Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორი (დეკანოზი)![]()
Biographyგიორგი გეგეჭკორი დაიბადა 1861 წელს სამეგრელოში, სოფელ მარტვილში მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. ადრიანად დაობლებულმა გიორგიმ თავისი ცხოვრება სიყრმიდანვე ეკლესიასა და ღვთის სამსახურს დაუკავშირა. მან წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, რის შემდეგაც იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), რომელიც იმ პერიოდში სამეგრელოს ეპარქიასაც განაგებდა, ახალგაზრდა გიორგი მარტვილის საკათედრო ტაძარში მედავითნედ განამწესა. მე–19 საუკუნის 80–იან წლებში გიორგი დაქორწინდა ეკატერინე ქავთარაძეზე და მათ სამი ვაჟი – ვლადიმერი, გრიგოლი და ნიკოლოზი შეეძინათ. 1886 წელს გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა იგი დიაკვნად აკურთხა და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. ამ ხარისხში მან 16 წელი იმსახურა და საზოგადო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1900 წლის 5 ნოემბერს გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ფოთის საკათედრო ტაძარში დიაკონ გიორგის მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის კრებულში დანიშნა. ახლად ნაკურთხი მოძღვარი ეპისკოპოსმა ალექსანდრემ დალოცა და სამკერდე ვერცხლის ჯვარითაც დააჯილდოვა. 1901 წელს მეუფე ალექსანდრემ მამა გიორგი საგვერდულით, ხოლო 1904 წლის 12 თებერვალს ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1905 წელს მღვდელი გიორგი გურია–სამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის წევრად აირჩიეს, ამავე წლის 1 მარტს სკუფია უბოძეს და 1909 წლის 6 მაისს კამილავკა უწყალობეს. 1913 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. XX საუკუნის 20–იანი წლების დასაწყისში მამა გიორგის დეკანოზის წოდება მიენიჭა და ჭყონდიდის ეპარქიის, მარტვილის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. დეკანოზი გიორგი, როგორც ერთ–ერთი უხუცესი და გამოცდილი მოძღვარი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. იგი ესწრებოდა საეკლესიო კრებებს, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი და აქტიურად მონაწილეობდა საეპარქიო საქმეებში. 1926 წლის 10 მარტს დეკანოზ გიორგის თავმჯდომარეობით შეიკრიბა ჭყონდიდის საეპარქიო კრება, რომელზეც განიხილეს 1921 წელს გელათში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კრებაზე მიღებული ერთ–ერთი საკითხი, რომლის თანახმადაც ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს ჩამოერთვა მიტროპოლიტის პატივი. სამწყსო მოითხოვდა უფლებების აღდგენას, რადგანაც უძველესი დროიდან, როდესაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დაყოფილი იყო 35 ეპარქიად, ჭყონდიდელ მიტროპოლიტს პირველი ადგილი ეკავა კათოლიკოს–პატრიარქის შემდეგ. კრებამ დაადგინა: ეთხოვოს სრულიად საქართველოს საეკლესიო საბჭოს რწმენის აღდგენის ხანაში დაუბრუნდეს ჭყონდიდის კათედრას მიტროპოლიტის პატივი. დეკანოზი გიორგი გეგჭკორი 1930 წლის 20 მაისს მშობლიურ სოფელში, საკუთარ სახლში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა და დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძრის ეზოში. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |