადმყოფა და გარდაიცვალა. ამ დროისათვის ეკატერინე 37 წლის იყო. რამდენადაც დავითის მემკვიდრე, ნიკო დადიანი, საკმაოდ ახალგაზრდა იყო  სამეგრელოს დე ფაქტო მმართველი და დედოფალი ეკატერინე გახდა. რუსეთის იმპერატორმა იგი რეგენტად დაამტკიცა. დედოფალმა, დავითის მეგობარი პლატონ იოსელიანი, მთავარ მრჩევლად დანიშნა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებაში  და ბავშვების მეურვეობაც ითავა. ეკატერინე აგრძელებდა დავითის მიერ დასახული როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას, რომლის ქვაკუთხედს ურჩი ფეოდალებისა და ამპარტავანი მღვდლების დაშოშმინება და ეკლესიის შემოსავლების კონტროლი წარმოადგენდა.

    1853–1856 წლების, ყირიმის ომის დროს, აფხაზეთში შეჭრის შემდეგ ომარ ფაშამ გეზი სამეგრელოსკენ აიღო და ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავა.  ეკატერინემ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, მაგრამ დახმარების პერსპექტივა არ სჩანდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაშინაც კი, როცა ოსმალთა სარდალმა ომარ ფაშამ სცადა ლეჩხუმში, მურის ციხეში გახიზნულ სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმებას და მას სამეგრელოს მმართველობას სთავაზობდა, ეკატერინე დადიანი რუსეთის ერთგული დარჩა. იგი სახალხო თავდაცვის ორგანიზებას შეუდგა, ხალხს ამხნევებდა და თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებდა. მთელი მოსახლეობა ჩაება თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში. გლეხებისა და დიდგვაროვანთა შენაერთები გვერდიგვერდ იბრძოდნენ და რუხის ციხის შეტევაზე გადავიდნენ. გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც თავად ეკატერინე ხელმძღვანელობდა, ნოქალაქევის ციხე-სიმაგრესთან შედგა და თურქეთის არმიამ საშინელი დამარცხება განიცადა.

     1856 წელს ეკატერინე დადიანი ალექსანდრე II  მეფედ კურთხევის ცერემონიაზე მიიწვიეს.  პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს და  „სტატს დამის“ წოდება მიანიჭეს. კორონაციის შემდეგ  ალექსანდრემ ეკატერინე წმინდა ეკატერინეს ჯვრის ორდენითა და რვაქიმიანი ვარსკვლავის ორდენებით დააჯილდოვა იმ წვლილისათვის, რომელიც მან თურქების დამარცხების საქმეში შეიტანა. მას აგრეთვე წმინდა ანდრიას ორდენი და წმინდა გიორგის ბრინჯაოს მედალიც მიანიჭეს. მთელი ეს თვალშისაცემი პატივისცემა, რეალურად, ფარული პოლიტიკური მიზნების შესანიღბად იყო გამიზნული, რომელიც სამეგრელოს სამთავროს გაუქმებას ემსახურებოდა.

   1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა სასტიკად დასჯას თხოულობდა. მთავრობამ ეს მომენტი სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს „დროებით“ მმართველად გენერალი კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო. ეკატერინე რუსეთს გაემგზავრა და სანკტ-პეტერბურგში დასახლდა. მას ცარსკოე სელოში, პეტრე ბაგრატიონის მშვენიერი მამულის ერთ-ერთ ნაწილში საზაფხულო აგარაკი გამოუყვეს

     სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეკატერინემ განსაკუთრებული ზრუნვა საგვარეულო ბიბლიოთეკისა და ხელნაწერებისადმი გამოიჩინა. მან აგრეთვე წვლილი შეიტანა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ ენაზე თარგმნაში. მასთან ზუგდიდში ამ დროს სტუმრად იმყოფებოდა ბერტა ფონ-ზუტნერი მეუღლესთან ერთად, რომელმა იონა მეუნარგიასთან ერთად "ვეფხისტყაოსნის" ტექსტი მიხაი ზიჩისთვის ფრანგულად მოამზადეს. ეკატერინე დადიანმა შთამომავლობას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებისა და პოემა „ბედი ქართლისას“ ხელნაწერი რვეული შემოუნახა. მრავალმხრივი ინტერესების მიუხედავად, ეკატერინეს მაინც ენატრებოდა სამეგრელოს დედოფლის სტატუსი...

    ეკატერინე ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1882 წლის 13 აგვისტოს და დაკრძალულია მარტვილის დედათა მონასტერშიმეუღლის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი წევრი (1879-1882)

Share: