The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა

გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა
Legal name:გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე
Date of birth:15 November, 1825
Date of death:26 December, 1896  (at 71 years)
Burial location:გელათის ღვთისმშობლის ეკლესია
Category:Religious leader

Biography

    წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის მაქსიმე ქიქოძის ოჯახში.

    ქართული წერა–კითხვა დიაკვნებთან ერთად მამის ოჯახში ისწავლა. კარგად იყო გათვითცნობიერებული ღვთისმსახურების წესსა და საეკლესიო წიგნებში. ხუცური ისე კარგად შეისწავლა, რომ სხვა დიაკვნებთან ერთად მამას ეკლესიაშიც ეხმარებოდა. მალე მან სლავური ანბანიც შეისწავლა. მოგეხსენებათ იმ პერიოდში საქართველოში რუსის ჯარი იდგა და მამა მაქსიმე რუს ჯარისკაცებსაც უწირავდა ხოლმე ოზურგეთში. აქ გერასიმე დაუახლოვდა ერთ რუს ფელდფებელს, რომელიც მეტად განათლებული კაცი ყოფილა და ეკლესიაში წირვის დროს სლავურად გალობდა. მამამ პატარა გერასიმე ფელდფებელს მიანდო და დაავალა რუსული წერა–კითხვის სწავლება. იგი მალე მიეჩვია სლავურ კითხვას და სლავური სამოციქულოს კითხვაც კი დაიწყო ეკლესიაში.

    1838 წლიდან გერასიმე თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეა, ხოლო 1839 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა, სადაც ამ დროისათვის სიტყვიერებას ასწავლიდა პროფესორი გ. კანევსკი, რომელმაც შვილივით შეიყვარა გერასიმე და დიდი როლიც ითამაშა მისი შემდგომი განათლების საქმეში. 1841 წელს როცა კანევსკი სამუშაოდ ფსკოვში გადაიყვანეს, მან გერასიმეც თან წაიყვანა. 1842 წელს იგი შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც სწავლა განაგრძო ჯერ პეტერბურგის სემინარიაში, ხოლო შემდეგ სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1849 წელს  მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII ვაჟიშვილმა მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა, რომელიც მეტად განათლებული და ღვთისმოშიში ადამიანი ყოფილა. "... ძლიერ ბევრს კითხულობდა და ამას გარდა უყვარდა საფილოსოფიო სჯა–ბაასი. ამ მეცნიერი ბატონიშვილის ნათელმა მსჯელობამ მეც უფრო ნათლად და გარკვევით შემაგნებინა ეს საგანი და წამახალისა შემესწავლა რიგიანად და შეგნებით და არა ისე უაზროდ, უსულოდ და მშრალად, როგორც გვასწავლიდა ჩვენი აკადემიის მაშინდელი პროფესორი ნემეცი..."– მოგვიანებით იგონებდა გაბრიელ ეპისკოპოსი.

    1849 წელს გერასიმე დაქორწინდა იმპერატორის მთავარი შტაბის ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლოზ ვლადიკინის ქალიშვილზე – მარიაზე და 1850 წლის თებერვალში მეუღლესთან ერთად თბილისში დაბრუნდა, სადაც იგი უწმინდესი სინოდის ობერ–პროკურორის ნ. პროტასოვის ბრძანებით თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ დაინიშნა. იგი ასწავლიდა ფიზიკასა და მატემატიკას, პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად.

    1854 წელს სიონის ტაძარში გერასიმე ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს. ადმინისტრაციული ფუნქციებისგან განთავისუფლებული გერასიმე მთლიანად პედაგოგიური და მეცნიერული საქმიანობით დაკავდა. ამ პერიოდში დაიწყო მან მუშაობა ცნობილ ნაშრომზე „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა.

    1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) სასოწარკვეთილებამდე მისული გერასიმე, რომელსაც მღვდლობის დატოვებაც კი ჰქონდა განზრახული, ეგზარქოს ისიდორე ნიკოლსკის შეგონებით  სიონის ტაძარში გაბრიელის სახელით ბერ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს იგი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს და დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

    1859 წელს ხელდასმულ იქნა გორის ეპისკოპოსად, საქართველოს ეპარქიის ვიკარად, საქართველო–იმერეთის სინოდური კანტორის წევრად და შუამთის მონასტრის წინამძღვრად. 1860 წლის 2 ივლისს გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო. ამ დროს იმერეთის ეპარქია მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებდა.

     მეუფე გაბრიელი ნაყოფიერ სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეუდგა. 1864 წელს იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ეპარქიათა სამღვდელოების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, ხოლო 1866 წელს კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების ნამდვილი წევრია.

    მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. 1872 წელს მან გაილაშქრა გიორგი მუხრანბატონის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერების მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ენების გაქრობის გარდაუვალობას.

     მეუფე გაბრიელმა აღადგინა მრავალი დანგრეული ტაძარი, ზრუნავდა ქრისტიანობის განმტკიცებაზე, გააქრისტიანა 18 000 აფხაზი. აღსანიშნავია მისი თავდადებული მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

    მეუფე გაბრიელი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ–ერთი დამფუძნებელი წევრი. 1890 წლის 21 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქშწკგ საზოგადოების მაშინდელ თავმჯდომარეს ილია ჭავჭავაძეს წარუდგინა მოხსენება მეუფის საზოგადოების საპატიო წევრად არჩევის თაობაზე, სადაც ეწერა: "გაბრიელმა, ეპისკოპოსმა იმერეთისამ, ფრიად დიდი სამსახური გაუწია ხალხის განათლებას საქართველოში".

     მისი თაოსნობითა და უშუალო ხელშეწყობით ამ პერიოდის დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლა და მრავალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. მისივე ხელმძღვანელობით 1890 წელს ქუთაისში ქალთა ეპარქიული სასწავლებელი, ხოლო 1894 წელს სასულიერო სემინარია დაარსდა.

     ფართოდაა ცნობილი მეუფე გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემული იქნა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

     მეუფე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში და მისი ნეშტი განისვენებს გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში.    საკუთარი სურვილითა და ანდერძით გარდაცვალებულის პირადი ქონება მთლიანად ქვრივ-ობლებსა და უპოვართ დაურიგდა.

     1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საეკლესიო კრებამ, რომელიც სვეტიცხოველში გაიმართა, უწმინდესისა და უნეტარესის , ილია მეორის ლოცვა–კურთხევით, ეპისკოპოსი გაბრიელი წმინდანად შერაცხა.

    წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ხსენების დღედ 7 თებერვალი დადგინდა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1896)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1890-1896)

Awards and Honors

  • 1867 - წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი
  • 1865 - წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი

Contacts Information

  • Home
    Address:ქუთაისი

Share: