The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ (კოლა) დავითის ძე ერისთავი (ქსნის ერისთავი)

ნიკოლოზ (კოლა) დავითის ძე ერისთავი
სხვა სახელი:ნ. ტყვიაველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1865
გარდაცვ. თარიღი:19 ივლისი, 1933  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის ახალი სასაფლაო
კატეგორია:მსახიობი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ნიკოლოზ (კოლა) ერისთავი დაიბადა 1865 წლის 12 მარტს, დუშეთის მაზრის სოფელ ახალგორში. კოლა ქსნის ერისთავთა რეზიდენციის ბოლო მეკვიდრე იყო. მამა მთელს ქსნის ხეობაში განთქმული შეძლებული მემამულე გახლდათ და „დიდ დავითს“ ეძახდნენ სიმდიდრის, მძლავრი, მტკიცე და მძიმე ხასიათის გამო. მისი სიკვდილის შემდეგ ოჯახმა დიდი ნგრევა განიცადა, როგორც მატერიალური, ისევე ტრადიციების თვალსაზრისით. ქალები არათავადებს, არაქართველებს მისთხოვდნენ, ვაჟებმა თავი დაანებეს  დარჩენილ მამულს და სამსახურში წავიდნენ, რათა ოჯახები შეენახათ, ვინაიდან მთელი ქონება ვაჭრების ხელში აღმოჩნდა. კოლა ერისთავი, ასე იცნობდა მას ქართული საზოგადოება, 8 წლამდე სოფელში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ თბილისში გადავიდნენ.

   1874 წლიდან იგი თბილისის რეალურ სასწავლებელში სწავლობდა. ამ პერიოდში ხშირად სტუმრობდა თავისი ნათესავის, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის ოჯახს, რომელსაც ძალიან მოსწონდა ბავშვის დეკლამაცია და ადრეულ ასაკში სცენაზე გამოიყვანა. კოლა ხშირად ესწრებოდა დავით ერისთავის მიერ მოწყობილ რეპეტიციებს გაზეთ „Кавказ”-ის რედაქციაში და პატარ-პატარა როლებსაც ასრულებდა. დავით ერისთავი ლექსების კითხვას ასწავლიდა. სცენის სიყვარული მას ბოლომდე შერჩა და სადაც კი მსახურობდა, ყველგან ცდილობდა აეშენებინა თეატრი, მოეწყო სპექტაკლები და ლიტრერატურული საღამოები. 15 წელიწადი თბილისში დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ მსახურობდა.

   1882-1883 წლებში კოლა ერისთავი უკვე მოზრდილ როლებს ასრულებდა. თავი ისახელა როგორც საუკეთესო დეკლამატორმა, რის გამოც ილია ჭავჭავაძემ საკუთარი თხზულება აჩუქა თავისივე წარწერით: „სხვისა სიტყვა შენგან თქმული, კეთდება და უფრო შვენის“. არ არსებობდა ისეთი საქველმოქმედი საღამო, რომელშიც ერისთავს მონაწილეობა არ მიეღო, როგორც ლექსების მკითხველს. კოლა ერისთავი ხელს უწყობდა ქართველი მგოსნების ნაწარმოებთა ხალხში გავრცელებას, ხალხის გათვითცნობიერებას, ეროვნულ-მამულიშვილურ გრძნობის გაღვიძებას და მაღალმხატვრული გემოვნების განვითარებას.  მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ილია ხშირად იწვევდა კოლას. უყვარდა მასთან საუბარი და ბანქოს თამაშიც. იგი მუდმივი სტუმარი ყოფილა საგურამოში ილიაობის აღსანიშნავად გამართული ტრადიციული წვეულებებისა, რომელზეც, მწერლის პატივსაცემად, ქართული ინტელიგენციის რჩეული წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. ლხინს თან სდევდა „სიტყვა-თამაში, ექსპრომტები, მოსწრებული ლაპარაკი და ბოლოს კოლა ერისთავისაგან მშვენიერ კილოზე  წარმოთქმული ჩვენი პოეტების ლექსები, ილიას და აკაკის პოემები“ (სოფრომ მგალობლიშვილის მოგონებები). როცა ერისთავმა ილიას მკვლელობის შესახებ შეიტყო, მის სასოწარკვეთილებას საზღვარი არ ჰქონდა. იგი მაშინვე საგურამოში გაემგზავრა და მონაწილეობაც მიიღო ილიას დაკრძალვაში, ხოლო მამადავითზე წარმოსთქვა სიტყვა, რომელიც ილიას ლექსებით იყო შემკობილი. ნიკოლოზ ერისთავი ხშირად მართავდა ილიას საღამოებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც თავად კითხულობდა პოეტის ლექსებსა და პოემებს, რომლებიც მან ზეპირად იცოდა.

   1885 წელს სანდრო ნებიერიძემ, რომელიც ხალხისთვის იაფფასიან წარმოდგენებს მართავდა, კოლა დასში მიიწვია. მალე თავად კოლამ,თუმანოვის ქუჩაზე გორობცოვების სახლში, დაიქირავა დიდი დარბაზი, მოაწყო სცენა და „მოყვარეთა დასი“ შეადგინა. დასი იაფფასიან წარმოდგენებს მართავდა და მასში გიმნაზიის მოწაფეები ეწერებოდნენ. ხანდახან არტისტებსაც იწვევდნენ, მაგალითად მაკო საფაროვა-აბაშიძესა და ვასო აბაშიძეს. რამდენიმე თვის შემდეგ“მოყვარეთა წრეს“ ადგილობრივი ბოქაული თავს დაესხა, დარბაზი გაჩხრიკა და წარმოდგენები აკრძალა. კოლა ისევ სანდრო ნებიერიძის დასში დაბრუნდა, სადაც ორი წელი დაჰყო.

   1896 წელს კოლა ერისთავი ქიზიყში, სოფელ ქვემო მაჩხაანში, ბოქაულად დანიშნეს. სკოლის გვერდით მან სათეატრო დარბაზი ააშენა და პირველი წარმოდგენა გამართა ნატო გაბუნიასა და ვასო აბაშიძის მონაწილეობით. წარმოდგენებს მართავდა სხვადსხვა სოფლებში და წარმოდგენებში თავადაც მონაწილეობდა. გარდა სათეატრო დარბაზისა მან ხელი შეუწყო კოოპერაციას, ე.წ. „დეპოს“, რომელიც დ. მაჩხანელის ინიციატივით იყო გახსნილი და ხელი მოუჭირა კერძო ვაჭრობას, რომელიც დეპოს მოსპობას ცდილობდა. ქიზიყში მოაწყო და გახსნა ორი საავადმყოფო, ერთი ქვემო მაჩხაანში, ხოლო მეორე ანაგაში. ამ საქმეს გამოეხმაურა და დიდად დაეხმარა გუბერნიის ექიმი ტიტე ქიქოძე. პირველი ექიმი იყო სანდრო დიასამიძე. ქიზიყიდან ნიკოლოზ ერისთავი სამუშაოდ ახალგორში გადავიდა. იქაც ააშენა საავადმყოფო და სკოლა, უნდოდა „დეპოც“ მოეწყო, მაგრამ ადგილობრივმა ვაჭრებმა შეუშალეს ხელი და ეს საქმე ჩაიფუშა.

   1902-1903 წლებში ერისთავი სათავადაზნაურო ბანკში დამფასებლად აირჩიეს, სადაც იგი 1912 წლამდე მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში კვლავ ეხმარებოდა ქართულ თეატრს, მის სასარგებლოდ მართავდა საღამოებს, ლექციებს და წარმოდგენებს, სადაც თვითონაც იღებდა მონაწილეობას, უკვე არა როგორც არტისტი, არამედ როგორც დეკლამატორი.

   1906 წელს თბილისის საადგილმამულო ბანკის დამფასებლად აირჩიეს, ხოლო 1907 წელს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად და ამ თანამდებობას 1919 წლამდე ასრულებდა, როგორც თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო უკანასკნელი ორი წელი, როგორც თავმჯდომარე. მისი თავმჯდომარეობის დროს მოწვეული იქნა სრულიად საქართველოს სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობა, დააარსა პირველი ქართული სასცენო სტუდია გიორგი ჯაბადარის ხელმძღვანელობით, რომელმაც გამოავლინა და აღზარდა ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ვასაძე და სხვა გამოჩენილი მსახიობები.

   1920 წელს ნიკოლოზ ერისთავი ახალგორის ბანკში სამუშაოდ მიიწვიეს. მან ახალგაზრდებისგან აქაც შეადგინა სცენის მოყვარეთა წრე, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა და ააშენა სათეატრო დარბაზიც, რომლის სასცენო ფარდა თბილისიდან მიწვეულმა მხატვარმა, ქავთარაძემ დახატა. იგი ასევე ხშირად მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს ახალგორის ერისთავთა სასახლეში. ნიკოლოზმა ახალგორში ელსადგურის მოწყობაც განიზრახა. თბილისიდან მოიწვია ინჟინრები, შეადგინეს გეგმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის მთავრობას წარუდგინა. გეგმა მოიწონეს, მაგრამ განხორციელდა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ.

   ნიკოლოზ ერისთავი გარდაიცვალა 1933 წლის 19 ივლისს და დაკრძალულია თბილისში, ვერის ახალ სასაფლაოზე. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: