The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



შიო ედიშერის ძე დავითაშვილი

შიო ედიშერის ძე დავითაშვილი
Other name:ბრეთელი  (Pseudonym)
მკითხველი  (Pseudonym)
ნაბოლარა  (Pseudonym)
შიო დავიდოვი  (Changed name)
Date of birth:1857
Date of death:24 May, 1933  (at 76 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Publisher, Interpreter, Politician, Journalist, Public Figure

Biography

      შიო დავითაშვილი დაიბადა ქართლის რაიონის სოფელ ბრეთში. დედ-მამით ადრე დაობლებული, ძმებმა, რომლებიც მღვდლები იყვნენ 7 წლის ასაკში, ჩრდილო-ოსეთში - არდონსა და ალაგირში წაიყვანეს, სადაც ერთი წელიწადი დარჩა და ოსური ენა შეისწავლა.

     შიო დავითაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. ბავშვობიდანვე ღვთისმოსავი, სამეცნიერო წიგნებმა იგი სრულიად შეცვალეს და იმ დროის ხალხოსნურმა მოძრაობამ გაიტაცა. კითხვასთან ერთად, შეუდგა აგრძალული ლიტერატურის გავრცელებას, რის გამოც სემინარიიდან გარიცხეს.

    შიო მირზოევის საფეიქრო ქარხანაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ ნავთლუღის სამხედრო სამკერვალოში, სადაც იმ დროს მუშები მეტად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.  ქარხანაში მუშაობას თავი დაანება და თბილისში საკუთარი საკაზმავი გახსნა, სადაც ახალგაზრდებს უყრიდა თავს. დიდი ხარჯის გამო იძულებული გახდა თავისი საწარმო დაეკეტა და ხალხში გასვლის მიზნით ქართლის სოფლებსა და ქალაქებში აგიტაცია-პროპაგანდის ჩასატარებლად გავიდა, თან გასავრცელებლად აკრძალული წიგნები და ჟურნალები წაიღო.

    1876 წელს, ხალხოსანთა წრის წევრების დევნის დროს, მთავრობამ შეიპყრო, მაგრამ საბუთების უქონლობის გამო მალევე გაათავისუფლა.

     1877 წელს გორის საოსტატო სემინარიაში მკაზმველად შევიდა, სადაც შეგირდებს წიგნის კაზმვის სწავლებასთან ერთად, სოციალისტურ ცნებასაც უნერგავდა. სემინარიის შეუსაბამო მდგომარეობის შესახებ გაზეთ „Тифлисский вестник“-ში წერილის მოთავსებისათვის, დირექტორმა იგი სასწავლებლიდან გააძევა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1878 წელს გორში ჯერ ქალაქის მდივნად, შემდეგ კი ხმოსნად აირჩიეს. გორში ყველა საზოგადო საქმეში ღებულობდა მონაწილეობას. იქნებოდა ეს სცენის მოყვარეთა წარმოდგენები, სამომხმარებლო კოოპერატივის შედგენა და მისი განხორციელება თუ საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოების დაარსება და იმავე დროს, გორის რევოლუციურ წრეში მოწაფეებსა და ახალგაზრდებში არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდა და თვითმპყრობელობის წინააღმდეგ პროპაგანდას ეწეოდა, რისთვისაც ადგილობრივი მემამულენი დასცინოდნენ: "ჩვენი შიო ჩამოაგდებს მეფესაო“.

    შიო დავითაშვილმა, რევოლუციონერთა დავალებით, საქართველოს რევოლუციონერთა პარტიის წესდების პროექტი შეადგინა და გორში დააარსა ხალხოსნური წრე „საიდუმლო კომიტეტი“, რომელსაც „ნაროდნაია ვოლიას“ აღმასკომთან ჰქონდა კავშირი.

     1883 წელს რუსეთის ტერორისტ-პროპაგანდისტებთან კავშირის გამო დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა  თბილისის ოფიცერთა რევოლუციური წრის თანაზიარობა და გორის ხაზინიდან სარევოლუციო მიზნით ფულის გატაცების განზრახვა, რის გამოც წელიწადნახევრით მეტეხის ციხეში ჩასვეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიციის სასტიკი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა და სახელმწიფო სამსახურში შესვლის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა, ასევე ნება არ ჰქონდა საზოგადო კრებას დასწრებოდა ან ნებისმიერ დაწესებულებაში შესულიყო.

   1870-1880-იან  წლებში, შიო დავითაშვილი, როგორც პროპაგანდისტ-ორგანიზატორი, ოსური, რუსული და მშობლიური ენების საუცხოო მცოდნე, ხალხოსანთა მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო.  იგი მთელ ქართლ-კახეთში არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდა და მუდამ ხალხის გამოფხიზლების სადარაჯოზე იდგა. ხალხოსანთა მიზანი იყო კავკასიის მოსახლეობა, განურჩევლად ეროვნებისა, საერთო აჯანყებისთვის მოემზადებინათ.

    1885 წელს  დავითაშვილი სამუშაოდ თბილისში დაბრუნდა და ძირითადა საგამომცემლო საქმესა და ლიტერატურულ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. ბეჭდავდა სხვადასხვა ქართულ და რუსულ გამოცემებში. 1890 წელს ჟურნალი „თეატრი“ გამოსცა, რომელიც მალევე გაზეთად გადააკეთა, მაგრამ მთავრობისგან შევიწროების გამო მის გამოცემას თავი გაანება და „ივერიასთან“ დაიწყო თანამშრომლობა. მისმა ნაწარებმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. რამოდენიმე წლის შემდეგ მუშაობა დაიწყო გაზეთ „Кавказ“-ში და მალევე რუსულ ენაზე მხატვრულ-ლიტერატურული წლიური კრებული „Кавказская жизнь“ გამოსცა, რომელიც კავკასიის, უფრო საქართველოს ისტორიის, ყოფა-ცხოვრების, ხალხური შემოქმედების და სხვა მასალებით იყო დასურათებული. პირველი წიგნი 1896 წელს გამოვიდა, მეორე - 1897-ში, ხოლო მესამე - 1898 წელს.

     1901 წელს, როცა „ივერიის“ გამომცემლობას ალექსანდრე სარაჯიშვილი ჩაუდგა სათავეში, შიომ მასთან დაიწყო მუშაობა და გაზეთის დახურვამდე თანამშრომლობდა. 

    1906 წელს დავითაშვილის გამომცემლობითა და რედაქტორობით,  გენერალ-გუბერნატორის მიერ დახურული „Возрождение“-ს მაგივრად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურული დღიური გაზეთი „Кавказское утро“ გამოვიდა, მაგრამ  ეს გაზეთიც მეოთხე ნომრის შემდეგ იმავე გენერალ-გუბერნატორმა დახურა. უკანასკნელ ხანებში პერიოდულად თანამშრომლობდა ქართულ-რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. 1923 წელს ჟურნალ „რევოლუციის მატიანეში“ 1870-1880-იანი წლების მოძრაობის შესახებ მოგონებები გამოაქვეყნა.

     შიო დავითაშვილი გარდაიცვალა 1933 წლის 24 მაისს და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-1911)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: