The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი

რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი
Date of birth:6 November, 1882
Date of death:4 March, 1969  (at 86 years)
Burial location:პარიზი, ბანიოს სასაფლაო
Category:Politician, Political Leader, Publicist

Biography

      რევაზ გაბაშვილი დაიბადა 1882 წელს თბილისში ქართველი მწერლის ეკატერინე გაბაშვილისა და თავად ალექსანდრე გაბაშვილის ოჯახში. რევაზს წერა–კითხვა ოჯახში დედამ შეასწავლა. რვა წლისა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში შეიყვანეს, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა. სასწავლებელი 1902 წელს დაასრულა და განათლების მისაღებად ბელგიაში გაემგზავრა. შევიდა ქ. ლიეჟის მონტეფიორეს სახელობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში. 1905 წელს, რევოლუციის პერიოდში, ინსტიტუტი მიატოვა და თბილისს დაუბრუნდა. აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში (სოციალ–ფედერალისტებთან ერთად). ამ პერიოდს რევაზ გაბაშვილი ასე იხენებს: "ერთი ყიფიანი იყო ბრიუსელში. ის გვასწავლიდა თოფის სროლას... ვემზადებოდით, ასე ვთქვათ, რევოლუციისა და საქართველოს გათავისუფლებისთვის... და ზაფხულში, როცა მე შევისწავლე ბომბებისა და ასაფეთქებელი მასალების დამზადება, დავბრუნდი საქართველოში. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ჩავწერილვარ წევრად, მაგრამ რადგან ორი პარტია იყო – ერთი დემოკრატიული, რომელიც ემსახურებოდა მარტო რუსეთის დემოკრატიას, მეორე – ფედერალისტები, რომლებიც აყენებდნენ, ასე თუ ისე ეროვნულ საკითხს, მე იმათ მივეკედლე... ეს იყო ჩემი პირველი პოლიტიკური გამოსვლა. აქტიური გამოსვლა, თორემ პოლიტიკურ საკითხებში, პოლიტიკურ ასპარეზზე მე უკვე 15-16 წლიდან გამოვედი". 1906 წლის რეაქციას რევაზ გაბაშვილი საფრანგეთში გაერიდა, ოღონდ ამჯერად არალეგალურად, სხვისი პასპორტით, ამ დროისთვის პარიზში იმყოფებოდა სოციალ–ფედერალისტთა ლიდერი, ანარქისტი გიორგი დეკანოზიშვილი, რომლისგანაც ინსტრუქციები მიიღო და 1907 წელს ისევ საქართველოში დაბრუნდა. თბილისში ცხოვრება არ შეეძლო, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. გადავიდა ბაქოში და რადგან საინჟინრო საქმეები აინტერესებდა ნავთის ქარხანაში დაწყო მუშაობა მენავთობე მუხთაროვთან. ამავე წელს დაქორწინდა და მეუღლესთან, მარიამ ცისკარიშვილთან, ერთად სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა.

1907 წლის სექტემბერში რევაზ გაბაშვილი მიიღეს პეტერბურგის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე (ქიმიის განყოფილება). ბელგიაში სწავლის პერიოდი ჩაუთვალეს და მეორე კურსზე დასვეს, მეუღლე კი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ცოლ–ქმარი გულმოდგინედ სწავლობდა, შვილიც შეეძინათ და რომ არა შემთხვევითობა რევაზ გაბაშვილი ალბათ პოლიტიკას აღარ დაუბრუნდებოდა.

1910 წელს პეტერბურგში ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტუდენტთა გამოსვლები დაიწყო. უნივერსიტეტში თავის საქმეზე მისული რევაზ გაბაშვილი პოლიციის ალყაში მოჰყვა. მის ახსნა–განმარტებებს ყური არავინ ათხოვა, დააპატიმრეს, სამი თვით ციხეში ჩასვეს და უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალეს.

1911 წელს საქართველოში დაბრუნებული რევაზ გაბაშვილი აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში: "წერა–კითხვის საზოგადოება", თავადაზნაურთა საკრებულო და მისი "მიწათმოქმედების კომისია", "სათავადაზნაურო ბანკი". სხვადასხვა დაწესებულებებიდან შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყოდლოდ გადასცა 52 ათასი დესეტინა მიწა. შექმნა რამდენიმე კოოპერაციული გაერთიანება – სიღნაღის მაზრის მეთამაბქოეობა, მთიულეთის მეცხვარეობა "მწყემსი", "დიდი ლილოს მერძევეობა" და სხვა. 

ამ პერიოდის საქართველოში ორი მთავარი პარტია ებრძოდა ერთმანეთს – სოციალ–დემოკრატიისა და სოციალისტ–ფედერალისტებისა. რევაზ გაბაშვილი გაემიჯნა ორივე პარტიას და 1911 წელს შალვა ამირეჯიბთან და დათა ვაჩნაძესთან ერთად შექმნა საქართველოს ეროვნული პარტია, რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გადაკეთდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიად. ახალი მიმართულების იდეოლოგიისა და მიზნების პროპაგანდისთვის რევაზ გაბაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დაარსა და ხელმძღვანელობდა ყოველკვირეულ ჟურნალ "კლდეს" (1912-15 წწ.), 1915 წლიდან კი ყოველდღიურ გაზეთ "საქართველოს". ამ ორგანოთა ირგვლივ შეიკრიბა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი (სპირიდონ კედია, გიორგი გვაზავა, შალვა ქარუმიძე, დავით კასრაძე, იროდიონ სონღულაშვილი და სხვები), რომლებმაც ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ბირთვი შეადგინეს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რევაზ გაბაშვილი გახდა პარლამენტის წევრი ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ქვოტით.

1921 წელს რევაზ გაბაშვილი ემიგრაციაში წავიდა, მეუღლე და სამი შვილი (ციალა, ალექსანდრე, გურამი) სამშობლოში დატოვა. ოთხ წელიწადს სტამბოლში ცხოვრობდა და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იცოდა ათამდე ენა – თურქული, სპარსული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური... სტამბოლიდან საფრანგეთში ჩავიდა და პარიზში დასახლდა, პოლიტიკური შრომების გარდა, ისტორია–არქეოლოგიასა და ეთნოგრაფიაში მუშაობდა. მეგობრობდა ზურაბ ავალიშვილთან და ვიქტორ ნოზაძესთან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მცირე ხნით გაერთიანებული ქართული ემიგრაცია კვლავ დაიშალა. ერთ მხარეს შეიქმნა "ეროვნული საბჭო" (ნოე ჟორდანია და მისი მომხრეები), მეორე მხარეს "ეროვნული ცენტრი", რომლის საპატიო თავმჯდომარედ მიიწვიეს გენერალი გიორგი კვინიტაძე, ფაქტიური თავმჯდომარე კი რევაზ გაბაშვილი იყო, ხოლო პასუხისმგებელი მდივანი ალ. მანველიშვილი. "ეროვნული ცენტრი" გამოსცემდა გაზეთს – "საქართველოს დამოუკიდებლობა" (1951-1956 წწ.).

1950-1960 წლებში რევაზ გაბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა მიუნხენში რუსულ და ინგლისურ ენებზე გამომავალ ჟურნალებში: "Кавказ", "Объединенный Кавказ", "Свободный Кавказ", ასევე ამერიკელ ქართველთა გაზეთში – "ქართული აზრი".

1967 წელს პარიზში ფრანგულად გამოსცა "L˜apport de la race caucasienne dans la civilisation mondiale" (კავაკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში), თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. ამავე დროს მუშაობდა ლიტერატურათმცოდნეობაში. გურამ გაბაშვილის ცნობით, მას პარიზში დარჩა გამოუქვეყნებელი ხელნაწერი შრომები საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებზე. 1959 წელს მიუნხენში გამოქვეყნდა მისი გახმაურებული მემუარები – "რაც მახსოვს". წიგნმა ქართული ემიგრანტული, განსაკუთრებით კი სოციალ–დემოკრატიული წრეების აღშფოთება გამოიწვია.

შვილებმა – ციალა და გურამ გაბაშვილებმა მხოლოდ 1968 წელს შეძლეს თითქმის ნახევარი საუკუნის უნახავ მამასთან სტუმრად ჩასვლა. 1969 წლის 14 მარტს რევაზ გაბაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. განისვენებს პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე, ემიგრაციაში ცხოვრების თანამგზავრისა და მეუღლის ელისაბედ (ლიზა) ყიფიანის (1892-1963) გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

Share: