The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



არქიმანდრიტი ევსევი

არქიმანდრიტი ევსევი
Legal name:ევსევი ცაბაძე
Date of birth:1838
Date of death:11 September, 1898  (at 60 years)
Burial location:თბილისი, ფერისცვალების სახელობის მონასტერი
Category:Religious leader

Biography

    ევსევი ცაბაძე დაიბადა 1838 წელს მღვდლის ოჯახში.

    1855–1861 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1861 წლის 1 აგვისტოდან სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მედავითნედ დაინიშნა, ამავე წელს იპოდიაკვნად დაადგინეს, ხოლო 1862 წელს დიაკვნად აკურთხეს.

   1863 წელს ეგზარქოსების კარის ეკლესიაში ბერ–დიაკვნად განამწესეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამავე ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ევსევი უწოდეს. 1865 წელს მღვდლად დაასხეს ხელი, 1868 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა, 1871 წელს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში დაინიშნა, ხოლო 1873 წელს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

    1876 წელს მამა ევსევი ისევ ეგზარქოსების კარის ეკლესიაში დააბრუნეს და იმავე წელს მარტყოფის მონასტერში განამწესეს.

    1877–1878 წლების რუსეთ–თურქეთის ომის დროს მამა ევსევი თავისი სურვილით ფრონტზე სამხედრო მღვდლად წავიდა და 1878 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. ომის დასრულების შემდეგ კვლავ მარტყოფის მონასტერში დაბრუნდა.

    1880 წელს მამა ევსევი თეირანის რუსული მისიისა და საელჩოს კარის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მეტად საინტერესოა მისი თეირანში მოღვაწეობის პერიოდი. მას ცალი ხელი საქართველოს საქმეებისკენ ჰქონდა გამოწვდილი. მისი ქველმოქმედების შესახებ ცნობები ქართულ პრესაშიც ხშირად იწერებოდა ხოლმე. სპარსეთში ყოფნის დროს იგი დაუახლოვდა ღარიბ ქართველებს, რომლებიც მე–17 საუკუნეში შაჰ–თამაზისა და შაჰ–აბასის დროს იყვნენ გადასახლებულნი. მამა ევსევი პატრონობდა იქაურ ქართველობას და ცდილობდა მოეხერხებინა მათი საქართველოში დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ მისი ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

    1881 წელს მამა ევსევი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი კომისიის წევრად აირჩიეს, 1883 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს, 1886 წლის 18 მარტს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და იმავე წელს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი გახდა. 1890 წელს არქიმანდრიტი ევსევი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

    1891 წელს, ავადმყოფობის გამო, არქიმანდრიტი საქართველოში დაბრუნდა და 1892 წელს წმინდა სინოდის განჩინებით გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო 1897 წელს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

    არქიმანდრიტი ევსევი 1895 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. ერთ დღეს არქიმანდრიტი თავად ეახლა საზოგადოებას და მდივანს 100 მანეთი სამუდამო საწევრო გადასცა, თანაც დასძინა: "ჩემი სამშობლო ქვეყანა, ქართველი ერი და მისი საქმეები მე ჩემს გულში წმინდა ტრაპეზად მაქვს მიღებული, ამ ტრაპეზს მე ისე ვცემ პატივს და ვადიდებ, რომ ეს წვლილი შემომაქვს ჩემის მხრით მის წინ საკმევ ლის დასაკმევად".

    არქიმანდრიტი ევსევი გარდაიცვალა 1898 წლის 11 სექტემბერს და დაკრძალულია თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტრის ეზოში. სამწუხაროდ მისი საფლავი დაკარგულია.

Member of Organizations

  • კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი კომისია, კომისიის წევრი (1881-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1895-)
  • წითელი ჯვრის საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1886-)

Awards and Honors

  • 1890 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1883 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1878 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Bibliography


Share: