The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



შიო არაგვისპირელი

შიო არაგვისპირელი
Legal name:შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი
Date of birth:16 December, 1867
Date of death:2 January, 1926  (at 58 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Writer, Public Figure

Biography

     შიო არაგვისპირელი დაიბადა 1867 წლის 4 დეკემბერს (ძვ.სტ.) დუშეთის მაზრის სოფელ ქარისხევში (თანდილაანთკარი) ღარიბი მღვდლის ოჯახში. თავდაპირველად სწავლობდა დუშეთის, ხოლო 1877 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1883 წლიდან, სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

    1887 წლიდან დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი. 1889 წელს შიო არაგვისპირელმა სემინარია დაამთავრა და 1890 წლიდან ვარშავის საბეითლო (ვეტერინალურ) ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. პოლონეთში ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მწვავედ აგრძნობინა საკუთარი სამშობლოს მწარე ხვედრი. 1893 ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში  "საქართველოს განთავისუფლების ლიგა" დაარსა, რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს კიდეც.  1895 წელს არაგვისპირელმა დაამთავრა ვარშავის ინსტიტუტი, საქართველოში დაბრუნდა და ბეითლად დაიწყო მუშაობა. ამ წლებში ბევრი ხელნაწერი დაეკარგა, მარტო ერთი "მოგონება" დაიბეჭდა 1890 წელს "ჯეჯილში".

    არაგვისპირელის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოცულობით არც ისე დიდია. დაახლოებით 30 წლის მანძილზე შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები. ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც ქართულ მწერლობაში შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. აკაკი  წერეთელმა მას "ახალგაზრდა სკოლის მეთაური" უწოდა. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა იყო "ესაა ჩვენი ცხოვრება!", საიდანაც სათავე დაედო ნოველების სერიებს, სადაც ავტორი უმთავრესად მორალის, ცხოვრების არსის, ადამიანის რაობის, მისი დანიშნულებისა და საზოგადოებასთან მისი დამოკიდებულების გარკვევას ცდილობდა.

   არაგვისპირელი გულმხურვალე მამულიშვილი იყო და ნოველების მთელ წყებაში გააცხადა კიდეც თავისი დამოკიდებულება პატრიოტიზმთან და რევოლუციურ პროცესებთან. მისი შემოქმედება მდიდარია ქართული სოფლის ფერადოვანი სურათებით. მან გამოამზეურა ორი საუკუნის მიჯნაზე მყოფი გლეხკაცის სოციალური თუ ფსიქოლოგიური სატკივარი. თავისებურად დასვა მწერალმა სიყვარულის საკითხი. მოპასანის კვალად, რომელსაც იგი თავის მასწავლებლად თვლიდა, სხვადასხვა ასპექტში წარმოგვიდგინა სიყვარულის მარადიული თემა. მან შექმნა როგორც ზნეობრივად ფაქიზი, ისე მდაბალი გრძნობების მქონე, ანგარებით, სიყალბით შეპყრობილ ადამიანთა საინტერესო სახეები და მთელი სიმწვავით წამოჭრა ოჯახის რღვევის საშიშროების პრობლემა. მის კალამს ეკუთვნის ნოველები: "ჩემო შვინდავ!",  "გმადლობ, უფალო, გმადლობ",  "შემუსვრილი სამი მცნება", "ჩემი სამშობლო ჩემი გულია", "ნინიკას მთაზე", "მიჯაჭვული ამირანი", "განძი", "და-ძმა", "ღვინის ქურდები", "ოლოლოები" და სხვა.

    განსაკუთრებით საყურადღებოა არაგვისპირელის რომანი "გაბზარული გული", რომელსაც თვითონ არაკი უწოდა. მართლაც, მასში ძლიერია არაკული, ზღაპრული ნაკადი. იგი საკმაო ოსტატობით უხამებს ერთმანეთს არაკსა და ყოფით რეალიზმს, რითაც ქმნის ახლებური ფორმის რომანს. აქვე უნდა ავღნიშნოთ მწერლის დაინტერესება სიკვდილ-სიცოცხლის, რწმენა-ურწმუნოების, კეთილისა და ბოროტის, ამქვეყნიური იდეალებისა და რელიგიური დოგმების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით.

    შიო არაგვისპირელმა ქართული კლასიკური მწერლობის ლიტერატურულ ტრადიციებზე დაყრდნობით და მსოფლიო ლიტერატურის მიღწევების გათვალისწინებით თვალსაჩინოდ გაამდიდრა ქართული ბელეტრისტიკა. მის შემოქმედებაში კლასიკურ სიმაღლეს მიაღწია ქართულმა ნოველამ, რომელიც ახალი იყო ქართული ლიტერატურისთვის და საუკუნის დასაწყისის საზოგადოებრივ  განწყობილებასაც ესადაგებოდა. მძაფრი სიუჟეტით, მაღალი ჰუმანიზმით, დრამატიზმით, ღრმა ფსიქოლოგიზმით არაგვისპირელმა ახალი თვისება შესძინა ქართულ რეალისტურ პროზას.

    შიო არაგვისპირელი გარდაიცვალა 1926 წლის 2 ნოემბერს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-1918)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

Share: