Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძე (დეკანოზი)![]()
Biographyვასილ დოლაბერიძე დაიბადა 1867 წელს იმერეთში მედავითნის ოჯახში. 1881 წელს სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1885 წელს დაამთავრა და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი იმერეთში დაბრუნდა. 1892 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ვასილი ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა და მსახურებისთვის იქვე დაადგინა. ცოტა ხანში მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა. 1892–1894 წლებში მღვდელი ვასილი ტაძართან არსებულ სამრევლო–საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1893 წელს მამა ვასილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობის წევრად, ხოლო 1895 წელს იმერეთის საეპარქიო რევიზიის კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1895 წელს მეუფე გაბრიელმა საგვერდულით დააჯილდოვა, ხოლო 1898 წელს სკუფია უწყალობა. 1897 წელს მისი ხელმძღვანელობით აშენდა ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ახალი სამრევლო–საეკლესიო სკოლა. 1902 წელს მამა ვასილს კამილავკა უბოძეს და 1903 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1908 წელს იგი იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების 49–ე კრებას თავმჯდომარეობდა. 1911 წელს მამა ვასილი ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს და 1912 წელს დეკანოზის წოდება მიანიჭეს. 1913 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი. 1915–1917 წლებში იმერეთის სამოსწავლო საბჭოს წევრი და ხაზინადარი გახლდათ. წლების განმავლობაში მამა ვასილი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებთან. აქვეყნებდა წერილებს და იბეჭდებოდა მისი ქადაგებები. 1916 წელს დეკანოზი ვასილი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. იგი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წელს თბილისში გამართულ პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. 1919 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა მამა ვასილი ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინა და ენქერით დააჯილდოვა. 1919–1921 წლებში დეკანოზი ვასილი იმერეთის საეპარქიო სასამართლოში მომხსენებელ წევრად მუშაობდა. 1921 წელს არჩეული იქნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის III საეკლესიო კრების გელათის მონასტერში მომწყობი კომისიის წევრად. 1921 წლის გასაბჭოების შემდეგ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. დააპატიმრეს მიტროპოლიტი ნაზარი. 1923 წლის 6 აპრილს, მიუხედავად სამღვდელოებისა და მრევლის დიდი წინააღმდეგობისა, ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი დალუქეს და წირვა–ლოცვა აკრძალეს. დეკანოზი ვასილი იძულებული გახდა დროებით სოფელში დაბრუნებულიყო. 1924 წელს დეკანოზი ვასილი ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო 1926 წელს საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, სადაც მატერიალურად ძალიან უჭირდა. 1935 წელს ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმონმა მამა ვასილი ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა და ამავე წელს ტაძრის დღესასწაულზე კათოლიკოს–პატრიარქმა კალისტრატემ მიტრით შემოსა. 1935 წელს ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტ სვიმონის გარდაცვალების შემდეგ, დეკანოზი ვასილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის კალისტრატეს დავალებით სახლში ესტუმრა პენსიაზე მყოფ ეპისკოპოს ნესტორ ყუბანეიშვილს და სთხოვა სათავეში ჩადგომოდა ქუთაის–გაენათის ეპარქიას, მაგრამ სიბერის გამო დაუძლურებულმა მეუფე ნესტორმა უარი განაცხადა. 1937–1938 წლებში დაწყებულმა ახალმა რეპრესიებმა კვლავ მიიტანა იერიში სამღვდელოებაზე. დააკისრეს დიდი გადასახადები, რომლის გადახდის საშუალება მოძღვრებს არ გააჩნდათ. გადაუხდელობის შემთხვევაში ტაძრები იხურებოდა. ამდენმა დევნა–შევიწროებამ და ნერვიულობამ მისი ფიზიკური ჯანმრთელობაც შეარყია და სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ხშირად ავადმყოფობდა. დეკანოზ ვასილს ქუთაისში მღვდელმსახურება მოუწია ათი მღვდელმთავრის მმართველობისას. ესენი იყვნენ: იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი), ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე). დეკანოზი ვასილი გარდაიცვალა 1944 წლის 11 დეკემბერს და დაკრძალულია ქუთაისის ოღასკურის სასაფლაოზე ტაძრის მახლობლად. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |