The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი
Date of birth:1864
Date of death:1936  (at 72 years)
Category:Historian, Educator

Biography

    ალექსანდრე გარსევანიშვილი დაიბადა 1864 წელს ქალაქ გორში. ქართული წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა. 1876 წელს თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს, რომელიც 1883 წელს დაამთავრა და იმავე წელს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.  ხუთი წელი დაჰყო მოსკოვში და უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სამშობლოში დაბრუნდა. მალევე  დაინიშნა ქუთაისის ქართულ პროგიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდში ალექსანდრე გარსევანიშვილი ორი წლის განმავლობაში უფასოდ ასწავლიდა  რუსულ და ქართულ ენასა და ლიტერატურას ახლად დაარსებულ „საკვირაო სკოლაში“. ალექსანდრე გარსევანიშვილი იყო აქტიური წევრი ჯგუფისა , რომლის ინიციატივითა და ღონისძიებების საშუალებით ქუთაისში ჩამოყალიბდა „ქართული წიგნის გამომცემელი ამხანაგობა“.

      გარსევანიშვილის ქუთაისში მოღვაწეობის პერიოდიდან აღსანიშნავია მის მიერ ჩამოყალიბებული „ქალ-ვაჟთა წრე“, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სიტყვიერებისა და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის გარკვევას. ამ წრემ და აქ წაკითხულმა ლექციებმა დიდძალი საზოგადოება მიიზიდა. კრებები იმართებოდა კვირაობით თავად ალექსანდრეს ბინაზე.

    1892 წელს ალექსანდრე გარსევანიშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად მიიწვიეს. მან დედაქალაქშიც გააჩაღა საზოგადოებრივი მუშაობა. ამ პერიოდში თბილისში გაიხსნა რამდენიმე საკვირაო სკოლა და ერთ-ერთის გამგეც და მასწავლებელიც თავად ალექსანდრე იყო. მან აგრეთვე ჩამოაყალიბა „მოზრდილ მოსწავლე ქალთა წრე“, სადაც სისტემატურად კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიიდან.

    1897 წელს ალექსანდრე გარსევანიშვილი დააწინაურეს და გადაიყვანეს ქუთაისის ქართული სკოლის გამგედ, ხოლო ამ სკოლის ქართულ გიმნაზიად გადაკეთების შემდეგ იგი დატოვეს რუსული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლად. როგორც ხელოვნების დიდმა მოყვარულმა მან თავისი ინიციატივით ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში მუსიკის სწავლება შემოიღო და პირველი პერიოდი სრულიად უსასყიდლოდ თავადვე ასწავლიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში, რომელიც 1905 წელს გაიხსნა და 1915 წლამდე იარსება. უნივერსიტეტში მოწვეულ პირთა საშუალებით ალექსანდრე ახერხებდა ლექციების ციკლის ჩატარებას ფოთში, სამტრედიაში, ზუგდიდში, საჩხერეში, ყვირილაში, გორში, ჭიათურაში და სხვა ქალაქებსა და რაიონებში.

    1917 წლიდან ალექსანდრე გარსევანიშვილი სამუშაოდ გადადის თავის მშობლიური ქალაქის, გორის პედაგოგიურ ტექნიკუმში. საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად აღსანიშნავია მისი ლიტერატურული მოღვაწეობა. იგი რუსულ ენაზე თარგმნიდა ეკატერინე გაბაშვილის, დუტუ მეგრელის, ეგნატე ნინოშვილისა და სხვათა მოთხრობებს და ათავსებდა რუსულ პერიოდულ გამოცემებში. აგრეთვე მის კალამს ეკუთვნის ქართულ და რუსულ პრესაში დაბეჭდილი რამდენიმე კრიტიკული ეტიუდი: „ეკატერინე გაბაშვილის შემოქმედება“, „დუტუ მეგრელი, როგორც ლირიკოსი“, „მარიამ გარიყულის შემოქმედება“, „გლეხი პოეტი იოსებ დავითაშვილი“ და სხვა. ალექსანდრე გარსევანიშვილის პედაგოგიური ხასიათის წერილებიდან აღსანიშნავია: „მე-19 საუკუნის საშუალო სკოლა ევროპასა და რუსეთში“, „სახალხო სკოლა იაპონიაში“, სახალხო სკოლა და საგლეხო უნივერსიტეტები შვეცია-ნორვეგიაში“, „საფეიქრო სკოლა ფინეთში“, „სწავლა-განათლება შვეიცარიაში“ და ა.შ.

    ალექსანდრე გარსევანიშვილი რედაქტორობდა სხვადასხვა გამოცემებს. მისი რედაქტორობით 1889 წელს ქუთაისში ლიტერატურული კრებული „ცდა“ გამოიცა, სადაც მოთავსებული იყო თავად მისი ისტორიული მონოგრაფია „მეფე ერეკლე II როგორც სარდალი“. აღსანიშნავია მისი დაინტერესება მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორიის ვითარებით. მან ჟურნალ „კვალის“ 1895 წლის ნომრებში გამოაქვეყნა ვრცელი გამოკვლევა „ქართლ-კახეთის შეერთების ისტორიიდან“, სადაც ისტორიისთვის მთელი რიგი ანგარიშგასაწევი და საგულისხმო დებულებებია წამოყენებული.

    ალექსანდრე გარსევანიშვილი გარდაიცვალა 1936 წელს მშობლიურ ქალაქ გორში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1892-1900)

Bibliography


Share: