The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი რევაზის ძე ერისთავი (გენერალ–ლეიტენანტი)

გიორგი რევაზის ძე ერისთავი
Legal name:გიორგი რომანოზის ძე ქსნის ერისთავი
Other name:ატამანი  (Changed name)
Date of birth:12 February, 1812
Date of death:5 November, 1891  (at 79 years)
Category:Public Figure, Military Person, Philanthropist

Biography

   გიორგი ერისთავი დაიბადა 1812 წელს რომანოზ ქსნის ერისთავისა და ანასტასია ბატონიშვილის  (ერეკლე II ქალიშვილი) ოჯახში. განათლება თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიიღო, ხოლო შემდეგ პეტერბურგში პაჟთა და იუნკერთა სკოლა დაამთავრა. 1829 წელს დედის, ანასტასია ბატონიშვილის შუამდგომლობით, გვარდიაში ჩაირიცხა და 1831 წელს პოლონეთის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

   1832 წელს მონაწილეობა მიიღო ცნობილ შეთქმულებაში და არხანგელსკის გარნიზორის მოდარაჯეთა ჯარის ერთ-ერთ ბატალიონში გადაიყვანეს და სამი წელი იმყოფებოდა გადასახლებაში.

   1840 წლიდან გიორგი ერისთავი მსახურობდა კავკასიაში და მონაწილეობდა სხვადასხვა ომებში. 1842 წელს მთიელთა ხაზის კაზაკთა სარდლად დაინიშნა, 1849 წელს – ცენტრალური ხაზის უფროსად და სრულიად ახალგაზრდამ, 38 წლის ასაკში, გენერლობა მიიღო.1852 წელს იგი კავკასიის ხაზის კაზაკთა ჯარის ატამანად დაინიშნა, ხოლო 1855 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადადგა თანამდებობიდან და თბილისში დაბრუნდა.

   1855 წელს, გამოჯანმრთელების შემდეგ, გიორგი ერისთავი გენერალ-ადიუტანტის ხარისხში აიყვანეს და 1858 წელს ქუთაისის გენერალ-გუბარნატორად და მხარის ჯარების სარდლად დანიშნეს. 1861-1862 წლებში კავკასიის მეფისნაცვალთან მსახურონდა, ხოლო შემდეგ კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლად განამწესეს და ცხოვრობდა გორში. 1871 წელს რუსეთის არმიის კავალერიის გენერლობა უბოძეს.

   1878 წელს გიორგი ერისთავის ინიციატივითა "ღარიბ მოწაფეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება" დაარსდა, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად გახლდათ. მან პირველმა განიზრახა,  სწავლა-განათლებასა და ნივთიერად ჩამორჩენილ სამშობლოს აღორძინების მიზნით, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის დაარსება, რომელიც კონსტანტინე მამაცაშვილთან ერთად აღასრულა კიდეც. დიმიტრი ბაქრაძეს ვახუშტის ისტორიის გამოცემა ურჩია, რისთვისაც დიდი თანხაც გადასცა. 1889 წელს, ასევე მისივე დაფინანსებით გამოიცა დიმიტრი ბაქრაძის „ისტორია საქართველოსი“. გიორგი ერისთავმა, ოძისში თავისი მამაპაპისეული მამული, თავის ერთადერთ შვილს უანდერძა: ეს ჩვენი მამაპაპეული მამული საზოგადოებას გადაეცი იმ პირობით, რომ აქ სამეურნეო სასწავლებელი დაფუძნდეს ან ფერმა გაიმართოს, რათა ჩვენმა თანამემამულეებმა ისწავლონ მეურნეობა, მამულის მოვლა, შეიგნონ მამულის ყადრი და შეიყვარონო. ეს ანდერძი მისმა შვილმა ზაქარიამ შეასრულა და მამული თავადაზნაურობას გადასცა სამეურნეო სკოლის გასამართავად.

   გიორგი ერისთავი ცნობილი იყო, როგორც ქსნის ხეობის „კეთილი სული, ხეობის მამა, ქვრივ-ოხერთა და ობოლთ შემნახველი, ჩვენი კეთილის მსურველი, სულის ჩამდგმელი...“. მან ქსნის ხეობაში, სოფელ მონასტერში არსებული ღვთისმშობლის ეკლესია აღადგინა. მისი მეცადინეობითა და მეთაურობით ახალგორში დაარსდა სახალხო სასწავლებელი და მისი წყალობით, თითქმის მთლად სოფელ ოძისის გლეხობამ უსასყიდლოდ შეიძინა ნადელები, სახლ-კარის ადგილები... მისი მოწყალებით აღიზარდა რამდენიმე ახალგაზრდა.

   გიორგი ერისთავის მეუღლე გახლდათ ანა ივანეს ასული დოლგორუკი-არღუთინსკი და ჰყავდა ერთი ვაჟი ზაქარია.

   გიორგი ერისთავი გარდაიცვალა 1891 წლის 5 ნოემბერს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Awards and Honors

  • 1883 - წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • 1852 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1851 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1850 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1842 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1840 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ერმოლოვის ქუჩა

Share: