The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი გაბრიელის ძე დეკანოზიშვილი

გიორგი გაბრიელის ძე დეკანოზიშვილი
Date of birth:August, 1868
Date of death:19 November, 1910  (at 42 years)
Burial location:თბილისი, კუკიის სასაფლაო
Category:Engineer, Politician, Publicist, Public Figure

Biography

    გიორგი დეკანოზიშვილი დაიბადა 1868 წლის აგვისტოში ქალაქ პეტროვსკში (მახაჩკალა) რუსეთის  არმიის ოფიცრის გაბრიელ დეკანოზიშვილის ოჯახში. დაწყებითი განათლება თბილისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო შემდეგ მამის სურვილით სწავლა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში გააგრძელა, მაგრამ სამხედრო კარიერა არ აინტერესებდა და პეტერბურგში გადავიდა, სადაც 1892 წელს წარჩინებით დაამთავრა სამთო ინსტიტუტი.

     გიორგი დეკანოზიშვილი პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს აქტიური წევრი იყო. სტუდენტობის წლებში დაარსა ქართველ და სომეხ სტუდენტთა კავშირი, რომელმაც გამოსცა და გაავრცელა რამოდენიმე ლიტერატურული კრებული. 1892 წელს გიორგი სამშობლოში დაბრუნდა. 1895 წლამდე მუშაობდა ჭიათურის მარგანეცის მრეწველის ნ. ღოღობერიძის საბადოების გამგედ, ხოლო 1895-1897 წლებში ბაქოში, ნობელის ნავთის სარეწებზე. მან თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა სპეციალისტმა და მისი გამოკვლევები მანგანუმის მრეწველობისა და მომავლის შესახებ ხშირად იბეჭდებოდა იმდროინდელ პრესაში. გიორგი დეკანოზიშვილი ინჟინრად მუშაობასთან ერთად ჩაბმული იყო საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. 1894-1895 წლების სეზონისთვის იგი ხელმძღვანელობდა ავჭალაში ქართული თეატრის შექმნის საქმეს, თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასა" და "ცნობის ფურცელში".

     1896 წლიდან გიორგი იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრი. 1899-1900 წლებში მან იმოგზაურა ინგლისში, გერმანიასა და საფრანგეთში. სრულყო ევროპული ენების ცოდნა, გაეცნო ამ ქვეყნების სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას.

    1901 წელს გიორგი დეკანოზიშვილი თბილისში დაბრუნდა, იმავე წელს შეუერთდა "ცნობის ფურცელის" გარშემო შემოკრებილ სოციალ–ფედერალისტთა ჯგუფს და გახდა მისი ერთ–ერთი ლიდერი. პარტიული მიზნებით მან არჩილ ჯორჯაძესთან და ასოთამწყობ მიხეილ კიკნაძესთან ერთად იმოგზაურა ევროპაში. პარიზში ჩამოასხმევინა ქართული ასოები, რომელიც "პარიზულის" სახელითაა ცნობილი, მოაწყო სტამბა და შემოიკრიბა იქაური ქართველობა. 1903 წელს არჩილ ჯორჯაძესთან ერთად და ფრანგი პოლიტიკური მოღვაწეების დახმარებით პარიზში გამოსცა გაზეთი "საქართველო", რომლის პარალელურმა ფრანგულმა გამოცემამ ევროპას ჩვენი ქვეყნის რეალური ისტორია გააცნო. ამ გაზეთის მეშვეობით ქართველმა პოლიტიკოსებმა საქართველოს რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლების საკითხი პირველად გაიტანეს ევროპაში. გაზეთ "საქართველოს" ფრანგული ვარიანტის რედაქტორი იყო გიორგი დეკანოზიშვილის ფრანგი მეუღლე – ჰანრიეტა ფრენუა.

     გიორგი დეკანოზიშვილმა მოახერხა არალეგალური გაზეთის საქართველოში ფარულად გამოგზავნა. უცხოეთში იგი პატრონობდა გაჭირვებულ თანამემამულეებს, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ევროპელ სოციალისტებთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან: გიორგი ზდანოვიჩთან (მაიაშვილი), ვარლამ ჩერქეზიშვილთან, მიხეილ თამარაშვილთან და სხვებთან.

     გიორგი დეკანოზიშვილი იყო ჟენევის 1904 წლის ქართველთა ინტერპარტიული კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორი და მონაწილე. სწორედ ამ კონფერენციაზე შეიქმნა "ქართველ სოციალისტ–ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია".  გიორგი დეკანოზიშვილს საქართველოს პატრიოტების შესაიარაღებლად გამოეყო 125 000 იენი. მალე დეკანოზიშვილისა და რამდენიმე ადამიანის მიერ შეძენილი იქნა იარაღი და 1905 წელს იაკობ ზუბალაშვილის  დაფინანსებით შეიძინა გემი „სირიუსი“, დაიქირავა კაპიტანი და ეკიპაჟი, რომლებმაც არც იცოდნენ რა გადაჰქონდათ და სამშობლოში გამოგზავნა საზღვარგარეთ შეძენილი იარაღი.

     1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ გიორგი დეკანოზიშვილი ემიგრაციაში წავიდა და ავადმყოფობის გამო აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა. გარდაიცვალა საფრანგეთის ქალაქ კანში. მას ძლიერ სურდა, რომ მისი სხეული ქართულ მიწას მიბარებოდა, ამიტომ თვითონ შეიმუშავა თავისი ცხედრის სამშობლოში კონსპირაციულად შემოტანის გეგმა, რომელიც ზუსტად მოიყვანეს სისრულეში მისმა ახლობლებმა. 1910 წელს გიორგი დეკანოზიშვილის ცხედარი საფრანგეთიდან მალულად ჩამოასვენეს და კუკიის სასაფლაოზე ისე დაკრძალეს, რომ მისმა მეგობრებმა ამის შესახებ მოგვიანებით გაიგეს.

     1913 წელს მისმა ქვრივმა ჰანრიეტა ფრენუა–დეკანოზიშვილისამ შვილებთან – ტარიელსა და თინათინთან ერთად საქართველოში იმოგზაურა და თავისი შთაბეჭდილებები პარიზულ პრესაში გამოაქვეყნა.

Member of Organizations

  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია, ერთ-ერთი დამაარსებელი (1901-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1893-1898)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1896-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ნორაშენის ეკლესიის ახლოს, "ნოვოგიორგიევსკაიას პლოშჩადი"

Share: