The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანასტასია (ტასო) კონსტანტინეს ასული გედევანიშვილი

ანასტასია (ტასო) კონსტანტინეს ასული გედევანიშვილი
Other name:ან. გედევი  (Pseudonym)
ტასო  (Pseudonym)
Date of birth:20 March, 1864
Date of death:1956  (at 91 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Interpreter, Educator, Journalist, Public Figure

Biography

    ანასტასია გედევანიშვილი დაიბადა 1864 წელს ყვარელში სამხედრო მოსამსახურის ოჯახში.

    1881 წელს დაამთავრა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი და ქალთა პირველი გიმნაზიის დამატებითი, მე-8 პედაგოგიური კლასი. 1881-1895 წლებში თბილისის ეპარქიალურ სასწავლებელში ასწავლიდა ყველა საგანს და მათ შორის უმცროს კლასებში ქართულსაც. ამის შემდეგ იგი წმინდა ნინოს სასწავლებელში მიიწვიეს მასწავლებლად და უფროსი კლასის დამრიგებელიც იყო.

    1895 წელს ანასტასია გედევანიშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად  საზღვარგარეთ გაემგზავრა და ორი წლის განმავლობაში სორბონის უნივერსიტეტში ლიტერატურისა და პედაგოგიკის ლექციებს ისმენდა. 1896 წელს პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესში როგორც დელეგატი იღებდა მონაწილეობას. საფრანგეთში ყოფნის დროს ანასტასია გედევანიშვილმა, ილია ჭავჭავაძის თხოვნით, ფრანგულიდან თარგმნა და „ივერიაში“ გამოაქვეყნა ფრანგ მწერალთა ნაწარმოებები.

    1905-1906 წლებში ანასტასია „ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირს“ ხელმძღვანელობდა, რომლის წევრებიც არალეგალურად მის ბინაზე იკრიბებოდნენ და სწორედ მის ბინაზე მოხდა 1905 წლის 30 ნოემბერს ამ კავშირის დაფუძნება. ეს კავშირი მონაწილეობას ღებულობდა როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთის ყრილობებში. 1906 წლის კოპენჰაგენის საერთაშორისო კონგრესზე ქართველ ქალთა კავშირის მოხსენება კონგრესის შრომათა კრებულშია დაბეჭდილი.

   1908 წელს ანასტასია გედევანიშვილი რუსეთის ქალთა პირველ ყრილობას დაესწრო, როგორც ქართველ ქალთა კავშირის თავმჯდომარე.  ქართველ ქალთა ამ კავშირის პირველი პოლიტიკური გამოსვლა თბილისის ახალი ხმოსნების არჩევნების დროს მოხდა. მათ ქალაქის თავს წერილი გაუგზავნეს, სადაც ითხოვდნენ რომ ხმოსნების არჩევა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის საფუძველზე უნდა მომხდარიყო და ამავე დროს მამაკაცებთან ერთად აუცილებელი უნდა ყოფილიყო ქალთა ჩართულობაც. ამ მიმართვას ანასტასიასთან ერთად ხელს აწერდნენ: ანასტასია წერეთელი, ეკატერინე მესხი, მარიამ ვახვახიშვილი და სხვა საზოგადო მოღვაწე ქართველი ქალები. აკაკი წერეთელი მას ქართველ ჟანა-დარკს უწოდებდა.

   1908 წელს ანასტასია გედევანიშვილმა თბილისში პირველი ქართული საბავშვო ბაღი დააარსა, რომელიც მისსავე ბინაზე არალეგალურად მუშაობდა. რადგან რუსეთის განათლების მინისტრმა, შვარცმა, ქართულად სწავლების ნება არ დართო. მოგვიანებით ეს ბაღი ქართული გიმნაზიის შენობაში გადავიდა, თუმცა ოფიციალური ნება მაინც არ ჰქონდა. ამ ბაღს 1917 წლამდე თვით ანასტასია გედევანიშვილი ხელმძღვანელობდა, ვიდრე საბავშვო ბაღებში ქართულად სწავლების ნება არ დართეს. ბაღში სწავლა-მეცადინეობა იმ დროინდელი რუსეთისა და უცხოეთის პედაგოგიკის მოთხოვნილების დონეზე იდგა. ჰყავდა მშობელთა კომიტეტი საკუთარი ბეჭდით - „საბავშვო ბაღის კომიტეტი“.

   ანასტასია გედევანიშვილი გახლდათ ჟურნალ „ნაკადულის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი და პარალელურად ბეჭდავდა საკუთარ თარგმანებს.

   ანასტასია გედევანიშვილმა საქართველოს ლიტერატურულ მუზეუმს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ილია ჭავჭავაძის ცხოვრება-მოღვაწობის ამსახველი მასალები: ავტოგრაფები, ფოტოსურათები და სხვა მნიშვნელოვანი საბუთები, რომლებიც მის მეუღლეს მიხეილ გედევანიშვილს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემისათვის ჰქონდა შეკრებილი. აგრეთვე, მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა XІX-XX საუკუნების წიგნებისა და პერიოდულ გამოცემათა მისივე ქართული ბიბლიოთეკა.

    ანასტასია გედევანიშვილის გარდაიცვალების თარიღი უცნობია. იგი დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)
  • „ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირი“, თავმჯდომარე (1905-)

Bibliography


Share: