The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი

ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1851
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 1938  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

     ეკატერინე გაბაშვილი დაიბადა 1851 წელს გორში, რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილის (თარხან–მოურავი) ოჯახში, რომელიც ლიბერალურ თავადაზნაურობას მიეკუთვნებოდა, დედა ადრე გარდაეცვალა და  ეკატერინესა და მისი უმცროსი ძმის სოსიკოს აღზრდა ბებიამ იტვირთა, რომელიც მეტად მძიმე ხასიათის ქალი ყოფილა და რომელიც წინააღმდეგი იყო ქალის ფართო განათლებისა, მაგრამ მამა არ შეეპუა და 7 წლის ეკატერინე გორში პოლკოვნიკ ფავლენიშვილის ქვრივს – მაიკოს მიაბარა, რომელმაც წერა–კითხვა და რამდენიმე ლოცვა შეასწავლა.

   1859 წელს ეკატერინე თბილისში ჩამოიყვანეს და ჯერ გერმანულ სკოლაში მიაბარეს, შემდეგ 12 წლისა გადაიყვანეს მადამ ფავრის ცნობილ პანსიონში, სადაც მიიღო საშუალო განათლება. პანსიონში სხვა სასწავლო საგნებთან ერთად, დიდი ყურადება ეთმობოდა ქართულ ენას. ქართულს ასწავლიდნენ ალექსანდრე ცაგარელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები. გამოცდებზე მიწვეული იაკობ გოგებაშვილი იმდენად მოიხიბლა ეკატერინეს მონდომებითა და ცოდნით, რომ თავისი "პირველი ანბანი" უსახსოვრა. მომავალი მწერალი მთელი სიცოცხლის მანძილზე სასოებით ინახავდა ამ ძვირფას საჩუქარს. პანსიონის დასრულების შემდეგ მწერალმა ქალმა პედაგოგობას მოჰკიდა ხელი.

    ეკატერინე გაბაშვილმა უსახსრობის გამო უმაღლესი განათლება ვერ მიიღო, 1868 წელს გორში დაბრუნდა და ხელი მიჰყო თვითგანათლებას. გაეცნო რუსულ და უცხოურ ლიტერატურას, სოციოლოგიას. 17 წლის ეკატერინემ მასწავლებლობა დაიწყო და ღარიბ ბავშვებს წერა–კითხვას უსასყიდლოდ ასწავლიდა. აქვე დაწერა მოთხრობა “სოფლის მასწავლებელი”. ეკატერინე გაბაშვილი ხელმძღვანელობდა სამღვდელოების მიერ ეკლესიასთან არსებულ ქალთა სკოლას. 

    1871 წელს ეკატერინე ცოლად გაჰყვა ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაშვილს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ჰყავდა 11 შვილი – 7 ვაჟი და 4 ქალი. თბილისში ეკატერინე გაბაშვილი დაუახლოვდა ქართული მწერლობის მოწინავე წარმომადგენლებს: ილიას, ვაჟას და აკაკის. მისი ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების და ქართველი „სამოციანელების“, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის, იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა.

    თავისი პირველი ნაწარმოები “გლეხკაცის აზრი სასოფლო სკოლაზე” მწერალმა 1870 წელს გაზეთ “დროებაში” გამოაქვეყნა. ეკატერინე გაბაშვილის პოპულარობას ხელი შეუწყო საბავშვო ჟანრის შემოქმედებამ, რომელიც გამთბარია ბავშვების უზომო სიყვარულით. მოთხრობებში მას მრავალი აღმზრდელობითი ამოცანა აქვს დასმული და გადაჭრილი. მისი საბავშვო მოთხრობები ყოველთვის საქრესტომათიო მასალა იყო ქართული სახელმძღვანელოებისათვის.  ეკატერინე გაბაშვილმა, ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ მწერლობაში მეტად მნიშვნელოვანი და რთული ლიტერატურული ჟანრები - პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატიურა, სურათი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია “ოჯახის ბურჯი”, “თინას ლეკური”, “გამარჯვებული ნიკო”, “მაგდანას ლურჯა”, “ღვინია გადაიჩეხა”, “თამარის ნუგეში”, “მეურმის ფიქრები” და სხვ. მის უკვდავ მოთხრობებზე არა ერთი თაობაა აღზრდილი.

    1881 წლიდან უკვე სისტემატურად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები და თარგმანები, მწერალს დიდი წვლილი მიუძღვის საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილის" დაარსებაში.

    ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ქალთა ვიწრო წრეში, წამოიჭრა პირველი ქალთა პროფესიული სკოლის დაარსების საკითხი, მაგრამ ამ დიდ წამოწყებას სათანადო მატერიალური სახსარი ესაჭიროებოდა. ქალებმა საადგილმამულო ბანკს მიმართეს და ქალთა სკოლის დაარსება მოითხოვეს. ამ საქმეში მას უდიდესი თანადგომა გაუწია ილია ჭავჭავაძემ. ილიას წახალისებით გამხნევებული ეკატერინე დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ჩაება ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების მუშაობაში.

   1895 წელს თბილისში საკუთარ სახლში მან მოაწყო ქალთა ხელსაქმის (ჭრა–კერვის) ხუთწლიანი სკოლა, რომელსაც 15 წელი ხელმძღვანელობდა. სკოლა საქველმოქმედო შემოწირულობით არსებობდა და ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო საგნებსაც. ქართული საზოგადოება დიდი აღფრთოვანებით შეეგება სკოლის დაარსებას და დახმარებაც აღუთქვა, მაგრამ როგორც სხვა მრავალ სასარგებლო წამოწყებას, ამ სკოლასაც წინ ბევრი დაბრკოლება გადაეღობა. ყველაზე მთავარი პრობლემა ფულადი სახსრების უქონლობა იყო.

   სამწერლო და პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა, ეკატერინე გაბაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ბიბლიოთეკების დაარსება-შევსების საქმეშიც. მისი საოჯახო ბიბლიოთეკა მხოლოდ ერთადერთი ბებიასეული სახარებისა და რამდენიმე თავ-ბოლო მოგლეჯილი წიგნისაგან შედგებოდა. მის მშობლიურ ქალაქ გორში არავითარი წიგნთსაცავი არ არსებობდა. მოგვიანებით, ეკატერინე გაბაშვილი შეუერთდა ქალთა პატარა წრეს, რომელმაც მიზნად დაისახა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დახმარება საბავშვო ლიტერატურის გამოცემისა და ქართული ბიბლიოთეკა-სამკითხველოების მოწყობის საქმეში. მათ შეაგროვეს სხვადასხვა წიგნები და მოკლე ხანში მოახერხეს პირველი სამკითხველოს გახსნა, მოგვიანებით კი ბიბლიოთეკები დააარსეს ქალაქის სხვა უბნებშიც, მაგრამ ამ კეთილ საქმეს დიდხანს გაგრძელება არ ეწერა. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერ გადაიხადა ბინის ქირა და ამდენი წვალებით შეგროვილი წიგნები გაგულისებულმა სახლის პატრონმა ქუჩაში გამოყარა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოვლენა ეკატერინეს ცხოვრებაში.

    სამწერლო მოღვაწეობის პარალელურად აღსანიშნავია ეკატერინე გაბაშვილის სამსახიობო საქმიანობაც. მას თეატრი ხალხის გამოსაფხიზლებელ საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა იგი გამოდიოდა ახალქალაქის, სურამის, გორისა და თბილისის სცენებზე.

   საქართველოს საისტორიო არქივში მნიშვნელოვანი ცნობები ინახება ეკატერინე გაბაშვილის მიერ თარგმნილი წიგნების გამოცემის შესახებ, რომელიც უკავშირდება მისი მოღვაწეობის პერიოდს "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში". დოკუმენტებში შემონახულია მწერალთან მიწერ-მოწერა, საზოგადოების გამგეობის ანგარიშები და მოხსენებები საიუბილეოდ მისი თხზულებების დაბეჭდვის თაობაზე.

    1879 წლიდან ეკატერინე გაბაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აქტიური წევრი,  1880 წელს აირჩიეს საზოგადოების პირველი შევსებული გამგეობის წევრად, ხოლო 1914 წლიდან ამ საზოგადოების საპატიო წევრად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მწერალს წერა–კითხვის საზოგადოება დიდ დახმარებას უწევდა წიგნების გამოცემისა და ბეჭდვის საქმეში. 

    1911 წელს ქართულმა საზოგადოებამ ეკატერინე გაბაშვილს ქართულ თეატრში 60 წლის იუბილე გადაუხადა. მწერალი თავად აკაკი წერეთელმა გამოიყვანა ხალხის წინაშე. 

    გამოიცა მისი 9 კრებული, 1952 წელს საბავშვო მოთხრობები და 1953 წელს ორტომეული, რომელშიც სამოცამდე მოთხრობაა შეტანილი.

    ეკატერინე გაბაშვილი  გარდაიცვალა 1938 წლის 7 აგვისტოს ახალქალაქში. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1927)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1880-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ვერა, საკუთარი სახლი

გააზიარე: