The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ბესარიონ იაკობის ძე ვაშაძე (დეკანოზი)

ბესარიონ იაკობის ძე ვაშაძე
Date of birth:1869
Date of death:28 November, 1937  (at 68 years)
Burial location:უცნობია
Category:Religious leader

Biography

   ბესარიონ ვაშაძე დაიბადა 1869 წელს ჭიათურაში აზნაურის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო და შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად ფოთის ოთხკლასიან სასწავლებელში მიაბარეს. თავმდაბალი და განათლებული ბესარიონი ადრეულ ასაკშივე შეამჩნია იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა და მამამისს დაჟინებით მოსთხოვა სასულიერო ხაზით გაეგრძელებინა მოღვაწეობა, თუმცა მაშინ ეს არ მოხერხდა.

   1892 წელს, მეუფე გაბრიელის ლოცვა–კურთხევით ბესარიონი სოფელ სიმონეთის სკოლის პედაგოგად დაინიშნა, ხოლო 1893 წელს მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ელენეს თაოსნობით მონასტერთან დაარსებული სამრევლო–საეკლესიო სკოლის ხელმძღვანელობა დაეკისრა. მრავალი წლის განმავლობაში იგი დაუღალავად იღწვოდა იმერეთში სწავლა–განათლების გაძლიერებისთვის, არ იშურებდა ცოდნასა და გამოცდილებას, რათა მოსახლეობაში ჩაენერგა წიგნისადმი სიყვარული. ბესარიონი აქტიურად თანამშრომლობდა იმ პერიოდის ჟურნალ–გაზეთებში.

   1902 წელს ბესარიონს სამღვდელო მსახურებისკენ მოუწოდეს და გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. ამავე წელს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და დილიკაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. მამა ბესარიონი დიდად ზრუნავდა თავისი მრევლის სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

    1906 წელს ეპისკოპოსმა ლეონიდემ მამა ბესარიონი ზედა რგანის წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა და ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის 1907 წელს საგვერდულით დააჯილდოვა, 1911 წელს სკუფია უბოძა, ხოლო 1916 წელს კამილავკა და 1922 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი.

   1910 წლიდან მამა ბესარიონი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოების მუშაობაში.

   1921 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას თან მოჰყვა ეკლესიებისა და სამღვდელოების შევიწროება. მამა ბესარიონიც მრავალჯერ დადგა განსაცდელის წინაშე, თუმცა იგი მაინც ვერ გატეხეს და ვერც ანაფორა გახადეს და ვერც მღვდლობაზე ათქმევინეს უარი.

   XX საუკუნის 20–იან წლების ბოლოს ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმონმა ეკლესიაში მრავალწლიანი ღირსეული და ერთგული მოღვაწეობისათვის მამა ბესარიონს დეკანოზის წოდება მიანიჭა.

    XX საუკუნის 30–იან წლებში ხელისუფლება ყველანაირ ხერხს მიმართავდა ჯერ კიდევ ღიად შემორჩენილი ეკლესიები დაეკეტა. ანაფორის გახდა სენივით მოედო თითქმის მთელ საქართველოს ეკლესიას. ამ მძიმე წუთებშიც მამა ბესარიონი უშიშრად განაგრძობდა ბრძოლას და ცდილობდა შეძლებისდაგვარად დახმარებოდა შეშინებულ მრევლს.

       1937 წელს დეკანოზი ბესარიონი დაბეზღების მსხვერპლი გახდა, იგი დააპატიმრეს და ჭიათურის ციხეში გამოამწყვდიეს. განჩინების თანახმად მას დახვრეტა მიუსაჯეს, რაც ამავე წლის 28 ნოემბერს სისრულეში იქნა მოყვანილი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-1911)

Bibliography


Share: