The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი (დეკანოზი)

მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი
Date of birth:23 May, 1875
Date of death:1942  (at 66 years)
Burial location:თელავის სამოქალაქო სასაფლაო
Category:Religious leader

Biography

    მიხეილ ელიზბარაშვილი დაიბადა 1875 წელს სოფელ ვეჯინში მღვდლის ოჯახში. 

   პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიუღია, შემდეგ თელავის სასულიერო სასწავლებელში შეუყვანიათ, რომელიც 1892 წელს დაამთავრა და იმავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ სემინარიაში ოთხი კურსის განმავლობაში ერთად სწავლობდნენ მიხეილ ელიზბარაშვილი, სოსო ჯუღაშვილი და კორნელი კეკელიძე.

   1900 წელს დაოჯახდა და ცოლად შეირთო შილდელი დეკანოზის მატათა მირიანაშვილის ქალი ბარბარე (ვარო). ამავე წელს თელავის სასულიერო სასწავლებელში ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებლად დაინიშნა. ცოტა ხანში სასწავლებელთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს. 1904 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. დაჯილდოებული იყო საგვერდულითა და სკუფიით.

   1910 წელს თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს, სადაც მან 12 წელი დაჰყო. 1913 წელს კამილავკა უბოძეს, ხოლო 1918 წელს ალავერდის ეპარქიის საეკლესიო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს და დეკანოზის წოდება მიანიჭეს.

   1921 წელს დეკანოზი მიხეილი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის III საეკლესიო კრებას ესწრებოდა.

    1923 წელს თავი დაანება მასწავლებლობას, ხოლო 1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და ღვთისმსახურება შეეწყვიტა.

   დეკანოზ მიხეილის სამგალობლო მოღვაწეობა მხოლოდ მასწავლებლობით არ შემოიფარგლებოდა. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება მისი ხელნაწერი ნოტების კრებული – "კარბელაანთ კილო". მას ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში სწავლისას დაუწყია ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა. ასეთებია: "ალილო", კახური კილოს "მეტივური", "ველისციხური ყურძენი". გარდა ამისა იგი პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1903 წელს გაზეთ "ივერიაში" (N 25) გამოქვეყნდა მისი წერილი "ცოტა რამ ქართული გალობის შესახებ სასულიერო სასწავლებელში". აღსანიშნავია მისი ნაშრომი – "აზრთა კონა", სადაც ავტორს შეკრებილი აქვს XIX საუკუნის ჟურნალ–გაზეთებში გამოქვეყნებული გამოჩენილ ადამიანთა ნააზრევი. მისი დაუღალავი მონდომებით თელავში რესტავრაცია გაუკეთდა ერეკლე მეფის სასახლის კოშკურებს, სადაც შემდგომში ბიბლიოთეკა მოეწყო.

    დეკანოზი მიხეილი გარდაიცვალა 1942 წელს და დაკრძალულია თელავის სამოქალაქო სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

Bibliography


Share: