The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე გეგეჭკორი

ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე გეგეჭკორი
Other name:ლა-გერი  (Pseudonym)
ლადიკო მარტვილელი  (Pseudonym)
ლადო კატოძე  (Pseudonym)
Date of birth:14 May, 1888
Date of death:27 June, 1980  (at 92 years)
Burial location:თბილისი
Category:Musician, Writer, Journalist

Biography

    ვლადიმერ გეგეჭკორი დაიბადა 1888 წლის 14 მაისს სენაკის მაზრის სოფელ მარტვილში დეკანოზ გიორგი გეგეჭკორის ოჯახში. წერა-კითხვა სახლში, ბიძაშვილმა ვალერიან გეგეჭკორმა შეასწავლა. სწავლობდა მარტვილის პირველდაწყებით სასწავლებელში, სენაკისა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლებში, თბილისის სასულიერო სემინარიასა და პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც მოწაფეთა საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისათვის რამდენჯერმე გარიცხეს.

    1906 წელს ვლადიმერ გეგეჭკორი სამწერლო ასპარეზე გამოვიდა ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით. 1907 წელს სემინარიაში გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი, ხოლო 1908 წელს, დავით ურდოსპირელთან ერთად, აკაკისადმი მიძღვნილ ჟურნალ „მოწაფის ხმას“ რედაქტორობდა.

    1908-1910 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“, „განათლება“, „ქართლი“ (გორი), ხოლო 1910-1920 წლებში სოციალ-ფედერალისტების გაზეთებში.

      ვლადიმერ გეგეჭკორის მეუღლე გახლდათ საქართველოს დამსახურებული პედაგოგი თამარ გელოვანი. ცოლ–ქმარი ბაქოში მოღვაწეობდა. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ბაქოს თეატრის სპექტაკლებში. 1915 წლიდან, მეუღლესთან ერთად, ლადო გეგეჭკორი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბაქოს განყოფილების წევრი იყო და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების საქმიანობაში.

    ვლადიმერ გეგეჭკორი იყო საბავშვო მწერალი და მუსიკალური მოღვაწე.  წერდა ლექსებს, წერილებს, ფელეტონებსა და ესკიზებს. იგი ავტორია ლექსთა კრებულებისა, აგრეთვე წიგნისა „ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები“, რომელშიც გამოვლენილი და აღნუსხულია 80-მდე ქართველი სიმღერის ოსტატი.

    ვლადიმერ გეგეჭკორი სხვადასხვა დრო მუშაობდა სამრეწველო, საგანმანათლებლო, საფინანსო დაწესებულებებში. 1918 წლიდან გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმეთა მმართველი, 1924-1934 წლებში მუშაობდა კოტე ფოცხვერაშვილთან აკადემიურ გუნდში, ხოლო 1934-1944 წლებში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერლად და სალიტერატურო ნაწილის გამგედ.

    ლადო გეგეჭკორს ეკუთვნის მონოგრაფიები ხალხური სიმღერისა და საგუნდო ოსტატების შესახებ, მან სკოლამდელთათვის შეადგინა ლექსებისა და გამოცანების კრებული „ცუგრია“ და საბავშვო მოთხრობათა კრებული. დაწერილი აქვს პიესები: „პირველი მაისი“, რომელიც კომპოზიტორმა ოთარ თაქთაქიშვილმა ოპერის მასალად გამოიყენა, „ჯანმრთელობა“ და „ხეხილთა ბაღში“. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დავალებით მუშაობდა განმარტებითი ლექსიკონის მასალებზე.

    ვლადიმერ გეგეჭკორი გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და 1934 წელს დაენიშნა პერსონალური პენსია.

    ვლადიმერ გეგეჭკორი გარდაიცვალა 1980 წლის 27 ივნისს  და დაკრძალულია თბილისში.

    ვლადიმერ და თამარ გეგეჭკორები იყვნენ საქართველოს სახალხო არტისტების მერაბ და გოგი გეგეჭკორების მშობლები.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი (1915-)

Bibliography


Share: