Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა![]()
Biographyიპოლიტე ვართაგავა დაიბადა 1872 წლის 30 იანვარს (ძვ. სტ.) ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეთაში. 1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა ყაზანის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1899 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. 1899-1907 წლებში ყოფილი ტავრიდის გუბერნიაში, ქალაქ სიმფეროპოლში სასულიერო სემინარიაში სუბინსპექტორად და ღვთისმსახურების საფუძვლებისა და საეკლესიო ისტორიის მასწავლებლად მსახურობდა. 1907 წელს იპოლიტე სამშობლოში დაბრუნდა და 1907-1918 წლების განმავლობაში თბილისის სასულიერო სემინარიაში რუსულ ლიტერატურის ისტორიასა და სიტყვიერებას ასწავლიდა. იპოლიტე ვართაგავას ცოლად ჰყავდა ცნობილი ქუთაისელი საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე აბდუშელიშვილის ქალიშვილი ანეტა, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი - ირაკლი, გოგი და თინა ვართაგავები. 1921 წლიდან იპოლიტე ვართაგავ ჭიათურის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. სხვადასხვა წლებში პედაგოგად მუშაობდა მე-8 გიმნაზიაში, მე-14 ტექნიკუმში, შემდეგ ჭიათურის ცხრაწლედის გამგედ და სოფელ ხეთის ცხრაწლედის გამგედ. 1927-1928 წლებში იპოლიტე ვართაგავა ფინსახკომის გამგეობაში არსებული უმაღლესი ეკონომიურ-ფინანსურ კურსების სასწავლო ნაწილის გამგე იყო, ხოლო 1930 წელს იგი მიიწვიეს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში სტილის კორექტორად და ამავე წელს საქართველოს ცაკის საორგანიზაციო განყოფილების საინფორმაციო სექტორის გამგედ გადაიყვანეს. 1931-1932 წლებში მუშაობდა ჟურნალ „რელიგიის წინააღმდეგ“-ის მდივნად და ცენტრალური საბჭოს გამოცემათა რედაქტორად. იპოლიტე ვართაგავა გახლდათ ჟურნალების: „ერი“, „საქართველოს მოამბე“, „ცხოვრება და ხელოვნება“ კრიტიკისა და ბიბლიოგრაფიის რედაქტორი. 1936 წელს ქალაქ სოხუმში მესამე სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს, ხოლო 1937-1958 წლებში ქალაქ გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექტორად მუშაობდა. ამავე პერიოდში გორის I და IV საშუალო სკოლებში ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა და პარალელურად ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა. პოლიტე ვართაგავა ავტორია უამრავი პუბლიცისტური, ,კრიტიკული, მეცნიერული ხასიათის სტატიებისა და წიგნებისა: ‘აღდგომის დღესასწაულის წარმოშობა და მისი წესები“, „აღმოსავლეთის რელიგიების ისტორია“, „მაქსიმ გორკი“, „რას წარმოადგენს რელიგია თანამედროვე კაპიტალისტურ ქვეყნებში?“, „ ხელოვნება ანტირელიგიურ კამპანიისათვის“, „დავით კლდიაშვილი“ და სხვა. 1931-1932 წლებში იპოლიტე ვართაგავამ თარგმნა ანტირელიგიური ხასიათის წიგნები: ს. ურსინოვიჩის „ქრისტიანობის წარმოშობა“, ნ. რუმიანცევის „ ქრისტეს აღდგომა და მისი მნიშვნელობა“ და ფ კოვალიოვის „ რელიგიური დღესასწაულების კალენდარი“. დაწერილი ჰქონდა მონოგრაფიები: „შევჩენკოს ცხოვრება და შემოქმედება“, და „ლერმონტოვი, როგორც ნაციონალური პოეტი“. აღსანიშნავია მისი ვრცელი მოგონება საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ, რომლის მონაწილეც ის თავად გახლდათ. იპოლიტე ვართაგავა გარდაიცვალა 1967 წლის 6 იანვარს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |