The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი

ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი
Other name:გიშერა  (Pseudonym)
დორელი  (Pseudonym)
მანიჟაშვილი  (Pseudonym)
რკინელი  (Pseudonym)
Date of birth:3 November, 1882
Date of death:1938  (at 55 years)
Burial location:უცნობია (სავარაუდოდ დახვრეტილი)
Category:Engineer, Maecenas, Manufacturer, Politician, Publicist, Public Figure

Biography

   ისიდორე ვარაზაშვილი დაიბადა 1882 წელს რაჭის მაზრის სოფელ მუხლში თბილისის მეპურეთა ჰამქრის უსტაბაშის სოფრომ ვარაზაშვილის ოჯახში.

   ისიდორე ვარაზაშვილმა თბილისში დაამთავრა მამადავითის პირველდაწყებითი სასწავლებელი, 1897 წელს ნიკოლოზის სახელობის თბილისის სამოქალაქო სასწავლებელი, 1898 წელს დაამთავრა მანუილიანცის საბუღალტრო კურსები და იმავე წელს ჩააბარა თბილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაზე, ხოლო შემდეგ ჭიათურაში გადაიყვანეს, სადაც მუშაობდა სადგურის უფროსის თანაშემწედ ტექნიკურ ნაწილში.

   1903 წლიდან ისიდორემ დაიწყო თეატრალური მოღვაწეობა და გახლდათ ვალერიან გუნიას ქართული დასის წევრი. ამავე წლიდან იგი ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში და სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი გახდა. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1906 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლე, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ოსეცკის შუამდგომლობით და ჭიათურაში გააგრძელა მუშაობა, მაგრამ პოლიციის თვალთვალის გამო მალევე დატოვა აქაურობა და 1907 წლიდან ულუხანლუ-ჯულფის რკინიგზის მშენებლობაზე გადავიდა სამუშაოდ.

   1909 წლიდან ისიდორე ვარაზაშვილს ჭიათურის მანგანუმის მრეწველთა საბჭოში საბაგირო გზების მმართველობა ჩააბარეს. აღსანიშნავია, რომ ისიდორე ვარაზაშვილის თაოსნობით და "ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოების" სახსრებით, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, აკაკი წერეთლის ძეგლი დაიდგა.

1914-1916 წლებში ისიდორე ვარაზაშვილი ბაქო-ჯულფის და სარიყამიშ-ერზერუმის რკინიგზების მშენებლობაზე მუშაობდა. 1917  წელს ეროვნულ საკითხებში უთანხმოების გამო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია დატოვა და შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას. სარიყამიშში დააარსა პარტიის სამხედრო ორგანიზაცია ქართველთა შორის, რომლის თავმჯდომარე თავად გახლდათ რუსეთ-თურქეთის ფრონტის დაშლამდე.

   1919 წლიდან ისიდორე ვარაზაშვილი, მისი ოჯახის წევრებთან და სხვა მრეწველებთან ერთად  დაარსებული ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა სააქციო საზოგადოების „ჩემოს“ ჯერ წევრი, ხოლო შემდეგ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. პარალელურად ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გახლდათ.

   1922 წელს ისიდორე ვარაზაშვილი ძმასთან, ივანესთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში, სადაც კომერციული საქმიანობის გარდა, თანამშრომლობდა "რუსთაველის საზოგადოებასთან". 1926 წელს ისიდორე სამშობლოში დაბრუნდა და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად  საპაიო-საგამომცემლო  საზოგადოება "ქართული წიგნი" დააფუძნა, სადაც ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული გამოიცა, დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის ლექსთა კრებულები, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ თარგმნილი უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებები.

   მე-20 საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (ნეპი) დასრულების შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ ჰარიმანის კომპანიისათვის ჭიათურის მანგანუმის საბადოს ჩამორთმევა გადაწყვიტა და ისიდორე ვარაზაშვილი ჭიათურის მანგანუმის შავი ქვის მრეწველთა საზოგადოების სალიკვიდაციო საბჭოს კონსულტანტად დაინიშნა.

   1930 წელს ისიდორე ვარაზაშვილი საქართველოში სამონტაჟო-სამშენებლო ტრესტს ხელმძღვანელობდა. მიუხედავად დიდი დამსახურებისა, იგი პოლიტიკურმა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

   ვარაზაშვილი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი 1913 წლიდან, ჭიათურის ქართული დრამატული საზოგადოების წევრი, სამეცნიერო და ლიტერატურული საზოგადოების გამგეობის საპატიო თავმჯდომარე, ქართველ მხატვართა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე. 

   1936 წელს ისიდორე ვარაზაშვილი დააპატიმრეს და ვერხნეურალსკის პოლიტიზოლატორში გადაასახლეს. იგი გარდაიცვალა 1938 წელს ციმბირში, დაბა ურალსკში. სავარაუდოდ დახვრიტეს და ამდენად მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. მამის ბედი მისმა ვაჟმა სოფრომმაც გაიზიარა, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა და რომელიც 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. 

   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცულია მანგანუმის მრეწველის, საზოგადო მოღვაწის, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ისიდორე ვარაზაშვილის პირადი ფონდი, რომელიც ცენტრალურ არქივს 1967 წელს მისი ოჯახის წევრებმა გადასცეს და რომელშიც სხვა დოკუმენტებთან ერთად დაცულია მისი და მისი მეუღლის, ვერა წერეთლის პირადი წერილები, სტატიები ,,ჩვენი სახალხო თეატრის მნიშვნელობა წარსულში და მომავალში”. აქვეა გამოუქვეყნებელი ნაშრომი, 1907 წელს დაწერილი „კაცობრიობის მიზანი“, რომელიც ხელნაწერის სახით არის შემორჩენილი და კაპიტალიზმის ეკონომიკურ სიკეთეს შეეხება. 

   ისიდორე ვარაზაშვილის პირად არქივში, ასევე დაცულია ცნობა 1960-იან წლებში მისი რეაბილიტაციის შესახებ.

Member of Organizations

  • სამეცნიერო და ლიტერატურული საზოგადოების გამგეობა, საპატიო თავმჯდომარე
  • საპაიო-საგამომცემლო საზოგადოება "ქართული წიგნი", დამაარსებელი
  • ქართველ მხატვართა საზოგადოება, საპატიო თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)
  • ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა სააქციო საზოგადოება „ჩემო", თავმჯდომარე (1919-)
  • ჭიათურის ქართული დრამატული საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: