The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კირილე ივანეს ძე არველაძე

კირილე ივანეს ძე არველაძე
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1873
გარდაცვ. თარიღი:1950  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

    კირილე არველაძე დაიბადა 1873 წელს სოფელ ჭაგანში (სამტრედიის რაიონი). წერა–კითხვა ოჯახში დედას უსწავლებია. ორი წელი ისწავლა სოფლის ახლადგახსნილ სკოლაში და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიის პირველ კლასში. 1893 წელს სემინარიაში მომხდარ გაფიცვაში მონაწილეობის მიღებისათვის მეხუთეკლასელი კირილე სასწავლებლიდან გარიცხეს.

    1897 წელს კირილემ სტავროპოლის სასულიერო სემინარია დაამთავრა და მღვდლად უნდა წასულიყო, მაგრამ მას სულ სხვა მოწოდება და მისწრაფება ასულდგმულებდა. იმავე წელს სენაკის მაზრის სოფელ ბანძის ორკლასიან სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. სკოლაში მასწავლებლობის გარდა კირილე ფართო საზოგადოებრივ მუშაობას ეწეოდა, ასწავლიდა გლეხებს სამეურნეო კულტურების მოყვანის აგროწესებს და უკითხავდა ჟურნალ–გაზეთებს.

   1906 წლის აგვისტოში კირილე თავს ანებებს ბანძის სკოლაში მასწავლებლობას და ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებულია დროებით დატოვოს უნივერსიტეტი და ისევ  სამშობლოში დაბრუნდეს. ამ პერიოდიდან მან მასწავლებლობა დაიწყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" კავკავის ოთხწლიან დაწყებით კურსებზე და მალე ამ კურსების გამგედ დაინიშნა. კავკავში  ყოფნის დროს კირილე უსასყიდლოდ მუშაობდა ქართულ თეატრში, საკვირაო სკოლაში და ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობის სალიტერატურო და საისტორიო წრეების ხელმძღვანელად. კავკავში კირილემ 1911 წლამდე იმუშავა და ისევ ტარტუს უნივერსიტეტს დაუბრუნდა, რომელიც 1912 წელს წარმატებით დაამთავრა. უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სავალდებულო ლექციების გარდა, კირილე ესწრებოდა საისტორიო–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ისტორიის ლექციებს და იღრმავებდა პედაგოგიურ განათლებას.

   უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კირილე არველაძე თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად.

    1915 წელს გარდაიცვალა ამიერკავკასიის გორის სამასწავლებლო სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ცნობილი ქართველი მწერალი ნიკო ლომოური და მის ადგილზე, გორის სემინარიის დირექტორის სმირნოვის შუამდგომლობით, ქართული ენის მასწავლებლად კირილე არველაძე მიიწვიეს. სემინარიაში იგი აგრეთვე არითმეტიკასა და მისი სწავლების მეთოდიკას ასწავლიდა. 1918 წელს კირილე არველაძე სემინარიის დირექტორად დაინიშნა. სემინარიაში მან მასწავლებლებად მიიწვია გამოჩენილი პედაგოგები: ალ. გარსევანიშვილი, სერგო რობაქიძე, თედო ჟორდანია და სხვები. კირილე არველაძეს ეკუთვნის წიგნი "არითმეტიკის პროგრამა პირველი სამი წლისა, 31 ტიპიური კონსპექტით და მეთოდური შენიშვნებით", რომელიც 1919 წელს ქუთაისში გამოიცა.

    საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გორის სამასწავლებლო სემინარია პედაგოგიურ ტექნიკუმად გადაკეთდა და 1931 წლამდე მას ისევ კირილე არველაძე ხელმძღვანელობდა. გორში მოღვაწეობის პერიოდში იგი იყო ყველა საზოგადოებრივ–კულტურული საქმიანობის აქტიური მონაწილე, გორის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, სცვლიდა აღმასკომის თავმჯდომარეს მისი არყოფნის დროს, ხელმძღვანელობდა ქალაქის საბჭოს  განათლების სექციას, აქტიურად მონაწილეობდა რაიონის სამომხმარებლო კოოპერაციის მუშაობაში, თავმჯდომარეობდა გორის სამხარეთმცოდნეო საზოგადოებას, კითხულობდა მოხსენებებსა და ლექციებს, ათავსებდა წერილებს პედაგოგიურ ჟურნალ–გაზეთებში და სხვა.

   1931 წლიდან კირილე არველაძე სამუშაოდ გადმოვიდა თბილისში და სხვადასხვა ტექნიკუმებში რუსულ ენას ასწავლიდა. 1948 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მას დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

   1949 წელს კირილე არველაძემ მიატოვა მასწავლებლობა და პენსიაზე გადავიდა. იგი გარდაიცვალა 1950 წლის აგვისტოში ქალაქ თბილისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1914-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1948 - საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:გორი, თბილისი

გააზიარე: