The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანასტასია გიორგის ასული ხოშტარია

ანასტასია გიორგის ასული ხოშტარია
Legal name:ანასტასია გიორგის ასული ერისთავი
Date of birth:15 February, 1868
Date of death:1 May, 1951  (at 83 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Writer, Public Figure

Biography

    ანასტასია ერისთავი დაიბადა 1868 წლის 3 თებერვალს (ძვ.სტ.) ქალაქ გორში.  მწერლის დედა, ელისაბედ ზაალის ასული ბაგრატიონ-დავითაშვილი ქართლის სამეფო გვარის ნათესავი იყო, მამა - გიორგი დიმიტრის ძე ერისთავი კი თავისი დროის ცნობილი პიროვნება.

    ანასტასია ერისთავი-ხოშტარია საკუთარ ბავშვობაზე საუბრისას განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას ერთ ეპიზოდზე, რომელმაც განსაზღვრა მისი მომავალი. იგი ტყუპისცალი ყოფილა და დაბადებულა ძალიან სუსტი. ყველას ეგონა  ვერ გადარჩებოდა... გადაწყდა ბავშვის სასწრაფოდ მონათვლა. მემამულეებს ნათლობისაგან თავი შეუკავებიათ. ანასტასიას მონათვლა ისურვა  გლეხმა, გიორგი ცუცქირიძემ და ოჯახისგანაც თანხმობა მიღო. შემდგომში სწორედ ამ ფაქტმა შეუშალა ხელი ანასტასიას განათლება მიეღო  იმ დროს თბილისში განთქმულ ეგრეთ წოდებულ  “დევიჩი ინსტიტუტში“, სადაც იზრდებოდნენ არისტოკრატთა ქალიშვილები. გლეხის ნათლულობა გამხდარა დაბრკოლება სასწავლებელში მიღებისთვის.

     პატარა ტასო  ზემო ქართლის სოფელ ფცაში იზრდებოდა, სადაც მისი პაპა და დიდედა - ზაალ და ეკატერინე ბაგრატიონ-დავითაშვილები ცხოვრობდნენ. ზაალი დიდად აფასებდა სწავლას და ანასტასიასაც კარგი განათლება მისცა. „დევიჩი ინსტიტუტიდან“ მიღებული უარის შემდეგ  ანასტასია მიაბარეს  1881 წელს გორში გახსნილ ქალთა პროგიმნაზიაში. ტასო ამ დროს  თითქმის 14 წლისა იყო. ­ამ სასაწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ცნობილი  მოღვაწე და ხალხოსანი მიხეილ ყიფიანი. მისი გადასახლების შემდეგ კი მისი ადგილი დაიკავა ნიკო ლომოურმა. სწორედ ნიკო ლომოურმა წააქეზა ანასტატია წერა დაეწყო.

    პროგიმნაზიის დამთავრების შემდეგ ანასტასია დაბრუნდა ფცაში, სადაც დაარსა უფასო სკოლა გლეხების ბავშვებისათვის. თავის ავტობიოგრაფიაში მწერალი ქალი წერს: სასწავლებლიდან დაბრუნების შემდეგ მე უფრო ნათლად დავინახე, რა უმეცრებაში და გაჭირვებაში იმყოფება სოფელი, და გავიზრახე, რაც შევისწავლე, გადამეცა ადგილობრივი ახალგზარდებისთვის“.  

    ანასტასია  ერისთავის სამწერლობო ასპარეზზე გამოსვლა უკავშირდება აკაკი წერეთლის სახელს. ახალგაზრდა მწერალი ცნობილ პოეტს 1887 წელს თბილისში,  ხოლო შემდეგ 1893 წელს ფცაში სტუმრობისას შეხვედრია. ეს შეხვედრა ტასოს ბედის განმსაზღვრელი გამოდგა. აკაკიმ მოიწონა ანასტასიას მიერ მომზადებული ბავშვების ცოდნა და შეაქო მათი მასწავლებელი. აკაკის იმავე ღამეს წაუკითხავას მისი მოთხრობა “ბატონებმა დაიწუნეს“ და ძლიერ მოსწონებია. მეორე დღეს მგოსანს შეუქია პროზაიკოსი და  უთქვამს: „მოსალოცი ხარ ტასო...  მოთხრობებისთვის კალამი გემარჯვება. განსაკუთრებით მომწონს შენი ქართული წერით შეფერადებული და შედარებით შემსუბუქებული  ენა. გადავწყვიტე თბილისში წავიღო და „ კვალში”  დავაბეჭდინო ანასტასია თუმანიშვილს“. ასე დაულოცა აკაკიმ მწერალ ქალს შემოქმედებითი გზა. მართალაც 1893 წელს აკაკის წარდგინებით ეს მოთხრობა „კვალში“ გამოქვეყნდა.

    ანასტასიას ლიტერატურული დებიუტი შედგა 1885 წელს, როდესაც ჟურნალ „ნობათში“ გამოქვეყნდა ანასტასია ერისთავის მიერ რუსულიდან ნათარგმნი ოსური ლეგენდა „ბესო“. შემდეგ ამას  მოყვა საკუთარი  თხზულებები: “პატარა ნუცას სახსოვარი“, „ ბატონებმა დაიწუნეს“, „ლაზარემ გადააჭარბა“, ხოლო 1896 წელს ჟურნალ „მოამბეში” დაიწყო რომანის – „მოლიპულ გზაზე” ბეჭდვა. ამ რომანს დიდი გამოხმაურება მოყვა.

    1897 წელს ანასტასია  ერისთავი ცოლად გაყვა  დუტუ მეგრელს (დიმიტრი თომას ძე ხოშტარია). მომავალი მეუღლე მან ქართლში გაიცნო,  გამორჩეული თავადის ნიკო დიასამიძის ოჯახში.  ჯვარი მეჯვრისხევში დაიწერეს და საცხოვრებლად თბილისში გაემგზავრნენ, სადაც დუტუ მსახურობდა. ერთი წლის შემდეგ ერევანში გადასახლდნენ. სწორედ აქ დაწერა ანასტასიამ თავისი მეორე რომანი „ ბედის ტრიალი“. მეუღლესთან ერთად იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა ხან ერევანში, ხან კი ყარსსა და ნახიჩევანში.

     1910 წელს მწერალი დაბრუნდა მშობლიურ გორში, სადაც 1913 წელს დააარსა  ქალთა საზოგადოება “მანდილოსანი“, რომელსაც კეთილშობილური პროგრამა ჰქონდა. იგი მიზნად ისახავდა  დახმარებოდა გაჭირვებულ ქალებს ზნეობრივადაც და ქონებრივადაც, მოეწყო საგანმანათლებლო ხასიათის დაწესებულებები, გაეხსნა სახელოსნოები და ა.შ. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს საზოგადოება მოგვიანებით გაუქმდა.

    მე-19  საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ანასატასია ერისთავი–ხოშტარიას რომანები „მოლიპულ გზაზე“ და “ბედის ტრიალი“, რამაც  როგორც ამბობენ,  ამოავსო ქართული რომანისტიკის ისტორიაში არსებული სიცარიელე. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია იყო პირველი ქართველი მწერალი ქალი, რომელმაც ყურადღება ქალების პრობლემებზე გაამახვილა. მისი ნოველები და მოკლე ისტორიები აღწერენ ქართველი აზნაური ქალების ცხოვრებას XIX საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ხდებოდა ძველი ფასეულობების ცვლილება და ახალი ეკონომიკურ-მორალური წესრიგის ჩამოყალიბება.

   1921 წლის საბთოთა ოკუპაციის შემდეგ, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია წავიდა მწერლობიდან და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების "პოლიტიკურად კორექტულ" შესავლებს წერდა. სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა  მისი ნაწარმოებები ხან პრესაში,  ხან ცალკეულ წიგნად და ხან კრებულად. 1952-1961 წლებში გამოვიდა მწერლის სრული სამტომეული კრებული.

    ანასტასია ღრმად მოხუცებული და დაფასებული გარდაიცვალა 1951 წელს და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

    1983 წლის 21 იანვრიდან მწერლის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და 400–მდე საარქივო საქმეს შეიცავს:  ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა, მისადმი მიძღვნილი ლექსები და სტატიები, მიმოწერა, ფოტოები და ა.შ.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1913-1914)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1907-)

Bibliography


Share: