Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილი (დეკანოზი)![]()
Biographyდავით გარსიაშვილი დაიბადა 1870 წელს სოფელ საგარეჯოში მედავითნის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და ოთხი მცირეწლოვანი ობოლი დედამ გაზარდა. 1883–1887 წლებში დავითი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1893 წელს სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და იმავე წელს დიდუბის სამრევლო–საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. სკოლის მოწაფეთაგან შეადგინა გუნდი, რომელიც ტაძარში ქართულ და რუსულ ენებზე გალობდა. 1895 წელს დავითი დიაკვნად აკურთხეს, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დიაკვნის შტატში განამწესეს. 1896 წელს კუკიის ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო–საეკლესიო დაწყებითი სკოლა, სადაც მამა დავითი ოთხი წლის განმავლობაში ყველა საგანს ასწავლიდა. 1901 წელს მამა დავითი საგვერდულით დააჯილდოვეს, ხოლო 1902 წელს სკუფია უბოძეს. 1904 წელს მამა დავითი თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში დიაკვნის შტატში გადაიყვანეს, მაგრამ აქ მან მცირე ხნით იმსახურა და თავისივე თხოვნის საფუძველზე ისევ კუკიის ეკლესიაში დააბრუნეს. 1914 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1914–1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს მამა დავითი დასავლეთის ფრონტის სამხედრო–საველე ჰოსპიტალში მღვდლად მსახურობდა. აქ იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1918 წელს დეკანოზი დავითი საქართველოში დაბრუნდა და ისევ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1921 წელს საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის რადიკალურად შეცვლასთან დაკავშირებით, შეიცვალა სასულიერო პირთა მდგომარეობაც. ეკლესია და საეკლესიო ქონება ნადგურდებოდა, უსაზღვრო შევიწროებას განიცდიდნენ სასულიერო პირები. ამ მხრივ გამონაკლისი არც მამა დავითის ოჯახი გახლდათ. მისი ორი ვაჟი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების აქტიური მონაწილეები იყვნენ, რის გამოც ორივე დააპატიმრეს. მცირე ხნით დაპატიმრებული იყო თავად მამა დავითიც. 1922 წლის ივნისიდან დეკანოზი დავითი ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად განამწესეს. 1926 წელს ენქერით დაჯილდოვდა. 1933 წლის აპრილში კომუნისტებმა ვერის ეკლესია დაანგრიეს და იქ ბაღი გააშენეს. დეკანოზი დავითი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა–კურთხევით, სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიყვანეს. 1945 წელს დეკანოზი დავითი, თავისი თხოვნის საფუძველზე, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. მალევე კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით თბილისის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1953 წელს კათოლიკოს–პატრიარქმა მელქისედეკ III დიაკვანი დავითი ამავე ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. მამა დავითი გამორჩეული სასულიერო პირი გახლდათ XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ეკლესიის ისტორიაში. იგი იყო გამორჩეული მქადაგებელი. საბედნიეროდ, მისი ქადაგებები შემორჩენილია. დეკანოზი დავით გარსიაშვილი გარდაიცვალა 1957 წელს და დაკრძალულია კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ეზოში. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |