The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე კონსტანტინეს ძე გეგია

ივანე კონსტანტინეს ძე გეგია
Other name:ო-მე-ლი ვ-ნო  (Pseudonym)
ოდიშელი  (Pseudonym)
ოქუმელი  (Pseudonym)
Date of birth:1860
Date of death:1941  (at 81 years)
Category:Writer, Educator, Public Figure

Biography

     ივანე გეგია დაიბადა 1860 წელს. 1880 წელს მან დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი და რადგან სწავლის გასაგრძელებლად სახსრები არ გააჩნდა, დაბა ოჩამჩირეში კერძო სკოლა გახსნა და მასწავლებლობა დაიწყო. ეს იყო პირველი სკოლა ოჩამჩირეში, რომელიც მოგვიანებით ორკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა.

    1886 წლიდან ივანე გეგია იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. 1890 წელს ივანე სოფელ ოქუმის ორკლასიან საერო სკოლაში გადავიდა, რომელიც "ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების" მატერიალური დახმარებით დაარსდა და გარკვეული პერიოდი სკოლის დირექტორი ცნობილი განმანათლებელი, ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრი, ოქუმელი ივანე გეგია იყო.  ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, როგორც პოლიტიკურად მიუღებელი, ივანე სკოლიდან გააძევეს, მაგრამ მას უკან არ დაუხევია და სოფელში მოაწყო სამაგალითო მეურნეობა. ივანე გეგია პირველი მეურნეა, რომელმაც ჩაის ბუჩქი შემოიტანა და გაავრცელა სამურზაყანოში.

     ივანე გეგიამ საკუთარი სახსრებით ოქუმში გახსნა წიგნთსაცავი, სადაც ქართველი მწერლების გარდა, რუსი და უცხოელი კლასიკოსების თხზულებანიც ინახებოდა. ბიბლიოთეკასთანვე არსებობდა სამურზაყანოს მაზრის არქივიც, რომელიც უდიდეს დოკუმენტურ მასალას შეიცავდა ამ კუთხის, ბაგრატ III დროინდელი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მედროშის, უძველესი ქართული საერისთავოს - საბედიანოს (ბედიის საერისთავოს) ისტორიის, კულტურისა და განათლების საქმეში. აქვე დაფუძნდა აფხაზეთში პირველი სახალხო თეატრიც, რომელშიც წარმატებით იდგმებოდა არა მარტო ქართული, არამედ უცხოური კლასიკური ნაწარმოებებიც.

     "განათლება, კულტურა, მეცნიერება ხალხს!" - ასეთი იყო ივანე გეგიას და იმდროინდელი სამურზაყანოს სასწავლო-კულტურული დაწესებულებების საქმიანობის დევიზი. იგი ღიად თუ ფარულად ხელს უწყობდა სკოლაში მშობლიური ენის სწავლას და ეკლესიებში წირვა-ლოცვისა და პარაკლისების ქართულ ენაზე აღსრულებას. იყო ქართულ წარმოდგენათა გამართვის მომწყობი კომისიის წევრი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცლებელი  საზოგადოების" სამურზაყანოს განყოფილებაში.

     ივანე გეგიას მოღვაწეობა, რასაკვირველია, შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 1904 წელს, როგორც "პოლიტიკურად მავნე ელემენტი" რუსეთის შორეულ გუბერნიაში გადაასახლეს. 1905 წელს სამშობლოში ბრუნდება და კვლავ თავის საქმიანობას ანახლებს. იგი კვლავ ებმება სასკოლო მუშაობაში უფრო როგორც აგრონომი მასწავლებელი და სოფლის მეურნეობაშიც კიდევ ახალი დარგი – მეთამბაქოობა და მეაბრეშუმეობა შემოაქვს.

    ივანე გეგია იყო ყოველგვარი კულტურული წამოწყების ინიციატორი და ხელმძღვანელი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი მიწვეული იქნა გალის 9 წლიანი სკოლის აგრონომ–მასწავლებლად.

    ივანე გეგია აქტიურად მოღვაწეობდა იმდროინდელ ქართულ პრესაში. იგი იყო "დროების", ივერიის", "ცისკრის", "მოგზაურის", "ჯეჯილის", "ცნობის ფურცელისა" და სხვათა მუდმივი კორესპონდენტი.

     ივანე გეგია გარდაიცვალა 1941 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი ოქუმში (1886-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)

Bibliography


Share: