The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი (თავადი)

იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი
Date of birth:25 June, 1855
Date of death:20 July, 1940  (at 85 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Inventor, Engineer, Musician, Educator

Biography

     იოსებ ანდრონიკაშვილი დაიბადა 1855 წელს თბილისში თავად ზაქარია იასეს ძე ანდრონიკაშვილის ოჯახში. იგი სწავლობდა პეტერბურგის საგზაო-საინჟინრო ინსტიტუტში, რომელიც 1881 წელს დაამთავრა და იქვე შეისწავლა ფოტოგრაფია.

   იოსები იყო გამოჩენილი ინჟინერ-მშენებელი, რომელმაც საქართველოში მრავალი გზა გაიყვანა. 1882-1902 წლებში ხელმძღვანელობდა სოჭი-ტუაფსეს, თბილისი-მანგლის-ახალქალაქის, თბილისი-თიანეთის, თბილისი-თელავის, თბილისი-განჯისა და სხვა საავტომობილო გზების დაგეგმარებასა და მშენებლობას. 1909 წელს ანდრონიკაშვილი იყო კახეთის რკინიგზის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი.

    აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში: იყო ერთ-ერთი მოთავე რუსეთის მუსიკალური საზოგადოების თბილისის განყოფილების ჩამოყალიბებისა და ამ განყოფილების დირექციის წევრი. მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოებისა და ქართული კლუბის დაარსებაში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის პირველ მუსიკალურ სასწავლებელს. მეგობრობდა პეტრე ჩაიკოვსკისთან და მონაწილეობას იღებდა 1889 წლის აპრილში კომპოზიტორის ჩამოსვლასთან გამართულ ღონისძიებებში. საქართველოში ყოფნის დროს ჩაიკოვსკი კონცერტებს მართავდა იოსებ ანდრონიკაშვილის ოჯახში, რომელმაც გადაიღო ყველა საინტერესო მომენტი მუსიკოსის საქართველოში მოგზაურობისა და ეს ფოტოსურათები ინახება კომპოზიტორის სახლ-მუზეუმში ქ. კლინში.

    1902 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების ცხოვრებაში. 1914 წლის 18 ნოემბერს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ ანდრონიკაშვილის თხოვნა კავკასიის რუკის გამოსაცემად 250 მანეთის სესხების შესახებ, რაზეც, უსახსრობის გამო,  გამგეობისგან უარი მიიღო.

    საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ანდრონიკაშვილი საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსად დანიშნეს. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ანდრონიკაშვილს ეკუთვნის „რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული სამშენებლო ლექსიკონი“, სახელმძღვანელოები: „სააღმშენებლო ხელოვნება“, „ურელსო გზები“  და სხვა.

   იოსებ ანდრონიკაშვილი გარდაიცვალა 1940 წელს თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1911)

Bibliography


Share: