The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



რაფიელ დავითის ძე ერისთავი (თავადი)

რაფიელ დავითის ძე ერისთავი
Date of birth:21 April, 1824
Date of death:4 March, 1901  (at 76 years)
Burial location:თელავი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზო
Category:Playwright, Ethnologist, Historian, Writer, Publicist, Public Figure

Biography

    რაფიელ ერისთავი დაიბადა 1824 წელს ქართლის სოფელ ჭალაში (დედულეთში), თუმცა ბავშვობის საუკეთესო წლები  კახეთის სოფელ ქისტაურში  მამისეულ სახლში გაატარა. პოეტის დედა - ნინო ქართლელი თავადის ავთანდილ ამილახვარის ქალიშვილი იყო. თავისი არისტოკრატიული წარმომავლობიდან გამომდინარე რაფაელმა იმ დროისათვის შესაფერისი განათლება მიიღო. მამა აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა შვილის სწავლა-განათლების საქმეში. პატარა რაფიელი მამამ თელავის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანა, თუმცა იქ ქართული ენისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, შუამთის მონასტერში გადაიყვანა და იქაურ ბერებს მიაბარა. რაფიელის მასწავლებელი 1932 წლის თავადაზნაურთა შეთქმულების ერთ-ერთი თვალსაჩინო მონაწილე „აკტი გონიურისა“ და საიდუმლო ანბანის შემქმნელი ფილადელფოს კიკნაძე ყოფილა, რომელიც პატარა რაფაელს ლექსების თხზვაშიც ავარჯიშებდა.

   1833 წელს, შეთქმულების გამჟღავნების შემდეგ მოძღვრის გარეშე დარჩენილი რაფიელი მშობლებმა სასწავლებლად გორში გადაიყვანეს, ხოლო 1836 წლიდან თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში გააგრძელა სწავლა, რომელიც 1845 წელს დაამთავრა.

     რაფიელ ერისთავმა უსახსრობის გამო  სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა და 1847 წელს თუშ-ფშავ-ხევსურეთში თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. 1849  წელს რაფიელი ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში სამუშაოდ გადაიყვანეს, სადაც 1851  წელს მაგიდის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა.

   რაფიელ ერისთავი გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში.  მისი ლიტერატურული ურთიერთობა ქართველოლოგ აკადემიკოს მარი ბროსესთან ჯერ კიდევ მწერლის სიჭაბუკის წლებში, ქართული კულტურის სიყვარულით იყო შთაგონებული. მარი ბროსესა და რაფიელის მიმოწერა მეტად საინტერესოა მე-19 საუკუნის 50-იანი წლების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქართველოს კულტურული ვითარების შესწავლის თვალსაზრისით.

    1852 წლის „ცისკარის“ მე-7 ნომერში ახალგაზრდა პოეტის პირველი ლექსები დაიბეჭდა. იგი  აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“. გაზეთის ფურცლებზე იბეჭდებოდა მისი მიმოხილვები და ეთნოგრაფიულ-ისტორიული წერილები.

   1855 წელს რაფიელ ერისთავი განსაკუთრებულ დავალებათა უფროს მოხელედ ქუთაისში გადაიყვანეს. 1857-1867 წლებში გახლდათ ზუგდიდის მაზრის უფროსი და სამეგრელოში საგლეხო რეფორმის გატარებას ხელმძღვანელობდა. თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობა და იმერეთის შთაბეჭდილებანი რაფიელ  ერისთავმა აღწერა სტატიების სერიაში „წერილები იმერეთიდან“, რომელიც 1857 წელს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა.

     1899-1896 წლებში რაფიელ  ერისთავი კვლავ სახელმწიფო სამსახურში იმყოფება და კავკასიის საცენზურო კომიტეტში ცენზორის თანამდებობაზე მუშაობს.

   1896 წელს პოეტმა დაასრულა თავისი შრომა სვანეთის შესახებ და გაზეთ „Новое обозрение“-ში დაბეჭდა. იმავე წელს რაფიელ ერისთავმა სახელმწიფო  სამსახურს თავი დაანება  და ცხოვრების უკანასკნელი წლები თავის მშობლიურ კუთხეში გაატარა. მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, რაფიელ ერისთავი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე  შემოქმედებითს მუშაობას განაგრძობდა. ბოლო პერიოდში ოპერის („ნუგზარ“) ლიბრეტოზე მუშაობდა, რომელიც სამწუხაროდ დაუმთავრებელი დარჩა.

   1895 წლის ოქტომბერში დიდი ზეიმით გადაიხადეს რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. 1899  წლიდან პოეტი ხშირად ავადმყოფობდა. 1901  წლის იანვარში მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა  გაუარესდა და 4 მარტს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    რაფიელ ერისთავის სამგლოვიარო პროცესიას ზღვა ხალხი მიაცილებდა. თავდაპირველად მისი ცხედარი თელავიდან სოფელ ქისტაურში წაასვენეს და მშობლიურ მიწას მიაბარეს.  პროცესიას წინ მიუძღოდნენ  ძაძებით მორთული ხევსური ცხენოსნები. მთელი გზა  ღვიით, დაფნითა და სუროთი ყოფილა მოფენილი. შუამთაში, იყალთოსა და ალავერდში გამუდმებით ზარები რეკავდნენ.  

    1911 წელს რაფიელ ერისთავის საფლავი სოფელ ქისტაურში აკაკი წერეთელმა ინახულა და პანაშვიდი გადაუხადა.

   1938 წელს პოეტის ნეშტი სოფელ ქისტაურიდან თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გადაასვენეს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1892-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, კუკია

Share: