The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი

გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი
Other name:გრიგოლ უმწიფარიძე (ფსევდონიმი)
Date of birth:24 January, 1860
Date of death:5 October, 1909  (at 49 years)
Burial location:ბათუმი (დაკარგულია)
Category:Critic, Interpreter, Medical Doctor, Poet, Public Figure, Publicist

Biography

     გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი დაიბადა 1860 წლის 24 იანვარს ქუთაისში, რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი პატრიოტის ოჯახში.

   გრიგოლ ვოლსკის ოჯახი, პოლონეთიდან საქართველოში, გურიაში XIX  საუკუნის 30–იან წლებში, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ჩახშობის შემდეგ, გადმოასახლეს. იგი სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა და დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო და ფილოლოგიური ფაკულტეტები. ამ პერიოდში მისი თაოსნობით მოსკოვში შედგა ქართველთა სათვისტომო ორგანიზაცია, რომელმაც თავიდანვე თვალსაჩინო ადგილი დაიკავა მოსკოველ სტუდენტობას შორის. მშობლიურ მხარესთან განშორების ჟამს ახალგაზრდა პოეტი უფრო მეტი სიძლიერით გრძნობდა სამშობლოსადმი სიყვარულს. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი "მგზავრის შენიშვნები", რომელიც ვოლსკის საქართველოსთან გამოთხოვებისას დაუწერია: "სიცილით და სიამოვნებით ვშორდები სამშობლო ჰაერს, ბუნებას ჩემზედ საზოგადოდ დიდი გავლენა აქვს, მაგრამ არასოდეს მოუხდენია ამას ისეთი ძლიერი, გულ–წარმტაცი შთაბეჭდილება, როგორც გამოთხოვებისას. ნეტავი თუ მოინახება ცის–ქვეშეთში მეორე მხარე ასე უხვად შემკობილი, როგორც ჩვენი დალოცვილი იმერეთი!". 

    სახელოვანი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის, ექიმის, დიდი ილიას თანამებრძოლისა და მეგობრის გრიგოლ ვოლსკის საქმიანობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ახლად შემოერთებულ აჭარაში გატარებული წლები, სადაც იგი 1888 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ მიავლინა. "ბედმა ბათუმში ჩამოაგდო რკინიგზაში მოსამსახურე ექიმი გრიგოლ ვოლსკი" – წერდა დავით კლდიაშვილი. 

   "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის მინდობილობითა და გრიგოლ ვოლსკის თაოსნობით 1889 წელს ბათუმში აშენდა ახალი ქართული სკოლა, რომელსაც შემდგომ თავადვე ემსახურებოდა უფასოდ, როგორც ექიმი. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის 1897 წელს ბათუმის ქალთა პროგიმნაზიის, ხოლო 1900 წელს ვაჟთა გიმნაზიის დაარსებაში, მისივე ინიციატივით 1902 წელს გაიხსნა ბათუმის პირველი საავადმყოფო, იმავე წელს გაიხსნა ბათუმის გაერთიანებული საჯარო ბიბლიოთეკა, 1908 წელს კი ბათუმის საბავშვო მუზეუმი.

    ვოლსკი თავდაუზოგავად იბრძოდა აჭარის მოსახლეობის კულტურული პროგრესისათვის. ხელმძღვანელობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აჭარის განყოფილებას. მხარს უჭერდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას, საწარმოო ძალთა განვითარებას კაპიტალისტურ საფუძველზე.

   ბათუმში მოღვაწეობის პერიოდში გრიგოლ ვოლსკი არჩეული იყო ქალაქის სათათბიროს წევრად. "ჩვენი ფარ-ხმალი ბათუმში ახლა შენ ხარ" - ამხნევებდა გიორგი წერეთელი". თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში 1888 წლის აგვისტოში ჩატარდა. დავით კლდიაშვილი და სოფრომ მგალობლიშვილი წერდნენ, რომ გამარჯვება გრიგოლ ვოლსკის დიდი დამსახურება იყო:  "....მას უკან დღემდე ბათუმს განაგებს ქართველობა.... მიზეზი ამისა იყო და არის გრიგოლ ვოლსკი" (სოფრომ მგალობლიშვილი). 

     ქალაქის თვითმმართველობაში მუშაობის პერიოდში იგი იყო რიგითი ხმოსანიც, ხაზინადარიც, გამგეობის წევრიც, ქალაქის თავის მოადგილეც. ვოლსკი მოხერხებულად იყენებდა ქალაქის თვითმმართველობის წევრის უფლებებს, რათა ხალხის სასიკეთოდ შეეცვალა სახე მაშინდელი ბათუმისთვის. მისი ინიციატივით გადაწყდა ქალაქის თვითმმართველობისთვის საკუთარი შენობის აგება.

   ხანმოკლე აღმოჩნდა ვოლსკის სამსახური ქალაქის თვითმმართველობაში. 1907 წელს ვოლსკის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. მოღვაწეობის გაგრძელება მხოლოდ 1908 წლიდან შეძლო. იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ბათუმი და თბილიში გადასულიყო, სადაც სათავადაზნაურო გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   მეტად საგულისხმოა მისი პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, ქუთაისში, თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობაში. 

   გრიგოლ ვოლსკი იყო საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი და მთარგმნელი. მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ლექსები და თარგმანები 1878 წლიდან იბეჭდებოდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. წერდა „გრიგოლ უმწიფარიძის“ ფსევდონიმით. ვოლსკის ეკუთვნის ჩეხოვისა და ანდერსენის ქართული თარგმანები, ასევე მან რუსულად თარგმნა ილია, შიო არაგვისპირელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა. მის კალამს ეკუთვნის მელიტონ ბალანჩივაძის მუსიკაზე შექმნილი, პოპულარულ რომანსად ქცეული „შენ გეტრფი მარად“. 

   გრიგოლ ვოლსკი 1909 წლის 5 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა და დაკრძალულია ბათუმში (საფლავი დაკარგულია).

      2013 წელს ქალაქ ბათუმის საკრებულომ გორგილაძის ქ. N25-ში მდებარე კორპუსის ეზოში, სადაც ადრე ეკლესია ყოფილა და სადაც სავარაუდოდ დაკრძალულია გრიგოლ ვოლსკი საინფორმაციო დაფა განათავსა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების დამხმარე წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1888-1898)

Bibliography


Share: