The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ტიტე იულონის ძე ართმელიძე (გენერალ–მაიორი)

ტიტე იულონის ძე ართმელიძე
Legal name:დავით იულონის ძე ართმელაძე
Date of birth:1 February, 1865
Date of death:1928  (at 62 years)
Burial location:ლანჩხუთი, აგარაკის სასაფლაო
Category:Writer, Publicist, Public Figure, Military Person

Biography

    ტიტე ართმელიძე დაიბადა 1865 წელს გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანაში. დაამთავრა ოზურგეთის 4 კლასიანი სკოლა. ჯერ კიდევ 16 წლის ტიტე თავის სოფელში მოსახლეობას ბავშვების აღზრდის მნიშვნელობისა და შეერთებული ძალით საერთო საქმის მოგვარების მნიშვნელობაზე საუბრებს უტარებდა. მოწაფეობის დროს მან ოზურგეთში ექვსი მოწაფისაგან პატარა კომუნა შეადგინა, რომლის საშუალებით საერთო ბინა მოაწყო და ხსენებული სასწავლებელი ერთმანეთთან თანამშრომლობით დაამთავრეს.

    1883 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე, ტიტე ჯარში გაიწვიეს და შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამხედრო სასწავლებელში. სწავლის პერიოდში იგი დაუახლოვდა საქართველოში „მესამე დასის“ იდეის შემომტან გიორგი წერეთელს და კავშირი გააბა იმდროინდელ სემინარიელთა ერთ ჯგუფთან, რომლებიც ხელნაწერ არალეგალურ გაზეთს ბეჭდავდნენ. 1895 წლიდან ჯურნალ „კვალში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში სხვადასხვა თემებზე პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა. 

    1900 წელს ართმელიძემ ოფიცრის ჩინი მიიღო და სარიყამისში, ელისავეტოპოლის 156-ე პოლკში გააგზავნეს, სადაც იგი ჩასვლისთანავე რევოლუციურ მუშაობას შეუდგა. 1904–1905 წლებში მონაწილეობდა  რუსეთ–იაპონიის ომში. 1905 წელს, როცა თვითმპყრობელობამ გურიაში სადამსჯელო რაზმები გააგზავნა, ართმელიძის თაოსნობით ქართველი ოფიცრობა ხალხის მხარეს გადავიდა. შესაბამისად რევოლუციის დამარცხების შემდეგ მათი დევნაც დაიწყო. მეამბოხე ოფიცრობა დაიქსაქსა, ხოლო ტიტე ართმელაძე ექიმების დახმარებით თბილისის ჰოსპიტალში დაწვა.

    1907 წელს, ახალგაზრდა ტიტე ართმელიძემ სოფელ ქვიანაში ყანის მუშაკთა კავშირი ჩამოაყალიბა, რომლის წევრთა შორის თვითონაც თოხით ხელში მუშაობდა და შემოსავალი გაჭირვებაში ჩავარდნილ ოჯახებს ხმარდებოდა. ამ კავშირმა 3 წელი იარსება. მან პირველმა შემოიღო აბრეშუმის ჭიის გაუმჯობესებული წესით მოვლა-მოშენება. საკუთარი ფულით საჭირო იარაღები შეიძინა და სოფელს სამეურნეო სკოლისთვის გადასცა, მოაწყო სახალხო სახლი, სამკითხველო, რკინიგზის ბაქანი და სხვა. მისივე თაოსნობით აიგო ნიგოითის თემის ორკლასიანი სასკოლო შენობა.

    1908 წელს ტიტე ართმელიძე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა და ქუთაისში პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო. საადგილმამულო ბანკის ოპოზიციამ შემფასებელი კომისიის წევრად აირჩია და ამ ბანკის თბილისის განყოფილებაში გაამწესა. თბილისში ჩასვლისთანავე სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან მუშაობაში ჩაერთო.

    1914 წელს, მობილიზაციის წესით, ართმელიძე ისევ ჯარში გაიწვიეს, სადაც კვლავ პოლიტიკური საქმიანობა გააჩაღა. 1917 წელს თხრილებში ჯარისკაცთა უნივერსიტეტი შექმნა, სადაც პოლიტიკური ხასიათის ლექციებს თავად კითხულობდა, რის გამოც მის ირგვლივ თავი დიდძალმა მხედრობამ მოიყარა. 1917 წლის ბოლოს, ტიტე ართმელიძემ დაშლილ ფრონტზე ქართული ჯარის ათასეული შეადგინა, მოაგროვა ძველი პოლკის ქონება, დატვირთა ვაგონები სხვადასხვა სამხედრო ქონებით, თბილისში ჩამოიტანა და 1918 წელს მაშინდელ ხელისუფლებას ჩააბარა.

    1917 წლიდან ტიტე ართმელიძემ გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო და 1917-1918 წლებში ქართულ არმიაში მსახურობდა. ტიტე ართმელიძემ გახსნა 14 უნივერსიტეტი, 14 თეატრი, 14 საგარნიზონო სკოლა და ჯარს პირველად სწავლება მან დაუწყო. ართმელიძემ შენიშნა, რომ დიდი ნაწილი ქართული საზოგადოებისა, რუსულსა და ქართულს ერთმანეთში ურევდა, რაც, მისი აზრით, მიუღებელი იყო კულტურული ერისთვის და შემოიღო „საჯარიმო დღე“, რომლის დროსაც ყველას, ვისაც ქართულ ლაპარაკში რუსული გამოერეოდა აჯარიმებდნენ. ეს ჯარიმა კულტურულ საქმიანობას ხმარდებოდა და ამავე დროს სასაუბრო ენა იწმინდებოდა.

    ტიტე ართმელიძე გარდაიცვალა 1928  წელს და დაკრძალულია ქალაქ ლანჩხუთის აგარაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

Awards and Honors

  • 1917 - გენერალ-მაიორი

Bibliography


Share: