The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე (დეკანოზი)

კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე
Other name:ელისო  (Pseudonym)
ეფრემ მცირე  (Pseudonym)
კ. გრძელი  (Pseudonym)
კოტე გრძელი  (Pseudonym)
Date of birth:1 January, 1872
Date of death:22 December, 1933  (at 61 years)
Category:Writer, Educator, Religious leader

Biography

    კონსტანტინე ანთაძე დაიბადა 1872 წლის 1 იანვარს შორაპნის მაზრის სოფელ  ვარძიაში, აზნაურის წოდების მქონე  მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1895 წელს დაამთავრა. იმავე წლიდან მწერლობას მიჰყო ხელი და ჟურნალ „ჯეჯილში“ ხალხურ ანდაზებს, გამოცანებსა და ლექსებს აქვეყნებდა.

     1896 წლიდან ქუთაისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1897 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და მარელისის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაში განამწესა.

    1898 წლიდან მარელისის ახალი ეკლესიის აღმშენებელი კომიტეტის თავჯდომარედ დაინიშნა. ამავე წელს სასწავლო დაწესებულებასა და სანთლის ქარხანაში სასულიერო დეპუტატად აირჩიეს.

    1901 წელს ლეღვანის ერთკლასიანი სამინისტრო სკოლის საღვთოს სჯულის მასწავლებლად დაადგინეს, ხოლო . 1902 წლიდან მარელისის ეკლესიაზე მიწერილი მეორე ეკლესიის აღმშენებელი კომიტეტის ხელმძღვანელია და ამავე წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

     1904 წელს ცხრაწყაროს წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს და იქაც სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წელს ყვირილის კერძო ქალთა სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1905 წელს სკუფია უბოძეს და ერთი წლის შემდეგ ყვირილის საქალაქო ოთხწლიანი დაწყებითი სკოლის პედაგოგად დაინიშნა.

    1907 წელს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს, შორაპნის მაზრის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს და ყვირილის ორკლასიანი ქალთა სკოლის მშენებლობის, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამავე სკოლის შემოსავლების გაკონტროლება დაევალა.

    1908 წელს ჭიათურის სამრევლო-საეკლესიო სკოლის აღმშენებელი კომიტეტის თავჯდომარედ დაადგინეს და იმავე წელს მეორედ აირჩიეს სასულიერო დეპუტატად. 1909 წელს ყვირილის საკვირაო სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა.

    1909 წელს, კონსტანტინე ანთაძის მეცადინეობით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“  ზესტაფონის  განყოფილება და 1912 წელს „ქართული საქველმოქმედო საზოგადოების“ ყვირილის განყოფილება შეიქმნა, რომელთა გამგეობების წევრიც თავად იყო.

    1910 წელს ყვირილის ვაჟთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1911 წელს კამილავკა ეწყალობა და 1912 წელს ყვირილის სარკინიგზო ორკლასიანი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

    1913 წელს კონსტანტინე ანთაძე მესამედ აირჩიეს დეპუტატად. 1916 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოეს.

     1917 წელს არგვეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა და მონაწილეობდა პირველ საეკლესიო კრებაზე, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი.

    1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და 20-იან წლებში ყვირილის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

    1927 წელს კონსტანტინე ანთაძემ ანაფორა გაიხადა და თბილისში შვილებთან საცხოვრებლად ჩამოვიდა.

    1932 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზის დირექციაში „თარჯიმანთა ბიუროში“ მთარგმნელად მუშაობდა. დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში წერდა: „დირექციაში მუშაობდა ჩემი ამხანაგი კოტე ანთაძე. ის პაპულია ორჯონიკიძემ მიიღო სამსახურში. დირექცია სავსე იყო “ჭეშმარიტი რუსებით“ და სომხებით, რომლებიც მთელი დღეები ინტრიგნობით იყვნენ დაკავებული, მაგრამ პაპულიას შიში ჰქონდათ. მათი საჩივრების წყალობით პაპულია მალე მოხსნეს თანამდებობიდან და მათ შვებით ამოისუნთქეს. ერთ დღეს ვინმე თუმანოვი მეკითხება: ვინ არის ის გრძელი ახალი მთარგმნელი, რომელიც ეხლახან მიუღიათო?! მე უპასუხე: ის გვარად ანთაძეა, სახელად კოტე ჰქვია, ტფილისის სას. სემინარია დასრულებულია, ლიტერატორია, რუსულ-ქართული ენის კარგი მცოდნეთქო. თუმანოვი ისევ მეკითხება: ის რაღაც სასულიერო პირსა ჰგავსო! _ მე უპასუხე: არამც თუ ჰგავს სასულიერო პირს, არამედ ქ. ზესტაფონში მღვდლობდა მეთქი. ამ დღიდან გავიდა 10-12 დღე და მოსკოვის გაზეთში N230 დაიბეჭდა სტატია შემდეგი სათაურით: духовное отделение в дирекции… სადაც ეწერა, რომ დირექციაში ორი მღვდელია მოკალათებული, რომლებიც საგულდაგულოდ მალავენ თავის წარსულსო. მე ვამხილე ამის დამწერი თუმანოვი და ბურთი ჩავსჩარე პირში, თუმცა შესაძლებელია მალე ქუჩაში ამოვყო თავი, რადგან დაიწყო შემცირებები. 1933 წლის 10 იანვარს გამოცხადდა შტატების შემოკლება. 1500 მოსამსახურედან დატოვეს 1000. მე არ შემხებია შემოკლება, მაგრამ, სამწუხაროდ ქართველ მთარგმნელებში მოჰყვა “კოტე გრძელი” _ ანთაძე”.

      მამა კონსტანტინე უსამსახუროდ დარჩა, რამაც მასზე მძიმედ იმოქმედა და ამ ამბის შემდეგ მალევე, 1933 წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების წევრი (1909-1912)
  • ქართული საქველმოქმედო საზოგადოება, გამგეობის წევრი (1912-)

Awards and Honors

  • 1916 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Bibliography


Share: