The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა

იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა
Other name:ნეზდეშნი  (Pseudonym)
სალგირ  (Pseudonym)
Date of birth:30 January, 1872
Date of death:6 January, 1967  (at 94 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Critic, Interpreter, Writer, Educator, Publicist

Biography

     იპოლიტე ვართაგავა დაიბადა 1872 წლის 30 იანვარს (ძვ. სტ.) ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეთაში.

    1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა ყაზანის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1899 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა.

     1899-1907 წლებში ყოფილი ტავრიდის გუბერნიაში, ქალაქ სიმფეროპოლში სასულიერო სემინარიაში სუბინსპექტორად და ღვთისმსახურების საფუძვლებისა და საეკლესიო ისტორიის მასწავლებლად  მსახურობდა. 1907 წელს იპოლიტე სამშობლოში დაბრუნდა და 1907-1918 წლების განმავლობაში თბილისის სასულიერო სემინარიაში რუსულ ლიტერატურის ისტორიასა და სიტყვიერებას ასწავლიდა.

    იპოლიტე ვართაგავას ცოლად ჰყავდა ცნობილი ქუთაისელი საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე აბდუშელიშვილის ქალიშვილი ანეტა, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი - ირაკლი, გოგი და თინა ვართაგავები.

    1921 წლიდან იპოლიტე ვართაგავ ჭიათურის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. სხვადასხვა წლებში პედაგოგად მუშაობდა მე-8 გიმნაზიაში, მე-14 ტექნიკუმში, შემდეგ ჭიათურის ცხრაწლედის გამგედ და სოფელ ხეთის ცხრაწლედის გამგედ.

    1927-1928 წლებში იპოლიტე ვართაგავა ფინსახკომის გამგეობაში არსებული უმაღლესი ეკონომიურ-ფინანსურ კურსების სასწავლო ნაწილის გამგე იყო, ხოლო 1930 წელს იგი მიიწვიეს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში სტილის კორექტორად და ამავე წელს საქართველოს ცაკის საორგანიზაციო განყოფილების საინფორმაციო სექტორის გამგედ გადაიყვანეს.

    1931-1932 წლებში მუშაობდა ჟურნალ „რელიგიის წინააღმდეგ“-ის მდივნად და ცენტრალური საბჭოს გამოცემათა რედაქტორად.

   იპოლიტე ვართაგავა გახლდათ ჟურნალების: „ერი“, „საქართველოს მოამბე“, „ცხოვრება და ხელოვნება“ კრიტიკისა და ბიბლიოგრაფიის რედაქტორი.

    1936 წელს ქალაქ სოხუმში მესამე სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს, ხოლო 1937-1958 წლებში ქალაქ  გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექტორად მუშაობდა. ამავე პერიოდში გორის I და IV საშუალო სკოლებში ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა და პარალელურად ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა.

     პოლიტე ვართაგავა ავტორია უამრავი  პუბლიცისტური, ,კრიტიკული, მეცნიერული ხასიათის სტატიებისა და წიგნებისა: ‘აღდგომის დღესასწაულის წარმოშობა და მისი წესები“, „აღმოსავლეთის რელიგიების ისტორია“, „მაქსიმ გორკი“, „რას წარმოადგენს რელიგია თანამედროვე კაპიტალისტურ ქვეყნებში?“, „ ხელოვნება ანტირელიგიურ კამპანიისათვის“, „დავით კლდიაშვილი“ და სხვა. 

    1931-1932 წლებში იპოლიტე ვართაგავამ თარგმნა ანტირელიგიური ხასიათის წიგნები: ს. ურსინოვიჩის „ქრისტიანობის წარმოშობა“, ნ. რუმიანცევის „ ქრისტეს აღდგომა და მისი მნიშვნელობა“ და ფ კოვალიოვის „ რელიგიური დღესასწაულების კალენდარი“. დაწერილი ჰქონდა მონოგრაფიები: „შევჩენკოს ცხოვრება და შემოქმედება“, და „ლერმონტოვი, როგორც ნაციონალური პოეტი“. აღსანიშნავია მისი  ვრცელი მოგონება საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ, რომლის მონაწილეც ის თავად გახლდათ.

    იპოლიტე ვართაგავა გარდაიცვალა 1967 წლის 6 იანვარს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • აღმოსავლეთ საქართველოს საშუალო სკოლების მასწავლებელთა კავშირი, თავმჯდომარე
  • მებრძოლ უღმერთოთა საზოგადოების ცენტრალური საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს მწერალთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • სრულიად საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • სსრკ მწერალთა კავშირი, წევრი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, წევრი ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოების გამგეობა, წევრი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების საბჭო, წევრი ჭიათურის მასწავლებელთა ადგილკომი, თავმჯდომარე ჭიათურის რაიონის განათლების მუშაკთა კავშირის სარევიზიო კომისია, თავმჯდომარე, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების საბჭო, წევრი
  • ჭიათურის მასწავლებელთა ადგილკომი, თავმჯდომარე
  • ჭიათურის რაიონის განათლების მუშაკთა კავშირის სარევიზიო კომისია, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • 1915 - სტატსკი სოვეტნიკის ჩინი
  • 1913 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1912 - კოლეჟსკი სოვეტნიკის ჩინი
  • 1910 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1906 - ნადვორნი სოვეტნიკის ჩინი
  • 1905 - კოლეჟსკი ასსესორის ჩინი
  • 1904 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: